
შეხვედრა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური საჭიროებებისა და მათთვის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს.
აღინიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები აქტიურად სარგებლობენ სამინისტროს მოქმედი პროგრამებით და სერვისებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 7850 პირი ცხოვრობს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა.