
„პოპ-აფ ფესტივალი“ ვიზიტიორებს ზაფხულის ბოლომდე უმასპინძლებს
ბათუმში, შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანში ვიზიტიორებს „პოპ-აფ ფესტივალი“ მასპინძლობს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს ზაფხულის ბოლომდე საინტერესო სანახაობას ჰპირდება. მოეწყო მინი სცენა, სადაც საზოგადოების წინაშე მუსიკოსები და დიჯეები წარსდგებიან. დაგეგმილია სხვადასხვა სახის პერფორმანსები, სპექტაკლები და აქტივობები. დაიდგა კვების ობიექტები, მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი ხელოვანი ადამიანებისა და მეწარმეების უნიკალური ნამუშევრები. ვიზიტიორებს დახვდებათ ტრენდული და საინტერესო ნივთები, აქსესუარები თუ სამკაულები. ფესტივალის შესახებ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ზურა ჩართოლანი გვესაუბრება.
– როგორ დაიბადა „პოპ-აფ ფესტივალის“ იდეა და რა იყო მთავარი მიზანი, როდესაც მის კონცეფციას აყალიბებდით?
– აღსანიშნავია, რომ „პოპ-აფ ფესტივალი“ უკვე მეორედ ტარდება. იდეა ძალიან დიდი ხნის წინ დაიბადა, ზუსტად აღარც მახსოვს, როდის. წლებია სხვადასხვა ტიპის ფესტივალებს ვაკეთებ, ნელ-ნელა რაღაცები გაიფილტრა და გაჩნდა ისეთი მახლობელი სფეროების გაერთიანების იდეა, რომლებიც ხელოვნებასთანაა კავშირში. მე და ჩემი მეუღლეც ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს ვამზადებთ, ჩვენთვის ნაცნობია ეს ყველაფერი, ამიტომ „პოპ-აფ ფესტივალი“ დავაფუძნე. „პოპ-აფ“ დროებითს ნიშნავს, ამით იმის თქმა გვინდა, რომ ეს არ არის სამუდამო, შესაძლოა, პერმანენტულად გაიმართოს. ასეთ ფესტივალზე ყველა ტიპის არტისტს აქვს საშუალება, წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედება და ფართო აუდიტორიას გააცნოს. არიან ოსტატები, ავტორები, სტარტაპერები, რომლებიც ქვეყანაში ახალ პროდუქტს ქმნიან და უნდათ, რომ ფართო აუდიტორიას აჩვენონ, მაგრამ სამწუხაროდ, არ აქვთ იმის საშუალება, რომ მაგალითად, მეწარმეებს მაღაზია ჰქონდეთ. ჯერ ვერ არიან ისე გაზრდილები, როგორც საჭიროა, თუმცა რაღაც პლატფორმა სჭირდებათ დასაწყებად. მსგავსი ფესტივალები მათთვის კარგი შესაძლებლობაა, ასევე, ნებისმიერი ტიპის მხატვრებისთვის, პლუს კულინარიაშიც შეიძლება ქართული სამზარეულო წარმოვაჩინოთ, ამიტომ კვების ზონაც შემოეკედლა ამ სიტუაციას. რაც ჩემთვის ასევე მთავარია, ღია სცენის პრინციპით შეგვიძლია მივცეთ ახალგაზრდებს პლატფორმა, სადაც მიიღებენ გამოცდილებას, მოსინჯავენ საკუთარ თავს, გაიცნობენ აუდიტორიას, შეხედავენ, უკუკავშირი ექნებათ თუ არა, რამდენად სწორი მიმართულებით მიდიან. . . ასეთ რაღაცებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, პატარა სცენით დავიწყეთ, მაგრამ ამ პატარა სცენაზეც შეიძლება ძალიან ბევრი კარგი რაღაცის აღმოჩენა და წარმოჩენა.
– განსხვავდება ეს ფესტივალი შარშანდელი ფესტივალისგან?
– ზოგადად, ბათუმში მსგავსი ფესტივალების ადგილი ევროპის მოედანი ან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა. ადამიანები მიჩვეულები არიან იქ ყოფნას. ვიფიქრე, რახან ახალი ფესტივალია, ახალ სივრცეს გამოვიყენებ, რომ კიდევ ერთი დასვენების ადგილი გაჩნდეს ამ ქალაქში, სადაც ადამიანები მშვიდად, წყნარად ისეირნებენ, თან მუსიკას მოუსმენენ, თან რაღაცებს იყიდიან, გემრიელადაც მიირთმევენ და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ-მეთქი. ამიტომ ეს ადგილი ავირჩიეთ. შარშან ეს ხეივანი ახალი რეაბილიტირებული იყო და ფესტივალიც, ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმში ჩავატარეთ. შევხედეთ, როგორ მიიღო მოსახლეობამ ეს ადგილი, უკუკავშირი როგორი იყო. მაშინ 10-დღიანი ფესტივალი ჩავატარეთ და ძალიან კარგი შედეგით დავასრულეთ. ყველას მოეწონა, მყიდველსაც, მეწარმეებსაც და ხელოვანებსაც. ამიტომ გავბედეთ, წელს ცოტა უფრო დიდი მასშტაბით გაგვეგრძელებინა ამ მხრივ მუშაობა. ეს ფესტივალი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.
– რა გამოწვევებს შეხვდით პირველ ფესტივალზე და როგორ გაუმკლავდით მათ?
– ნებისმიერი საქმის კეთების დროს არის რაღაც გამოწვევა, გაქვს გეგმა, გინდა განახორციელო, მაგრამ… „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა“-ს ამბავია. რაღაცის ხარისხი გინდა, რომ უკეთესი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველგან შეზღუდვებია, რაღაც ხელს გიშლის. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მაინც დავძლიეთ ყველაფერი და ფესტივალი შედგა.
– გაგვაცანით ფესტივალის გუნდი, ვინ გეხმარებათ ორგანიზებაში?
– გუნდი, ჯერჯერობით, მეგობრებითაა დაკომპლექტებული. როცა ასეთ კერძო ფესტივალს იწყებ, არ არის სახელმწიფოს მიერ, ან სპონსორებისგან დაფინანსებული, ძირითადად, იდეის ირგვლივ ენთუზიასტები ერთიანდებიან. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ცხოვრებაში გვერდით გვყავს, სწორედ ისინი გვეხმარებიან ყველაფრის განხორციელებაში. ფაქტობრივად, ოჯახური და სამეგობრო წრეა.
– როგორ არჩევთ მონაწილეებს – ხელოვანებს, მუსიკოსებს?
– ჩვენ გვაქვს გარკვეული ტიპის კითხვარი, რომელიც მონაწილეებმა უნდა შეავსონ. ვისაც თავისი ნაწარმის წარმოჩენა უნდა, აუცილებელია, იყოს მისი დამზადებული, ქართული პროდუქტი. არ გვინდა, ვიღაცამ, მაგალითად, ჩინეთში იყიდოს რაღაც და მერე აქ გადაყიდოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების პროდუქცია წარმოვაჩინოთ, რომლებიც რაღაცას თავისით ქმნიან. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. ასევე, აუცილებელია რაღაც დონის ხარისხი. არ შეიძლება, მდარე ხარისხის, ან დაუმუშავებელი იყოს მისი პროდუქტი, რომელიც საბოლოო ჯამში, მომხმარებელთან მიდის. ეს რეპუტაციული მომენტია. შეიძლება ახალბედას ძალიან უნდოდეს, მისი პროდუქციის წარმოჩენა, მაგრამ თუ ერთხელ გაუფუჭდება რეპუტაცია, მერე მის პროდუქტს აღარავინ იყიდის. ამიტომ ვითხოვთ, მონაწილე გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებდეს. რაც მთავარია, როცა ხალხმრავალ ადგილას აჩვენებ პროდუქციას, რაოდენობრივადაც მზად უნდა იყო ამისთვის. თუ მეწარმეს აქვს პროდუქტის საკმარისი რაოდენობა, ესე იგი, პროფესიონალია თავის საქმეში და შესაბამისად, ნდობის ფაქტორიც მაღალია. მუსიკოსების შემთხვევაშიც, აუცილებელია რაღაც დონის პროფესიონალიზმი. პირველ რიგში, ცხადია, უნდა ნიჭი, ჰქონდეს რაღაც სახის გამოცდილება ან განათლება, „ნიჭიერის“ სასაცილო კასტინგის ეპიზოდები რომ არ მივიღოთ. ჩვენ ვითხოვთ ბმულს, სადაც სოცქსელში მათ შემოქმედებას ვეცნობით. იმის მიხედვით, რა დონის შემოქმედებაა, განისაზღვრება, მოხვდებიან თუ არა ჩვენთან. ცხადია, აქ არაა საუბარი უკვე შემდგარ არტისტებზე, ჩვენი სცენა არ არის მათთვის დახურული, მათაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და ისინი უკონკურსოდ ხვდებიან.
– ფესტივალის რომელ აქტივობას გამოარჩევდით განსაკუთრებით?
– ძნელია გამორჩევა, ყველას თავისი ხიბლი აქვს. ჩვენ სპეციალურად დავყავით სივრცეებად. იქით ხელნაკეთი ნივთებია, აქეთ – კვების ობიექტები, მუსიკა, ფოტო-ზონები, ვისაც სად მოეწონება, იქ მოძრაობს. თეატრალური სპექტაკლებიც გაიმართება. ვცდილობთ, ყველა ტიპის ადამიანს მივაწოდოთ შესაბამისი პროდუქტი. ვფიქრობ, თეატრი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. . . რომელიმე ერთი აქტივობის გამოყოფა მიჭირს.
– როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ასეთ ფესტივალს ქალაქის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებაზე?
– ვფიქრობ, ძალიან კარგი, მით უმეტეს, თუ ამას მხარს უჭერს ქალაქის მერია. ადგილობრივებისთვისაც დიდი ხელშეწყობაა, რომ გახდნენ უფრო წარმატებულები თავის სფეროში. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიზიტიორები, რომლებიც ქალაქში ჩამოდიან, უკეთ გაეცნონ ჩვენს მრავალფეროვან კულტურას და ყოფას. აქ არის ქართული ნაწარმი, საკვები, ქართული მუსიკა და ვფიქრობ, ქვეყანაზე კარგი შთაბეჭდილება შეექმნებათ. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მონაწილეებს, ყველას, ვინც ცდილობს, რომ ამ ღონისძიებაში რაღაც წვლილი შეიტანოს, მადლობა ბათუმის მერიას, თოჯინების თეატრს. მიხარია, რომ ბათუმი ასეთი კარგი ქალაქია.
მარიამ ხითარიშვილი