18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გაიმართა
By

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გაიმართა

ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართა. უცვლელი დარჩა ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“.
21-22 ივნისს ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს გართობის, დასვენების და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუზე დასწრების საშუალება ჰქონდათ. ფესტივალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
მოეწყო კოსტუმირებული მსვლელობა ზღვის პერსონაჟებით, დრამებისა და ფრანების შოუ, „სთრიტ არტი“, საზაფხულო დეკორაციები, ინსტალაციები და კვების სივრცეები. გაიმართა საბავშვო აქტივობები, ასევე, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

– გამოფენაზე წარმოდგენილი მაქვს ჩემი დამზადებული ორცხობილები, ასევე, მაქვს საბავშვო ვორქ-შოპი, სადაც ბავშვებს თავიანთი ფანტაზიით ორცხობილების მოხატვა შეუძლიათ. ადგილობრივებიც და ტურისტებიც ყიდულობენ, ყველას მოსწონს. აფხაზეთიდან გახლავართ, ამ ფესტივალში პირველად ამ მონაწილეობ და ძალიან საინტერესოა, – გვითხრა მეწარმე ლოლა ჭელიძემ.

– გამოფენაშიმესამედ ვმონაწილეობ. ნაქსოვი ხელჩანთები გვაქვს წარმოდგენილი, რომელსაც 67 წლის ქალბატონი ქეთევან რომანაძე ქსოვს. ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ. ქართველები დიდად არ აქტიურობენ. ძაფებს და აქსესუარებს სპეციალურ მაღაზიაში ვყიდულობთ და შემდეგ ვაფორმებთ. ძალიან მოგვწონს ეს ფესტივალი, – გვითხრა მანანა ჭეჟიამ.

– გვაქვს პოლიმერული თიხით გაფორმებული ჭურჭელი, რაშიც მთელი სული და გული ჩავდეთ. საკმაოდ კარგად იყიდება. ორი წელია, რაც ამაზე ვმუშაობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. შარშანდელი ზაფხულის არც ერთი გამოფენა არ გამოგვიტოვებია, ყველგან მივიღეთ მონაწილეობა და ასევე, წელსაც, – გვითხრა მეწარმე ინგა კუპრავამ.

„ზაფხულის ფესტივალი“ დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების მსვლელობით გაიხსნა. ერთსაათიანი კოსტუმირებული მსვლელობა ბათუმის ბულვარში დაიწყო და საფესტივალე სივრცეში დასრულდა.

ფესტივალის ფარგლებში „სთრით არტის“ მიმართულებით მოიხატა 4 ტილო, რომლებიც მხატვრებმა იოსებ ჯორბენაძემ და სანდრო ვადაჭკორიამ მოხატეს.
– ბათუმი არის ქალაქი, რომელიც კულტურურაში თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს. დარწმუნებული ვარ, მომავალში მსოფლიო რუკაზე უფრო გამოჩნდება როგორც ერთი დიდი ფერადი ლაქა. ფესტივალები და ნებისმიერი სხვა პროექტი რომელიც ამ რეგიონში და კონკრეტულად ბათუმში ტარდება, არის ყოველთვის ძალიან ხალასი. ეს არ საჭიროებს ახსნას, მაგრამ ჩვენ გვიყვარს სიმბოლიკები და შესაბამისად, რაღაც თარიღები გვაქვს, რომელთა საფუძველზეც სეზონს ვხსნით, ქალაქ მოგვყავს აქტიურ რეჟიმში სტუმართმოყვარეობის თვალსაზრისით და ამ ყველაფერს თან ერთვის ხელოვნების ძვირფასი და მნიშვნელოვანი აქტები. მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს, მსგავს ღონისძიებებში ჩემი პერფორმანსებითწარმოვაჩინო ქალაქის კულტურული იერსახე, შევქმნა ფონი, რომელსაც ორი წლის ბავშვიც და ხანში შესული ადამიანიც ღიმილით და სიყვარულით აღიქვამს და ვხატო ასეთ მდგომარეობაში, ასეთ პროცესში და თან ჩართო საზოგადოების ნაწილი. ეს არის ქალაქის გამარჯვება ამ კულტურულ პატარა ომში და ერთობლივად რეგიონში ვქმნით ძალიან სწორხაზოვან და მაღალხარისხიან შემოქმედებით აქტს, – გვითხრა მხატვარმა იოსებ ჯორბენაძემ.
ორი დღის განმავლობაში სცენა დაეთმო ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებს: „თიკა ბალანჩინი & NEW ONE“ , „კახაბერი და ხანუმები“, „ურსა“, „რეგიონი“, „მიქსტურა“, „La Fiesta“, „Moonlight“-ი, „The Emotion“-ი, „4Up“-მა, DJ Guri de Sal-მა, DJ bene, DJ ჩიკი, რომელთან ერთად საინტერესო მუსიკალურ ნომერს წარმოადგენდა ბათუმის ქალთა აკადემიურმა კამერული გუნდი.
ფესტივალმა დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით ჩაიარა.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *