18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად
By

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაკავება არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა ევროპის სამეულში შევიდეს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ამ კუთხით, ხელისუფლებაში ბევრი ცვლილება განხორციელდა.
„კონკრეტული საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ გვინდა, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად, ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც რომეო მიქაუტაძის საქმეზე კახა კალაძისა და ლევან დავითაშვილის გამოკითხვას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოძიება უკავშირდება მის საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროში.
„გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი. დეტალებზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღრმად ეძიება ასეთ საქმეებში, საქმეების ბოლომდე მიყვანაც არის სამართალდამცავი უწყებების საქმე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, 21 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *