ინფექციები კურორტებზე – როგორ ავირიდოთ ისინი?
By

ინფექციები კურორტებზე – როგორ ავირიდოთ ისინი?

ზაფხული დასვენების, მოგზაურობის, ზღვის და მთის სეზონია. კურორტებზე ათასობით ადამიანი იყრის თავს განტვირთვისა და გართობისთვის, თუმცა ამ სიამოვნებას ხშირად თან სდევს რისკებიც, მათ შორის ინფექციური დაავადებების, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურდება სიცხესა და ხალხმრავალ გარემოში. ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად მრავლდება ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი ინფექციები, რაც დაავადებების გავრცელების ალბათობას ზრდის. ზღვაზე, მდინარეზე, აუზებში, სწრაფი კვების ობიექტებსა თუ გადატვირთულ რესტორნებში არსებობს ინფიცირების სხვადასხვა საფრთხე როგორც კუჭ-ნაწლავის, ისე კანის, სასუნთქი გზებისა და სხვა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი ინფექციებია ზაფხულში ყველაზე გავრცელებული, როგორ შეგვიძლია მათი თავიდან არიდება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ.
ამ კითხვებზე პასუხებისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც პრაქტიკულ რჩევებსა და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.
– ქალბატონო მაია, რომელი ინფექციები გვხვდება ყველაზე ხშირად ზაფხულის პერიოდში კურორტებზე, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს?
– პირველ რიგში, მინდა დავაკონკრეტო, რომ არა მარტო ზაფხულში, ზამთარშიც საკმაოდ ხშირია სხვადასხვა ინფექციის რისკი კურორტებზე, უბრალოდ, პროფილია სხვა. ზაფხულში უფრო მეტად ნაწლავური ინფექციები გვხვდება – ფაღარათით და ღებინებით. ზამთარშიც გვხვდება, მაგრამ ამ დროს უფრო მეტად სასუნთქი გზების ინფექციებია. საქართველოში სტერეოტიპივით ჩამოყალიბდა, რომ მთელი წლის ნანატრი შვებულება ადამიანებს ხშირად ამ საშინელი სიმპტომებით უმთავრდებათ, განსაკუთრებით – ბავშვებში. ზოგი ცდილობს, იქვე – კურორტზე მოიძიოს სამედიცინო დახმარება და დარჩენილი დასვენების დღეები გამოიყენოს, ზოგი თბილისში მორბის და, ასე თუ ისე, ძალიან ჩამწარებით მთავრდება შვებულება. ასეთ დროს ხშირია ვირუსებიც, ბაქტერიებიც და პარაზიტებიც. ამ შემთხვევაში სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ხშირად საერთოდ დაუდგენელი რჩება, რამ გამოიწვია ინფექცია. ასეთ დროს ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვირუსული ინფექციაა ნოროვირუსი, ასევე როტავირუსი, განსაკუთრებით – პატარებში და ბაქტერიული ინფექციები: სალმონელა, შიგელა და ასე შემდეგ.
– რა ზომები უნდა მივიღოთ კურორტებზე და რა უნდა გავითვალისწინოთ?
– მე თვითონაც სხვადასხვა კურორტზე დამყავდა შვილები დასასვენებლად და იქიდან დიარეით ან ფაღარათით მომყავდა. ეს როგორც კოშმარი, ისე მახსოვს. ასეთ დროს როგორც წყლით შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, ასევე საკვებითაც. წყალი ხშირად სტერეოტიპულად ზღვის წყალთან ასოცირდება. ხშირად მშობლებმა იციან თქმა, რომ ბავშვმა ზღვის წყალი გადაყლაპა და ფაღარათი დაემართა, ან გული აერია. რა თქმა უნდა, შეიძლება ზღვის წყალიც ისე იყოს დაბინძურებული, რომ წყლის გადაყლაპვით მოხდეს ინფიცირება, მაგრამ ზოგადად, მოწამვლები ზღვის წყალთან უფრო მეტად არის ასოცირებული, ვიდრე ეს სინამდვილეშია, რადგან თუ გადავხედავთ, მაინცდამაინც ზღვის კურორტებზე არ გვხვდება ხშირი მოწამვლა. მთის კურორტებზეც იგივე სიტუაციაა. აქ ძირითადი პრობლემა ის არის, რომ თუ ჰიგიენის ნორმები ზედმიწევნით არ არის დაცული, ინფიცირება ხდება. მაგალითად, საკვებ ობიექტში ძალიან ადვილია, ნოროვირუსის სულ მცირე დოზამაც დააინფიციროს საკვები, ან ჭურჭელი თუ არაა ჯეროვნად დარეცხილი, ამითაც გადავიდეს. თუ საკვები ობიექტი არ იყენებს ჭურჭლის სარეცხ მანქანას და მაღალ ტემპერატურაზე არ ირეცხება ჭურჭელი, დაინფიცირების საკმაოდ დიდი რისკია და ეს ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, განსაკუთრებით რესტორანში, როცა ჩქარობენ, ერთად ჩაყრილი და ჩქარ-ჩქარა ამორეცხილი ჭურჭელი. იქ, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია, რომ ჭურჭელიც დაინფიცირდეს. ერთჯერადი ჭურჭლის პრაქტიკაც, გარდა საერთაშორისო ქსელური სწრაფი კვების ობიექტებისა, ჩვენთან დამკვიდრებული არ არის, თორემ დაინფიცირებისგან ესეც ერთ-ერთი დაცვა იქნებოდა. სხვათა შორის, ერთჯერადი ჭურჭლის პრაქტიკა რომ დაინერგოს კურორტებზე მაინც, ბევრად შემცირდებოდა სხვადასხვა ინფექციის გავრცელების რისკი. კურორტებზე ყოფნის დროს კაფეებსა და რესტორნებში, რა თქმა უნდა, ყველა შედის და ეს ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც შეიძლება ადამიანები ინფიცირდებოდნენ, ამიტომ პაციენტებს ძალიან მარტივი წესების დაცვას ვურჩევთ ხოლმე. ცხადია, ძალიან კარგია სალათები, უმი ბოსტნეული და ხილიც ჯანსაღი კვებაა, მაგრამ ზაფხულში, თუ გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება იდეალურად არ ირეცხებოდეს, მაგალითად, სალათის ფურცელი, არც უნდა მივირთვათ. მოგეხსენებათ, სალათის ფურცელს როგორი ნაოჭები აქვს, მას სახლში გულმოდგინედ ვრეცხავთ, თითოეულ ფურცელს. ცოტა ძნელად წარმოსადგენია, რომ ძალიან გადატვირთულმა რესტორანმა ასევე გარეცხოს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებიანი საკვები დაწესებულებებიც არსებობს, მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ გაურეცხავმა ბოსტნეულმა ან ხილმა გვავნოს. თუ არჩევანი გვაქვს, სეზონზე გადატვირთულ კურორტებზე, როცა ძალიან ცხელა, უფრო მეტად მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ახლახან მომზადდა, გამომცხვარია და ცხელია. აქ ნაკლებია მიკრობების ალბათობა, იმიტომ, რომ ახლა გამოვიდა მაღალი ტემპერატურიდან. იგივეა გაურეცხავი ხილის შემთხვევაშიც. ადამიანები სტერეოტიპულად რაღაცებს უკავშირებენ ხოლმე დიარეას ან ფაღარათს. ზღვის წყლის გადაყლაპვისა არ იყოს, არაერთი ადამიანი იმეორებს, რომ მოიწამლა საზამთროთი. ამ დროს საზამთრო სულ ტყუილადაა ბრალდებული ხილი უმრავლეს შემთხვევაში. მივირთვათ ისეთი გაფუჭებული საზამთრო, რომ მოწამვლის მიზეზი გახდეს, უფრო ნაკლებად წარმოსადგენია, რადგან ის არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტი ზაფხულში და ვიღაცას აუცილებლად ექნება ნაჭამი. სინამდვილეში საიდანღაც მოხვდა მიკროორგანიზმი, ინფიცირდა ადამიანი და დაემართა დიარეა ან ფაღარათი. ხშირად ადამიანები ამას ენტეროვირუსს ეძახიან, რაც არასწორია. ენტეროვირუსები რეალურად სულ სხვა ჯგუფია. ენტერო მაინც შინაგან ორგანოებთან და ფაღარათთან ასოცირდება და ალბათ ამიტომაც ეძახიან, არადა ენტეროვირუსი ნერვული სისტემის დაზიანებით უფრო მიმდინარეობს. ფაღარათს ან ღებინებას დიარეით მიმდინარე დაავადებები ჰქვია. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს: ხშირად რესტორანში, როცა ჩვენ თვალწინ წმენდნენ მაგიდას, ალბათ, გვიგრძნია საწმენდი ტილოს სუნი. ასეთი ტილო უკვე ბაქტერიების ბუდეა. ცხადია, ეს რესტორანი უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ჰიგიენურ ნორმებს. ხანდახან რაღაც სითხეს ასხამენ, მაგრამ ტილოს თუ სუნი ასდის, არავითარი ხსნარი აღარ შველის. ისიც დასადგენია, რა ხსნარით იწმინდება მაგიდები, რადგან არის ხსნარები, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. წესით, რესტორნებში იციან, როგორი ხსნარი უნდა გამოიყენონ, მაგრამ გამიგია ისიც, რომ ქლორის შემცველი ხსნარებიც გამოუყენებიათ, რომელიც საკვები პროდუქტებისთვის არ არის მისაღები.
– წყლით მოწამვლის შესაძლო რისკებზეც გვითხარით. . .
– როგორც ვთქვი, ზღვის წყალი, რომელსაც ყველაზე ხშირად ბრალდება მოწამვლა, ამ მხრივ ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. ცხადია, იქვე კანალიზაცია არ უნდა ჩადიოდეს და იმედი მაქვს, რომ პლაჟებთან ასე არ ხდება, მაგრამ ზღვაში წყლის ცვლა იმდენად დიდია, ნაკლები ალბათობაა ადამიანის მოწამვლის. რაც შეეხება ტბებსა და მდინარეებს, აქ უკვე მეტად სახიფათოა. ხშირად სოფლად, იქვე ახლომახლო შინაური ცხოველები – ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა მდინარის წყალს სვამენ, თუ ცხოველები იქ მუდმივად ტრიალებენ და წყალში მათი ფეკალიების შერევის რისკი მაღალია, ჯობს ასეთ ადგილებს საბანაოდ მოვერიდოთ. ასევე, ხშირია ლაშქრობაზე ან ექსკურსიებზე ხალხი წყაროს წყლებს რომ ეტანება. გასაგებია, რომ წყაროს წყალი ძალიან გემრიელია და შეიძლება მართლა ძალიან სუფთა იყოს, მაგრამ შეიძლება არც იყოს. არ ვიცით, წყარო საიდან ჩამოდის, ისევ და ისევ ცხოველები სვამენ იქ წყალს და იგივე პრობლემაა. ამიტომ ჯობს თან გვქონდეს წყალი, რომელიც გარანტირებულად ვიცით, რომ სუფთაა. ასევე, მინდა გამოვყო აუზები, ეს ერთ-ერთი ადგილია, სადაც ბევრი ადამიანი ინფიცირდება. მაგალითად, კრიპტოსპორიდიაზი არის ისეთი ინფექცია, რომლისგანაც შეიძლება ათასობით ადამიანში მოხდეს დიარეის აფეთქება. რა თქმა უნდა, თუ კარგად და სწორად არის ქლორირებული აუზი, უნდა ხდებოდეს მიკროორგანიზმების განეიტრალება, მაგრამ ზოგჯერ ეს ცოტა ძნელია. ამიტომ თუ ვიზუალურად მაინც ვერ აკმაყოფილებს აუზი ჰიგიენურ ნორმებს, ჯობს მოვერიდოთ. ასევე, ხშირია ყურში აუზის წყლის მოხვედრა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება. მნიშვნელოვანია, ხშირად დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით ჭამამდე და ჭამის შემდეგაც. მოვიხმაროთ ნაყიდი წყალი, ამით შევამციროთ წყლით მოწამვლის ფაქტორი. თუ გაგვირთულდა ზემოთ ხსენებული სიმპტომები, აუცილებლად მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.
– მითებზეც ვისაუბროთ: ამბობენ, რომ როდესაც დიარეით მიმდინარეობს კონკრეტული დაავადება, თითქოს არაყი პირველი წამალია.
– არაყი და ლუდი მუცლის ტკივილის წამალი არ არის და ვერაფერს გაანეიტრალებს. შესაბამისად, ალკოჰოლი პირიქით – ფაღარათით ან ღებინებით მიმდინარე დაავადებების დროს კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ამ სიმპტომებს სერიოზულად გაგვირთულებს.
– არსებობს მოსაზრებაც, რომ დიარეის დროს ორი-სამი დღე უნდა დაველოდოთ და თავისით გაივლის. რამდენად სწორია ეს მიდგომა?
– გააჩნია. არის სიმპტომები და ჯგუფები, სადაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ლოგიკა არის იმაში, რომ 2-3 დღეში ფაღარათის დროს აუცილებლად არ მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. თუ ადამიანი იღებს წყალს და ამ წყალს ირგებს, ანუ აღარ აღებინებს, მაშინ შეიძლება გარკვეული პერიოდი დაველოდოთ. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ თვითმკურნალობას. უამრავი არასწორი „მკურნალობა“ იწყება, როცა პაციენტები ფაღარათით მოდიან და, არ ვიცი რატომ. . . სვამენ ბისეპტოლს. რატომღაც ყველაზე საყვარელი წამალია კუჭის აშლის დროს. არ ვიცი, საიდან მოდის ეს პრაქტიკა, ალბათ ბებიებიდან. კიდევ კარგი ცოტათი შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ იყენებენ, ასევე, ისტერიული გადასხმები. . . ყველგან ვამბობ და გავიმეორებ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი გადასხმა, თუ ადამიანი სითხეს ვერ ირგებს და იძულებულები ვართ, შევავსოთ ის ინტრავენურად. სხვა არავითარი აზრი გადასხმას არ აქვს. თუ სისხლიანი განავალია, თუ ადამიანი არის იმუნოკომპრომეტირებული, ანუ იმუნიტეტის დაზიანებით მიმდინარე რომელიმე დაავადება აქვს, მაგალითად, იმყოფება ქიმიოთერაპიაზე, ჰორმონოთერაპიაზე, ხანდაზმულებისთვისაც შეიძლება პრობლემა გახდეს, ქრონიკული მძიმე დაავადებები ვისაც აქვს და ასევე, ჩვილ ბავშვებში როცა ხდება ფაღარათი, ამ დროს ჯობს, არ ველოდოთ და სამედიცნიო დახმარება მივიღოთ. გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენთან დიდად არ უყვართ ბაქტერიოლოგიური კვლევები. თუ ფაღარათი გახანგრძლივდა, უნდა ჩავატაროთ განავლის ბაქტერიოლოგია და გავიგოთ, რომელი ბაქტერიაა, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკი. ასევე, თუ გახანგრძლივებულია ფაღარათი, კარგია, გავაკეთოთ პარაზიტებზე კვლევა. მაგალითად კრიპტოზე, ამებიაზზე და სხვა. თუ კვალიფიციურად მივუდგებით და დავადგენთ, რასთან გვაქვს საქმე, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, თუ ადამიანი ჯანმრთელია, ახალგაზრდაა და თუ სითხეს ირგებს, არ უნდა შეგვეშინდეს, დაველოდოთ და, ხშირ შემთხვევაში, გაივლის.
მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *