
ხმა, რომელიც გულამდე მოდის
ამბობენ, რომ ბათუმში სხვა ტემპერატურა, სხვა ემოცია და სიყვარულია. მართლაც ასეა. ბათუმი ყოველთვის ახერხებს, აღმოაჩინოს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც თავისი სიმღერით სითბოს ასხივებენ და მთელი საქართველოს გულებს იპყრობენ. აჩი ჯაიანიც ამ ადამიანთა რიცხვშია. მისი გამარჯვება მეგა შოუ „საქართველოს ხმაში“ მხოლოდ მუსიკალური წარმატება არ ყოფილა, ეს იყო ქალაქის, ქვეყნის, რწმენისა და ნიჭის ტრიუმფი. მისი სიმღერა სიჩუმეს სიფრთხილით არღვევს, ამბავს გიყვება. . . აჩი ჯაიანი იმ გზაზე გვესაუბრება, რომელიც „საქართველოს ხმამდე“ გაიარა და მიზნებზე, რომლებსაც ახლა სრულიად ახალი სიმაღლიდან შეჰყურებს.
– აჩი, როდის და როგორ დაიწყეთ სიმღერა?
– სიმღერა საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყე. მახსოვს, პირველად „მივალ გურიაში“ ბებიაჩემმა მამღერა, დაახლოებით 2-3 წლის ვიყავი. მას შემდეგ დედასთან, მამასთან ერთად ვმღეროდი და ამის ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. ცოტა რომ წამოვიზარდე, გარდატეხის ასაკში საერთოდ აღარ ვმღეროდი, დაახლოებით 4-5 წელი. ორი წლის წინ, მამაჩემს და მის სამეგობროს ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე გავყევი, ისეთ გარემოში მოვხვდით, სადაც ქართველი გულშემატკივრები ქართულ სიმღერებს მღეროდნენ. სამწუხაროდ, ქართული სიმღერები არ ვიცოდი და მამაჩემს მაშინ ვერ ავყევი. იმ გარემოცვაში ჩუმად ყოფნა ძალიან მეუხერხულა, ამიტომ, როდესაც ნეაპოლიდან ბათუმში დავბრუნდი, მაშინვე ოთახში შევიკეტე და ქართული სიმღერების მოსმენა და შესწავლა დავიწყე. მაშინ მივხვდი, რომ მუსიკა ძალიან მიტაცებდა.
– თქვენი ოჯახის წევრები მუსიკასთან მჭიდრო კავშირში არიან. . .
– დიახ, მამა ოპერის მომღერალია და მსოფლიოს სხვადასხვა დიდ სცენაზე საოპერო კონცერტებს მართავს. ამასთან, ბათუმის სახელმწიფო ანსამბლში მღერის. დედაც საკმაოდ კარგი, მოყვარული მომღერალია. სანამ გარდატეხის ასაკის პაუზას ავიღებდი, ერთად ხშირად ვმღეროდით.
– ბათუმი და ზღვისპირა ატმოსფერო თუ მოახდენდა გავლენას თქვენს მუსიკალურ გემოვნებაზე?
– რასაკვირველია, ძალიან დიდ გავლენას ახდენს, შესრულების მანერაზეც კი. ბათუმი დიდი შთაგონების წყაროა ჩემთვის და არა მხოლოდ. თბილისელი მომღერელი მეგობრებიც აღნიშნავენ, რომ ბათუმში სულ სხვანაირად ემღერებათ. ის სტერეოტიპი თუ ხუმრობა, რომ ზღვის იოდი ხმისთვის ძალიან კარგია, შეიძლება მართლაც მოქმედებს რაღაცებზე. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცი, ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბათუმელმა შემსრულებლებმა მოახდინეს. ძალიან პატარა ვიყავი, მუსიკალურ პროექტებს რომ ვუყურებდი, სადაც ბათუმელები გამოდიოდნენ და ყველას გვახსოვს, მოწოდების სიმაღლეზე რომ იყვნენ. დღესაც ძალიან ბევრი გამორჩეული მომღერალი ჰყავს ჩვენს ქალაქს.
– რა ჟანრის მუსიკაა თქვენთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი?
– რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, როდესაც სიმღერა დავიწყე, პირველი მუსიკალური ჟანრი, რომელშიც საკუთარი თავის გამოცდა დავიწყე, ძველი ქალაქური ჟანრი იყო. შემდეგ ქართული ხალხური სიმღერებით დავინტერესდი, კერძოდ, გურულით. ასევე, ძალიან დაინტერესებული და მოხიბლული ვარ ჯაზით, კლასიკური მუსიკით. შეიძლება ამ ჟანრების გაერთიანებით ეთნოჯაზის ჟანრი მივიღოთ, რაც ამ მომენტში ყველაზე შთამაგონებელია ჩემთვის.
– გყავთ თუ არა საყვარელი არტისტი, რომელიც განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს თქვენს სტილზე?
– ასეთი არ მყავს, რადგან როდესაც რომელიმე კონკრეტულ ახალ სიმღერაზე მიწევს მუშაობა, ვცდილობ, ამ სიმღერის ყველა ვერსია მოვისმინო. საბოლოოდ, მაინც, მაქსიმალურად ვცდილობ საკუთარი სტილით შევასრულო, რომ ჩემს ნამღერს რომელიღაც არტისტის გავლენა არ ეტყობოდეს.
– თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მუსიკალური ვარჯიში ან რიტუალი, რასაც რეგულარულად აკეთებთ?
– არანაირი რიტუალი არ მაქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცავ რაღაც რუტინას, როდესაც რამდენიმე დღეში მაქვს სამღერი და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მეტიც, როდესაც სიმღერა დავიწყე, წინასწარ არასდროს გამივლია რეპეტიცია. მხოლოდ რამდენჯერმე მქონდა მუსიკალური მასტერკლასი, თუმცა რეგულარული რეპეტიციები, პროექტ „საქართველოს ხმამდე“ არ მქონია. ამ პროექტის უმაგრესმა მუსიკალურმა პროდიუსერებმა საერთოდ სხვა რეჟიმში ჩამსვეს, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მათი.
– როგორ მიიღეთ „საქართველოს ხმაში“ მონაწილეობის გადაწყვეტილება?
– როცა ეს პროექტი იწყებოდა, მისმა მუსიკალურმა პროდიუსერმა მონაწილეობა შემომთავაზა. თუმცა, როდესაც პროექტის ხანგრძლივობა გავიგე, სკოლაში ბოლო ზარს და ბანკეტს ემთხვეოდა, თუ გარკვეულ ეტაპამდე მივაღწევდი. ამიტომ, თავდაპირველად მონაწილეობაზე უარი ვთქვი. მოხდა ისე, რომ ჩემი მეგობარი ვაჟა აბესაძე „საქართველოს ხმის“ ქასთინგზე მივიდა, ვეღარ მოვითმინე და გავყევი. იქ იმდენად კარგი და თბილი გარემო დამხვდა, რომ უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი. საბოლოოდ, ვინც შთამაგონა და მონაწილეობისკენ მიბიძგა, ჩემი ქართულის პედაგოგი ნანი ცეცხლაძე იყო. პირად საუბარში ვუთხარი, რომ ასეთი შემოთავაზება მქონდა და უარის თქმა მომიწია. მან ისე მარტივად მომაგვარებინა პრობლემები, რომ იმ დღესვე დავურეკე პროდიუსერებს და ვკითხე, თუ მქონდა მონაწილეობის მიღების შანსი. მეორე დღესვე ჩავედი თბილისში, გავედი ქასთინგზე და. . . ასე მოვხვდი „საქართველოს ხმაში“.
– რომელ ეტაპზე იგრძენით, რომ შეგეძლოთ გამარჯვება?
– რეალურად, ამას ვერც ერთ ეტაპზე ვერ ვგრძნობდი. როცა პირველი ეტაპების გავლა დავიწყეთ, მაქსიმალურად სიმღერაზე ვიყავი ორიენტირებული. როცა სამეულში მოვხვდი და ფინალში გადავედი, მაშინ დავიწყე ფიქრი, რომ შეიძლებოდა მომეგო კიდეც.
– პროექტის განმავლობაში ყველაზე რთული მომენტი რომელი იყო თქვენთვის და როგორ გაუმკლავდით?
– ყველაზე რთული მომენტი უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა იყო ერთ-ერთი „ლაივის“ წინ. სანამ პროექტში აღმოვჩნდებოდი, ვფიქრობდი, რომ ყველაზე რთული კონკურენტუნარიან გარემოსთან შეგუება იქნებოდა. თუმცა, იმდენად ოჯახური გარემო დაგვხვდა, იმდენად ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომ დაიმსხვრა ჩემი წარმოდგენები – არანაირი სირთულე არ ყოფილა.
– როგორ დაგეხმარათ მიღებული გამოცდილება?
– ეს გამოცდილება ყველანაირად დამეხმარა, როგორც ადამიანურად და მენტალურად, ასევე, პროფესიულად. როგორც უკვე აღვნიშნე, ისეთი ყოველდღიური რეპეტიციების რეჟიმი არ მქონია, მით უმეტეს ისეთ პროფესიონალებთან, როგორებიც „საქართველოს ხმის“ პროდიუსერები იყვნენ. მათი სახით, პირველ რიგში, შევიძინე საკმაოდ კარგი ადამიანები და შემდეგ – საუკეთესო მუსიკოსები. ისე, როგორი კარგი გარემოც უნდა იყოს, ძალიან რთულია, როცა ყოველ სამშაბათს ვიღაც ეთიშება პროექტს, ეს იყო ყველაზე რთული. როდესაც ფინალში მხოლოდ სამნი დავრჩით, უკვე ის ხალისი აღარ იგრძნობოდა. ვისაც პროექტში ხალისი შემოჰქონდა, ისინი აღარ იყვნენ ჩვენთან ერთად, თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაინც მოდიოდნენ რეპეტიციებზე და გვამხნევებდნენ.
– რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ „საქართველოს ხმა“ და როგორ ეგუება ეს ტიტული თქვენს შინაგან ბუნებას?
– ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, უდიდესი სახელია. გაურკვევლობაში ვარ ჯერ – როგორ მოხდა, რომ მე შევძელი და ეს პრიზი მოვიგე. ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და მადლობა მათ ამისთვის. ხალხმა დამაკისრა პასუხისმგებლობა, რომ „საქართველოს ხმის“ ტიტული ვატარო, ამიტომ, მაქსიმალურად მომეთხოვება, არ გავჩერდე და რაც შეიძლება მეტი სიახლე შევთავაზო მსმენელს, მაყურებელს, გულშემატკივარს, რომელმაც მხარი დამიჭირა.
– ამბობენ, რომ ბათუმს განსაკუთრებული მარგალიტების გამოზრდა შეუძლია. როგორ შეაფასებდით ქალაქის როლს თქვენს მუსიკალურ გზაზე?
– ვეთანხმები ამ მოსაზრებას. დავამატებ იმას, რომ ჩემმა ქალაქმა ჩემი მუსიკალური გზის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულა. სწორედ ბათუმის მარგალიტები არიან ის მუსიკოსები, რომელთა მოსმენით ბავშვობიდანვე საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. ამიტომ ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელმა მუსიკოსება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე.
– როგორ გრძნობდით ბათუმელების მხარდაჭერას ამ პროექტში?
– როდესაც უკვე ათეული შეიკრა და „ლაივ“ გადაღებებზე მუშაობა დავიწყეთ, სასიამოვნოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა, ერთად დიდ დროს ვატარებდით. გვქონდა ყოველდღიური რეპეტიციები, გადაღებები, რის გამოც ვერ ვახერხებდი ბათუმში ჩამოსვლას. თუმცა, სოციალური ქსელების, ესემესების და ზარების მეშვეობით ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომ ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევდა, ჩემი თანაქალაქელებისთვის, გულშემატკივრებისთვის და მსმენელებისთვის მემღერა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ფინალის წინა კვირა, როდესაც მხარდაჭერის უდიდესი ტალღა წამოვიდა. ამ ყველაფერმა სხვანაირად დამმუხტა, ძალიან მოტივირებული ვიყავი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ერთი ზარი, ერთი პოსტი, ერთი ესემესი არ დაინანა. ჩემი ყოველი სიმღერა მათ ეძღვნებოდა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმელობა?
– ბათუმელობა უდიდესი სიამოვნება და ამავდროულად, პასუხისმგებლობაა. ბათუმი ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, აფასებს, ამხნევებს და გვერდში უდგას. ღირსეული ბათუმელობა ძალიან რთულად მოსაპოვებელია. მაქვს იმის ბედნიერება, რომ ნაღდ ბათუმელებს კარგად ვიცნობ და მათთან ურთიერთობის ფუფუნება გამაჩნია. ამიტომ ვიცი, როგორ რთულად მისაღწევია ეს სახელი. ვიმედოვნებ, რომ მეც ღირსეული ბათუმელების სიას შევუერთდები.
– როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ხმა ყოველთვის გულიდან მოდის?
– ყოველი გამოსვლის წინ ვცდილობ, მაქსიმალურად ბუნებრივი ვიყო. რა თქმა უნდა, კომპლექსების მოხსნა, არტისტიზმი ყოველთვის საჭიროა, თუმცა ვცდილობ ჩარჩოებს არ გავცდე, ორიენტირებული ვარ მხოლოდ სიმღერაზე, ვცდილობ, მისი შინაარსი ბოლომდე გავიაზრო, რომ მაქსიმალურად გამოჩნდეს, როგორ ვგრძნობ სიმღერას, მის მელოდიას. ალბათ, ტექსტისა და მელოდიურობის შერწყმით მოდის ის შედეგი, რასაც მაყურებელი ისმენს.
– სად ხედავთ თავს 10 წლის შემდეგ?
– რომ არ დაგიმალოთ, ჯერჯერობით, ვერსად, ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად რადიკალურად იცვლება ჩემი ცხოვრება, რომ სულ სხვადასხვა ახალ ინტერესს აღმოვაჩენ და შემდეგ პატარ-პატარა წარმატებებს ვაღწევ. ამიტომ, ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, 10 წლის შემდეგ სად ამოვყოფ თავს. პროექტში გამოსვლასაც არ ვგეგმავდი და…
– უახლოეს მომავალში რას აპირებთ?
– უახლოესი სამომავლო გეგმები სწავლა-განათლების საკითხს უკავშირდება. ჩავაბარე გერმანიაში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩემი ბავშვობის მიზანი იყო გერმანიაში განათლების მიღება. რომ არა ეს პროექტი, მუსიკას მაინც ძალიან დიდ დროს დავუთმობდი, თუმცა ახლა სხვა პასუხისმგებლობა მაქვს – არ უნდა გავჩერდე, მაქსიმალურად ვიმუშავო და ხალხს იმედები გავუმართლო, არ აქვს მნიშვნელობა ბათუმში ვიქნები, თბილისში თუ გერმანიაში. მსმენელს ხშირად უნდა გავახსენო ჩემი თავი.
მარიამ ხითარიშვილი