18 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
იყავით ფრთხილად!
By

იყავით ფრთხილად!

შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა თევზ ფუგუს ახლო ნათესავის – ვერცხლისფერი მუცელეკლიანის მოპოვების ფაქტები, ესაა ტოქსიკური თევზი, რომლისგანაც ცნობილი იაპონური წვნიანი მზადდება და ინვაზიის შემთხვევაში რეალურ საფრთხეს შეუქმნის როგორც ეკოსისტემას და ბიომრავალფეროვნებას, ისე ადამიანების ჯანმრთელობას. ეს თევზი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია, ხმელთაშუა ზღვაში კი სუეცის არხის გავლით შევიდა და 2014 წლიდან შავ ზღვაში გამოჩენაც დაიწყო.
ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას დამფუძნებელი“ არჩილ გუჩმანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. როგორც ის წერს, თევზის ეს სახეობა, ძლიერი ნეიროტოქსიკური ნივთიერება ტეტროდოტოქსინის გამო, რომელიც ტეტრაოდონის სხეულშია, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თუ მას საკვებად არასათანადოდ დამუშავებულს მოიხმარენ, ამ შხამის მცირე რაოდენობამაც კი ფატალური შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. არჩილ გუჩმანიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„გარდა იმისა, რომ თევზი საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მას აქვს უკიდურესად ძლიერი ყბები და ეკლები, რომლებიც აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და დაჭერილ თევზს. იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს. ხმელთაშუა ზღვაში მისმა არსებობამ მეთევზეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მისი ინვაზიის შემთხვევაში, შავ ზღვაშიც ეკონომიკური ზარალი დიდი იქნება.
კლიმატის ცვლილებისა და წყლის ტემპერატურის მატების გამო, ტეტრაოდონს აქვს შავ ზღვაში აქტიური გავრცელების პოტენციალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე.
მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. თუ უცნობ თევზს აღმოაჩენთ, უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო, ჩაიწეროთ აღმოჩენის ადგილმდებარეობა და გვაცნობოთ. ეს მონაცემები მეცნიერებს ინვაზიური სახეობების გავრცელების უკეთ თვალყურის დევნებაში დაეხმარება“, – წერს არჩილ გუჩმაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *