
რა თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე?
14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. მთელი პროცესის განმავლობაში სასამართლო შენობასთან შეკრებილი ადამიანები სკანდირებდნენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
სასამართლო პროცესი, რომელზეც მზია ამაღლობელი პირველად დაიკითხა, დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. მედიამენეჯერმა მიმდინარე წლის 11-12 იანვარს აჭარის პოლიციის შენობასთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც შეიტყო აქტივისტ ციალა ქათამიძის დაკავების შესახებ.
მზია ამაღლობელმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ შეაფურთხა.
„ირაკლი დგებუაძეს პირველად სახეში როცა შევხედე, შემაფურთხა. სამმართველოს შენობაში რომ შემიყვანეს, პირველივე ოთახში შემაგდეს. როგორ აგიხსნათ, ოთახის კარი ჩემი შეგდებით გაიხსნა. ვიწრო ოთახი იყო. ცოტა ხანში ვიღაც ახალგაზრდა შემოვარდა ყვირილით, გინებით. მიყვიროდა, როგორ დამარტყიო. მეორე შემოვარდნაზე უფრო შემოქმედებითად მაგინებდა, როგორც ქალს, თავი დამცირებულად რომ მეგრძნო. ყველა შემოვარდნაზე დგებუაძეს პოლიციელები მოჰვებოდნენ და აჩერებდნენ, რომ ჩემთვის არ დაერტყა. ერთ-ერთ შემოვარდნაზე ახლოს მოვიდა ჩემთან, თავი ავწიე, სახეში შევხედე და ამ დროს შემაფურთხა“, – თქვა ამაღლობელმა.
ადვოკატის შეკითხვაზე, დაკავების შემდეგ რა სიტყვებით აყენებდა შეურაცხყოფას ბათუმის პოლიციის უფროსი, მზია ამაღლობელმა თქვა, რომ საჯაროდ ამის გამეორება არ სურდა:
„არ მინდა ამაზე საუბარი. ერთადერთი, შემიძლია, პროკურორებს ვუთხრა, წარმოიდგინონ, მათი ოჯახის წევრი ქალები რა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყვნენ შეურაცხყოფილი და მოსამართლეს შემიძლია წერილობით გამოვუგზავნო დგებუაძის ყველა ის სიტყვა, რა სიტყვებითაც მაგინებდა. ამის გახსენებაც კი ძალიან მძიმეა“.
მზია ამაღლობელი ამბობს, რომ პროფესიულ კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ. „ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პარლამენტარ ნინო წილოსანის დაკითხვასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, ადვოკატები ნინო წილოსანის დაკითხვას ითხოვდნენ, რადგან მან მზია ამაღლობელზე თქვა, რომ მედიამენეჯერმა ბათუმის პოლიციის უფროსს დაკვეთით გააწნა სილა.
მზია ამაღლობელის პროცესს 4 ევროპული ქვეყნის ელჩი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა“ და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში.
ცნობისთვის, 11 ივლისს, ზუსტად 6 თვე შესრულდა, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პატიმრობაში იმყოფება. მზია ამაღლობელი დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს, ღამით, ჯერ სტიკერის გაკვრისთვის, გათავისუფლებიდან მალევე კი, 2025 წლის 12 იანვარს, 00:50 საათზე, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.