19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
By

სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმში მიმდინარე სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ბათუმის №1 პოლიკლინიკისთვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, არსებული ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს. ახალი ინფრასტრუქტურა ამჟამინდელი დაწესებულების მიმდებარედ აშენდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 50 000-ზე მეტი მოქალაქე სამედიცინო მომსახურებას განახლებულ, თანამედროვე გარემოში მიიღებს.
ახალი შენობა აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრისთვისაც. მშენებლობის ფარგლებში, საჭირო სივრცეები გამოიყოფა ავტოპარკისა და სამედიცინო ბრიგადებისთვის. გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები და მომსახურების ხარისხი.
მაღალი მიმართვიანობის გათვალისწინებით, ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხსართულიანი შენობა აშენდება. ახალი სივრცე სრულად იქნება განკუთვნილი პედიატრიული სერვისებისთვის.
სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის და პოლიკლინიკის ნაწილში რკინა-ბეტონის კარკასის 80% უკვე დასრულებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი მიმდინარეობს მეორე სართულის რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა. პროექტები რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *