
მხატვარ რომა ყაჭეიშვილის ნახატების გამოფენა – ბათუმის თოჯინების თეატრში
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მხატვარ რომა ყაჭეიშვილის ნახატების გამოფენა და სპექტაკლ ,,ო-ჯახის“ ჩვენება გაიმართა.
მხატვარმა დამთვალიერებელს გრაფიკულ სტილში შესრულებული 10-ზე მეტი ნამუშევარი წარმოუდგინა. რაც შეეხება სპექტაკლს, იგი რეჟისორების ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის პირველი ერთობლივი ნამუშევარი და მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება ერთფეროვანია, დაწესებული აქვთ ჩარჩოები და დოგმები. სწორედ ამ ყოფაში იბადება გოგონა, რომელსაც მათ ცხოვრებაში შემოაქვს სიცოცხლე, ფერი და არღვევს ყოველგვარ ჩარჩოს.
– ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალგაზრდა მხატვარ რომა ყაჭეიშვილის ძალიან საინტერესო გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს პროგრამა „ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრებს გამოვფენთ და ამით მათ ერთგვარ მოტივაციას ვაძლევთ. ვფიქრობ, რომა ძალიან საინტერესო მხატვარია, განსაკუთრებული ხედვა აქვს, ამიტომაც მოვუწყვეთ პერსონალური გამოფენა. დამთვალიერებლები კმაყოფილები დარჩნენ, მათ ჩვენს სივრცეში უცხო და გამორჩეული ნახატები დახვდათ. რომა ნიჭიერი შემოქმედია და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი აქვს. რაც შეეხება სპექტაკლს „ო-ჯახი“, იგი გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა. ჩვენი სპექტაკლი მთლიანად მოზარდ მაყურებელზეა გათვლილი და სწორედ ამიტომ ავარჩიეთ. სეანსები რეგულარულად გაგრძელდება და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება ბევრმა მოზარდმა ნახოს ეს სპექტაკლი, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ.
– გამოფენამ კარგად ჩაიარა, ვფიქრობ, საზოგადოება კმაყოფილი დარჩა. მათი შეფასებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეუბნებოდნენ, თითოეულ ნახატში რა როგორ დაინახეს და თავიანთი ხედვები გამიზიარეს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. სპექტაკლმაც შესანიშნავად ჩაიარა, ძალიან მომეწონა ვიზუალური მხარე, მსახიობური ოსტატობა, კომპოზიცია და რაც მთავარია – იდეა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სხვათა შორის, სპექტაკლსა და ჩემს ნამუშევრებს შორის ძალიან ბევრი საერთო ვიპოვე. ერთი ასეთი ნახატი მაქვს – „ტრაგიკომედია“, იქ ბაჭია ასწავლის ადამიანს, რომ ცოტა გონს მოვიდეს და ჰქონდეს კავშირი გარე სამყაროსთან. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ერთად საინტერესო გამოვიდა. ჩემთვის ეს რიგით მე-3 გამოფენაა, მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორს, ბატონ ირაკლი კიკვაძეს ამ შესაძლებლობისთვის და გვერდში დგომისთვის, – გვითხრა მხატვარმა რომა ყაჭეიშვილმა.
მარიამ ხითარიშვილი