
რამაზ საყვარელიძე: ირანი ტერორისტული დაჯგუფებების ერთ-ერთი მამობილია
შეერთებულმა შტატებმა, ამ დღეებში, ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა. თავის მხრივ, ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
24 ივნისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა. „ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია, გთხოვთ, არ დაარღვიოთ“, – განაცხადა მან და დასძინა: „შეთანხმებას ვერ მივაღწევდით B-2-ების პილოტების გარეშე. ამ იდეალურმა დარტყმამ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით კვლავ გაისროლა რაკეტა, რასაც მოჰყვა ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბრძანება, „ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე შეტევით“.
ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან პოლიტიკოსების განცხადებებმაც ფასი დაკარგა. ერთ დღეს თუკი მშვიდობის დამყარებას ცდილობენ, მეორე დღეს – ბომბავენ ქვეყანას, რომელსაც, პრინციპში, არავითარი რეალური დანაშაული არ ჩაუდენია. მოლა ნასრედინის, კოკა წყლის და სილის გაწვნის ამბავი მახსენდება: რომ გატეხავს, მერე რაღა აზრი აქვს დასჯას, ანუ სანამ ირანი ატომურ იარაღს გააკეთებს, მანამ უნდა გატეხო წელში, თორემ ტერორისტების ხელში მსგავსი „სათამაშო“ მთელ მსოფლიოს გახვევს სისასტიკეშიო. მთელ ამ მსჯელობაში, ცხადია, დევს ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ თვალწინ მაინც გაუბედურებული ხალხი, სისხლი, ცეცხლი და მილიონობით ლტოლვილი გვიდგება. . .
მიმდინარე მოვლენების შეფასება ვთხოვეთ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. „აჭარამ“ მასთან ინტერვიუ ორი დღის წინ ჩაწერა.
– რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება, ირანზე აშშ-ის თავდასხმის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ?
– პროგნოზები ბევრნაირია. ამერიკის ჩართვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძალთა გადანაწილებაში და ინტერესები გამოკვეთა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ტრამპი კი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ რეალურად არ ჩაერთვება ომში. როგორც ვხედავთ, ჩაერთო. . . ცხადი გახდა, რომ ისრაელის პოლიტიკას ამერიკა არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც უჭერს მხარს. ამ ეტაპზე, რუსეთის (და ცხადია ჩინეთისაც) როლია დასაფიქრებელი. პუტინი ორ ცეცხლს შუა მოექცა, ერთი მხრივ, ირანს, როგორც „ბრიქსის“ წევრ სახელმწიფოს უნდა დაუდგეს მხარში, რადგან ამ გაერთიანების ლიდერად განიხილება საერთაშორისო ასპარეზზე, მეორე მხრივ, დიდ მოგებას დაკარგავს კონფლიქტის დროულად შეჩერების შემთხვევაში. კერძოდ, დღეს არსებული კრიზისი თეირანში ჩაკეტავს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტს, ჰორმუზის სრუტეს. ირანის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა სრუტის დახურვის გეგმა, რაც ფასებს გაზრდის ენერგომატარებლებზე. ცხადია, რუსეთს ეკონომიკურად აწყობს ფასების გაზრდა, რადგან ბოლო დროს მკვეთრად შეუმცირდა შემოსავლები, მაგრამ როგორც მოკავშირეს, ირანს რომ უნდა დაუდგეს გვერდით, ისიც ფაქტია. . . ვფიქრობ, პუტინი არ იჩქარებს ამ კონფლიქტში ჩარევას და რაღაც პერიოდის განმავლობაში, სიჩუმეს ამჯობინებს. მართალია, მასთან ჩასულ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაჰპირდა მხარდაჭერას, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს. . .
– რაც შეეხება ისრაელს?
– თუკი სიმართლეს შეესაბამება ირანის ვერსია, რომ მათ სამშვიდობოს გაიტანეს გამდიდრებული ურანი (მოგეხსენებათ, ახლა ამას ბაქიობენ), ისრაელი ჯერ ვერ დამშვიდდება. სხვათა შორის, საინტერესოა ტრამპის ერთ-ერთი რეპლიკა, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა: თუ ირანის მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ნორმალურ განვითარებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირანი კვლავ გახდეს დიდებული. . . მოგეხსენებათ, აშშ-ის არაორდინარულ პრეზიდენტს ფორმულა აქვს, გახადოს ყველა და ყველაფერი – „დიდებული“, მანამდე ამერიკა, შემდეგ – კანადა და ახლა – ირანიც. ეს უკვე მიუთითებს, რომ ირანზე შეტევის ძირითადი მიზანი არის არა მხოლოდ ატომური იარაღის შექმნის პროცესის ჩაშლა, არამედ ამ ქვეყნის გამოთავისუფლება უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისგან. . . თუმცა ერთი ამოცანა მეორეს ხელს არ უშლის. პრინციპში, აიათოლების მმართველობას თუ შეზღუდავენ და ყოფილი შაჰის მემკვიდრეს დასვამენ სათავეში, უკვე ავტომატურად გამოირიცხება სხვა პრობლემები.
– რამდენად ადეკვატურია ტრამპის მიერ ირანის დაბომბვა, თუ გავიხსენებთ მის გეგმებს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ რას მოიმოქმედებს ირანი, 11 სექტემბერს ხომ არ გაიმეორებს?..
– პრაქტიკულად, ახლა, ტერორიზმის ხერხემლის გადამტვრევაზე მიმდინარეობს მუშაობა, აშშ და ისრაელი ცდილობენ, ირანი დააყენონ მშვიდობიანი ქვეყნების რიგში. თუ ეს არ მოხერხდა, შემდეგ ალბათ დაიწყება ბრძოლა ცალკეულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ჩვენ ვნახეთ, რომ თუკი მსოფლიომ მოინდომა, ძალუძს დიქტატურის და ტერორიზმის მეტნაკლებად მოთოკვა. გავიხსენოთ, როგორ დასრულდა ისლამური სახელმწიფოს პირველი და უკანასკნელი ხალიფას სიცოცხლე. ხალიფატმა სულ რამდენიმე წელი გასტანა, მაგრამ ამ მოკლე დროშიც დაჯგუფების შუასაუკუნოებრივმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. სახელმწიფოდ გარდაქმნილი ტერორისტული ორგანიზაცია რაღაც დრომდე მსოფლიოსთვის უცნობ ფენომენად რჩებოდა, თუმცა ახლა უკვე მასზე წარსულ დროში საუბრობენ ანუ მისი გაუვნებელყოფა შესაძლებელი გახდა. რაც შეეხება 11 სექტემბრის ანალოგს, არც ესაა გამორიცხული განრისხებული შაჰიდებისგან. ალბათ ტერორისტების წინაშე შიშის რეჟიმში გადავა დასავლეთის ქვეყნების ცხოვრება. ტერორისტული ტალღები, ცხადია, წამოვა.
– მსოფლიოს საზოგადოების ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის ამ გადაწყვეტილებით, მიაჩნიათ, რომ არ იყო სამართლიანი ისრაელის დაბომბვა..
– კი, ლაპარაკობენ: რა უნდოდა ტრამპს ან ისრაელს ირანთან, ჯერ ხომ არ ჰქონდა ატომური იარაღი დამზადებული; ტყუილად დაბომბეს, ისევე, როგორც ადრე ტყუილად შეიჭრნენ ერაყში და ა.შ. რაც თქვენ ადრე ახსენეთ ტერაქტებთან დაკავშირებით, ამის შიშითაც ჰკიცხავენ ტრამპს. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიო ახალი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგება ენერგომატარებლების მოსალოდნელი გაძვირების გამო. მაგრამ სწორედ ტერორიზმის აღმოფხვრის მიზნით ჩატარდა ეს სპეცოპერაცია. როგორც ვხედავთ, ტერორიზმის ტალღა ხან იკლებს, ხან იმატებს, მაგრამ არ ნელდება. ამ ტალღას გარკვეული ქვეყნები უწყობენ ხელს. მათ შორის, ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფოა ირანი. ამიტომაა აუცილებელი, სანამ არ შეუქმნია ბირთული იარაღი, მანამ დაამხონ ხელისუფლება. ირანი ტერორისტული დაჯგუფებების ერთ-ერთი მამობილია, ანებივრებს, ხელს უწყობს და აძლიერებს ამა თუ იმ ტერორისტულ გაერთიანებებს. აშშ და ისრაელი ცდილობენ, ტერორიზმის როგორც პოლიტიკური ძალის საფრთხე აიცილონ თავიდან.
– რას მოიმოქმედებს თურქეთი? ერდოღანი აანონსებს, რომ ორმილიარდიან მუსულმანურ სამყაროს გააერთიანებს და ჩაებმება დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოვა ნატოდან თუ? . .
– თუკი შევყვებით პოლიტიკოსების ნათქვამს, შეიძლება შეცდომაში შევიდეთ. . . ეს კარგად გვასწავლა ტრამპმა. როგორც აღვნიშნეთ, აცხადებდა, მშვიდობას დავამყარებო და აგერ – დაარტყა ირანს. . . რაც შეეხება თურქეთს, ერდოღანი ხშირად აკეთებს ისლამისტური დაჯგუფებებისთვის მისაღებ ხმამაღალ განცხადებებს, მაგრამ ისლამისტურ პროცესებში არ ერთვება. . . იგივე ისლამისტური რესპუბლიკის თემაში არ დაიკავა პოზიცია, რომელიც მთელ მოწინავე მსოფლიოსთან დააპირისპირებდა. ვფიქრობ, ერდოღანი ამ განცხადებებს საკუთარი მოსახლეობის ისლამისტური განწყობის მქონე მოქალაქეებისთვის უფრო აკეთებს, მაგრამ რეალურ ნაბიჯებს, მგონი, არ გადადგამს.
– ისიც ითქვა, რომ რუსეთმა გაბედა უკრაინაზე დარტყმა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ფეხი ამოიკვეთა აღმოსავლეთიდან და დაკარგა პოზიციები, ირანის დაბომბვა კი ამერიკის გენერალიტეტის დაგეგმილი იყო, ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდეო. . .
– არ არის გამორიცხული, ისეთ სახელმწიფოს, როგორიც ამერიკაა, ჰქონდეს გამზადებული გეოპოლიტიკური სცენარები, რომელიც ამოდის სამზეოზე, უკვე სხვა ხელისუფალის პირობებში ამა თუ იმ ქვეყნის გარკვეული ნაბიჯების შემდეგ. ფაქტია, რომ ამ სცენარის ამოქმედებით გამოწვეული პროცესები შეეხო რუსეთის ინტერესს. საინტერესო ხდება თავად ამერიკის პოზიციაც ამ კუთხით. კერძოდ, ტრამპი, ერთი მხრივ რუსეთს კოჭს უგორებს მასთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, ამავდროულად კი, „ბრიქსის“ წევრ ირანს დაარტყა.
– ეს გამოიწვევს რუსეთის უკმაყოფილებას თუ არა, ანუ ტრამპი გააღიზიანებს პუტინს?
– პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედოთ, სადაც ამბობს, რომ დაელაპარაკა ტრამპსაც და ნეთანიაჰუსაც, არ შეუქმნან საფრთხე ირანში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე დასაქმებულ მის სპეციალისტებს. ორივე ლიდერი დაჰპირდა, რომ არანაირი საფრთხე ამ ხალხს არ შეექმნებოდა. თავად განსაჯეთ, რა გამოდის. ეს ნიშნავს, რომ ირანის პროცესებთან დაკავშირებით, მოსკოვს არ უკავია გაბრაზებული მხარის პოზიცია, არ იბუტება, პირიქით, თანამშრომლობს მათთან, ვინც უტევს ირანს და ცდილობს, თავისთვის მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს კრიზისული პერიოდი. ასე რომ, რუსეთი ირანისთვის, როგორც ჩანს, თავს არ მოიკლავს.
– ბოლოს და ბოლოს, გაანადგურეს ბირთვული ობიექტები?
– დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად (როგორც თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს), ირანში ყველა ბირთვულ ობიექტს მონუმენტური ზიანი მიადგა: „განადგურება ზუსტი ტერმინია. . . ობიექტის თეთრი სტრუქტურა ღრმად არის ჩადგმული კლდეში, მისი სახურავიც კი მიწის დონეზე გაცილებით დაბალია და მთლიანად ალშია გახვეული. ყველაზე დიდი ზიანი მიწის დონეზე გაცილებით დაბლა მოხდა“. . . სპეციალისტების განცხადებით, მიყენებული ზარალის მასშტაბი, ამ დროისთვის, დაუდგენელია, თუმცა არ არის გამორიცხული, არ იყოს განადგურებული თავად ურანი და მართლა მოესწრო ირანს მისი გატანა. . . მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ მოკლე დროში ვერ გაიტანდნენ დანადგარებს. რამდენიმე ასეული, ცენტრიფუგას პრინციპზე მოქმედი აპარატურა მუშაობს ურანის გამდიდრებაზე ატომური იარაღის შესაქმნელად. ალბათ, შეტევა სწორედ მათი განადგურებისკენ იყო მიმართული. თუ ვერ გაამდიდრებენ, უბრალო ურანი ჰქონდეთ, რამდენიც უნდათ. სამხედრო დანიშნულების 60 %-იან ურანს ყიდის საფრანგეთიც, რუსეთიც და ამერიკაც. . . ამის ვარაუდს აჩენს ის რეპლიკა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ანალატიკოსებთან – თუკი ამ დარტყმების დროს ურანი განადგურდა, მაშინ რატომ არ არის გამოსხივება?. . .
– აცხადებენ, რომ ირანელ ლტოლვილთა ნაკადი მიემართება რუსეთისკენ სამხრეთ კავკასიის გავლით. რამდენად საშიშია ეს პროცესი საქართველოსთვის და თუ შევძლებთ შეჩერებას?
– მეეჭვება, რომ საქართველომ მოახერხოს ამ ნაკადის შეჩერება, მაგრამ ისიც მეეჭვება, თავად ირანელებმა მოისურვონ აქ შეჩერება. ისედაც გაჯერებულია ქართული სივრცე ლტოლვილებით და ახლებმა სადღა უნდა მოიკიდონ ფეხი? არანაირი საამისო პირობები ჩვენ არ გვაქვს. ირანელები კი არადა, რუსეთიდან და უკრაინიდან წამოსული ახალგაზრდებიც, ომს რომ აარიდეს თავი, ვერ გაჩერდნენ, რაღაც ნაწილი დარჩა, მაგრამ უმეტესი გადავიდა სხვა ქვეყნებში.
– რუსეთი მიიღებს ირანელებს?
– პრინციპში, რუსეთისთვის ეს არ არის პრობლემური საკითხი. არ აქვს ისეთი დემოგრაფიული პრობლემები, რომ ამის შიშით არ მიიღოს ლტოლვილები. აქ ხომ დემოგრაფიულ საფრთხეზეა საუბარი. თეირანიდან 5 მილიონი ირანელი გამოიქცა, საქართველოში მოსახლე ქართველებზე მეტი. რუსეთისთვის ეს არ არის საშიში რიცხვი ან ის რაოდენობა, რასაც ვერ შეიწოვს საკუთარ ტერიტორიებზე, რომელთა დიდი ნაწილიც (ციმბირისკენ) საერთოდ დაუსახლებელია.
– ახლა, როდესაც მსოფლიოს ყურადღება ირანისკენაა მიმართული, რუსეთი ხომ არ შეეცდება უკრაინაში პოზიციების საბოლოოდ გამყარებას?
– ალბათ, შეეცდება. ამას გვაფიქრებინებს ის სიფრთხილე, რასაც კრემლი იჩენს თეირანის პრობლემებისადმი, კერძოდ, ცდილობს, არ ჩაჰყვეს კონფლიქტს. სავარაუდოდ, ამ სიჩუმის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლებაცაა. ამაზე ბევრი რამ მიუთითებს, მათ შორის, ისიც, რომ ბოლო სამხედრო კონფლიქტის ფონზე ზელენსკის თემა ნელ-ნელა ჩრდილში მოექცა, ამბობენ, ნერვიულობსო.
– რაღა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა უკრაინაში, თავს ზევით ძალა არაა, მან თითქოს ამოწურა საკუთარი რესურსები..
– ჰო, ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, რუსეთის უუნარობით არის გამოწვეული. ის არ ელოდა უკრაინისგან ასეთ წინააღმდეგობას, თან, გაირკვა, რომ მისი ე.წ. ძლევამოსილი არმია არ ყოფილა ისეთი ყოვლისშემძლე, როგორც ეგონათ. მოკლედ, თანდათან ეწურება რესურსები, მაგრამ ვფიქრობ, კრემლი ხელიდან არ გაუშვებს ასეთ მომენტს და ბოლო ამოსუნთქვით მიაყრის ფრონტს მაქსიმალურ იარაღს და ცოცხალ ძალას. მოკლედ, თუკი პუტინმა თავი მოუყარა სამხედრო რესურსებს და წინსვლა შეძლო, აღარ შეჩერდება, ტერიტორიების მაქსიმუმს მიიტაცებს. სავარაუდოდ, რასაც კრემლი ირანის კრიზისში წააგებს, უკრაინიდან ამოიღებს.
ირმა ცეცხლაძე