
„სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“
ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდის“ (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხულოს რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, ხულოს მასწავლებელთა მე-5 მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ციფრული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრაცია, კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა და სკოლებისა და კლასების ეფექტური მართვის პრაქტიკის გაზიარება.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე, ბათუმის მასწავლებელთა სახლის მეთოდისტები.
კონფერენციაზე ხულოს სკოლების 36-მა პედაგოგმა სხვადასხვა საგნობრივ სექციაში საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ მოხსენებები წარადგინა. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.