19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
უსაფრთხო ნაოსნობას და შინ მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ, მეზღვაურებო!
By

უსაფრთხო ნაოსნობას და შინ მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ, მეზღვაურებო!

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღე მეთხუთმეტედ აღინიშნა. წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მეზღვაურის დღის კამპანია წარიმართა სლოგანით – „შევიწროებისგან თავისუფალი ჩემი გემი“, რაც საზღვაო სივრცეში ყოველგვარი ძალადობისა და შევიწროებისადმი ნულოვან ტოლერანტობას გულისხმობს. ქართველი მეზღვაურების სიმამაცე, გამძლეობა და პროფესიონალიზმი ბევრისთვის სამაგალითოა, სწორედ ამიტომ ირჩევს ამ პროფესიას მომავალი თაობა.

მეზღვაურის საერთაშორისო დღე პირველკურსელთა საზეიმო მსვლელობით დაიწყო. ბათუმის ნავსადგურში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არსენიო დომინგესი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი ესწრებოდნენ.

შესრულდა საქართველოს ჰიმნი. დამსწრეთ ეს დღე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიულოცა და მეზღვაურებს კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვა.

– საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს.

ქართული საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ამას კი ქვეყანაში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდაც მოწმობს. ამჟამად საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას. მეზღვაურის პროფესია ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიის ერთგულებისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისათვის. ძვირფასო მომავალო მეზღვაურებო, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა საზღვაო დარგის შემდგომ განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

– საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ეს არის ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სანდოობის აღიარება საერთაშორისო დონეზე.

ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წუთებშიც ათასობით ქართველი მეზღვაური საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ამის დასტურია საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციასთან მიერთება, რომელიც თებერვლიდან შევიდა ძალაში და მეზღვაურთა უფლებების მთავარ გარანტიას წარმოადგენს.

სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს. ჩვენ არაერთი რეფორმა გავატარეთ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, დავნერგეთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც სწავლობენ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს. თქვა, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან.

– საქართველოს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, რადგან 20 000-მდე მეზღვაურია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი საქართველოდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი თაობის შემოსვლას საზღვაო დარგსა და პროფესიაში, ამ სფეროში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, მათ შორის, გადამზადებისა და სერტიფიცირების კუთხით. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მეზღვაურების ყოფა და დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები. ქართველი მეზღვაურები ყოველდღე გვიდასტურებენ, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მე პირველად ვარ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი, – აღნიშნა არსენიო დომინგესმა.

მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

– საქართველო განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტს გადის, როდესაც სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ინტერესად გამოცხადებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საქართველო წარმოადგენს „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან რგოლს, ამ დერეფნის საკვანძო ელემენტი კი საზღვაო პორტები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები არიან. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მეზღვაურთა სახელმწიფო რეესტრში 20 000-მდე მეზღვაურია დარეგისტრირებული. საქართველოს საკმარისი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენს ნავსადგურებს, ნაოსნობასა და საზღვაო საქმეს საკუთარი ძალისხმევით გავუძღვეთ, საკუთარ საჭიროებებს ჩვენვე მოვემსახუროთ და გამოცდილება საერთაშორისო ნაოსნობაშიც მივიღოთ, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბილკის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საზღვაო სექტორი სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს რეგიონისთვის.

– მეზღვაურობა საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც არა მხოლოდ გამბედაობას, არამედ უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. საზღვაო სექტორი სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აჭარისთვის. მეზღვაურებს განსაკუთრებული როლი აქვთ ზღვისპირა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. ქართველი მეზღვაურების უმრავლესობა, სწორედ აჭარიდანაა და მათი წვლილი უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონის სიძლიერისა და განვითარებისთვის. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში და პირველ რიგში, ეს საზღვაო განათლების მხარდაჭერაში გამოიხატება. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გაზარდა მეზღვაურების ის თაობა, რომელიც წარმატებით საქმიანობს წამყვან საერთაშორისო საზღვაო კომპანიებში. საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მეზღვაურებს პროფესიულ დღე მიულოცა ღონისძიების მასპინძელმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა.

– მინდა ყველა მეზღვაურს, გამორჩეულად ქართველ მეზღვაურებს, საზღვაო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს მივულოცო ეს დღე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. მათი დღეს აქ ყოფნა კიდევ ერთი დასტურია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში საზღვაო სფერო და მეზღვაურის პროფესია და როგორი მხადაჭერა გვაქვს მათგან,-აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.

გაიმართა მეზღვაურთა ფიცის დადების ცერემონია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მეზღვაურებს მშვიდობიანი და წარმატებული ნაოსნობა უსურვა.

მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის „შავი ზღვის ტერმინალის“ დირექტორი ილგარ ალი-ზადა, „საზღვაო ხაზი E60“-ის დამფუძნებელი კახაბერ გიუნაშვილი, შორეული ნაოსნობის კაპიტნები სერგო სურმანიძე და როლანდ დევაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორი მაია ტუღუში, ასევე, ოთარ დიოგიძე, ვლადიმერ ქუთათელაძე, ქრისტინა ახალაძე, დაჯილდოვნენ. ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე თენგიზ კვირიკაძე, რომელიც ამჟამადაც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და შორეულ ნაოსნობაშია

ტრადიციად იქცა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წელსაც სწავლას დაუფინანსებს 10 წარჩინებულ სტუდენტს.

სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მეზღვაურთა ხსოვნას და ზღვაში საპატიო გვირგვინი ჩაუშვეს.

 

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *