მეცნიერი,   ლიდერი,   საზოგადო მოღვაწე
By

მეცნიერი,   ლიდერი,   საზოგადო მოღვაწე

დაბადებიდან 70 წელი უსრულდება აკადემიკოს ალიოშა (ალეკო) ბაკურიძეს. იგი   საყოველთაოდ აღიარებული, საქმესა და შედეგზე ორიენტირებული, ინოვაციური, ფართო ერუდიციის მქონე, ქარიზმატული ლიდერია, მეგობრობაში ერთგული, უღალატო, ტრადიციებისა და პრინციპების დამცველი პატრიოტია. პირად ცხოვრებაში მოკრძალებული და თავმდაბალია, რაც მისი მაღალი კულტურის მაჩვენებელია.
დაიბადა 1955 წლის 17 აგვისტოს შუახევის რაიონის სოფელ შუბანში. 1972 წელს დაამთავრა შუბნის საშუალო სკოლა, 1979 წელს  – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი (წარჩინებით) პროვიზორის დიპლომით. სტუდენტობის დროს იყო აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის სახელობის სტიპენდიატი.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  ბატონი ალიოშა მუშაობას იწყებს შუახევის  რაიონული აფთიაქის გამგედ, ხოლო 1982 წლიდან თითქმის 2 წელი მუშაობდა ჩაქვის აფთიაქის გამგედ. ამ შედარებით მოკლე პერიოდში მან ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
თავიდანვე კარგად იცოდა, რომ მეცნიერებაში არ არსებობს ფართო შარაგზა და მხოლოდ მას შეუძლია მიაღწიოს მწვერვალებს, ვისაც არ აშინებს დაღლა კლდოვან ბილიკებზე ასვლისას.  1984 წელს  სწავლა გააგრძელა მოსკოვის ფარმაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ,  1987 წელს, წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე წელს დაუბრუნდა მშობლიურ ქვეყანას და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. 1990–1995 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის დოცენტია.
1994  წელს   სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და მიენიჭა ფარმაცევტულ მეცნიერებათა  დოქტორის სამეცნიერო ხარისხი,  ფარმაციაში ყველა გრიფით, რაც ძალზე იშვიათი და გამორჩეული მიღწევა იყო არა მარტო აჭარის, არამედ საქართველოს მასშტაბით. 1995-2000 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია, 2000 წლიდან დღემდე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პროფესორი, ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პროფესორ ალიოშა ბაკურიძის სამეცნიერო მიღწევების აღიარება და ბრწყინვალე დაგვირგვინება იყო 2004 წელს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩევა.
1994-2005 წლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მუშაობისას, იგი წარმოჩნდა როგორც მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების თვალსაჩინო ორგანიზატორი.
2005-2008 წლებში  იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორია, 2008 – 2015 წლებში კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
ბატონი ალიოშა  შვიდი წელი ხელმძღვანელობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს მისი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზატორული მუშაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პერიოდია.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მუშაობის პერიოდში იგი წარმოჩნდა როგორც უმაღლესი სკოლის, ზოგადად, განათლების სისტემის უბადლო მცოდნე, შესანიშნავი ორგანიზატორი, შემოქმედი, შედეგზე ორიენტირებული ხელმძღვანელი და მეცნიერი. მან აამაღლა უნივერსიტეტის ავტორიტეტი და ცნობადობა მსოფლიო საუნივერსიტეტო სივრცეში, გაამრავალფეროვნა საგანმანათლებლო პროგრამები, შექმნა ახალი სპეციალობები. მისი უშუალო ინიციატივით, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან ჩამოყალიბდა ფარმაციის მიმართულება, რითაც საფუძველი ჩაეყარა უმაღლეს საუნივერსიტეტო ფარმაცევტულ განათლებას აჭარაში.
პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს  გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 11 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 9 საავტორო მოწმობა და 40-ზე მეტი პატენტი. ავტორია 32 პრეპარატისა, რომლებსაც სერიულად  საქართველოში ამზადებენ. არის 30-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, ასევე, მედიცინის 5 სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო კონსულტანტი.
ამჟამად ხელმძღვანელობს 3 დოქტორანტს და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას: „ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები“.
1996-2015 წლებში სტაჟირება გაიარა დანიის, ჩეხეთის, ეგვიპტის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, საფრანგეთის, კანადის, სტამბოლის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების აღიარებულ უნივერსიტეტებში.
2006 წლიდან დღემდე მიღებული აქვს 12 სამეცნიერო გრანტი, აქედან 6 – საერთაშორისო. 2006 წლიდან დღემდე სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგა 50-ზე მეტი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა წინაშე. მისი მრავალმხრივი სამეცნიერო საქმიანობიდან განსაკუთრებით ინტერესს იმსახურებს მიზანმიმართული მიწოდებისა და სელექციური მოქმედების ფორმებისა და სისტემების, აგრეთვე სამედიცინო ნაწარმის  შექმნა ნანოტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით.
პროფესორი ალიოშა ბაკურიძე   სამეცნიერო წარმატების თანაზიარად მიიჩნევს თავის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.  დაძაბული სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და ორგანიზატორული მოღვაწეობის პარალელურად იგი ეწევა ნაყოფიერ საზოგადოებრივ და სამეწარმეო საქმიანობას. თითქმის ათი წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციას. მან შეიმუშავა საქართველოში ფარმაციის განვითარების კონცეფცია, აჩვენა, როგორ უნდა გიყვარდეს დარგი, პროფესია, მისი ისტორია და ტრადიციები.
ალიოშა ბაკურიძე ფარმაცევტული წარმოების ორგანიზატორიცაა. მან მეგობრებთან ერთად ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დააფუძნა ფარმაცევტული საწარმო „ფიტოფარმი“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა იმ უმძიმეს წლებში ქვეყანაში ფარმაცევტულ პრეპარატებზე დეფიციტის დაძლევის საქმეში. შემდეგ  აფუძნებს ფარმაცევტულ საწარმო „ნეოფარმს“, რომელიც ბუნებრივი სამკურნალო ნედლეულის ბაზაზე წარმოებული პრეპარატებითაა სახელგანთქმული და ამ კუთხით ის ქვეყანაში წამყვანი საწარმოა. „ნეოფარმის“ ლოგო ამშვენებს სააფთიაქო ქსელსაც, რომელიც მოსახლეობაში დიდი ნდობითა და დამსახურებული აღიარებით სარგებლობს. ქველმოქმედებასაც ეწევა. ხშირად ასპონსორებს გაზეთ „ შუახევს“,  თანადგომას უწევს შუახეველ ავტორებს წიგნების გამოცემაში.
უაღრესად შთამბეჭდავი სამეცნიერო წარმატებებისა და შრომითი ბიოგრაფიის  მშრალი ციფრების უკან პროფესორ ალიოშა ბაკურიძის მრავალწლიანი, ტიტანური, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური, ორგანიზატორული და საზოგადოებრივი საქმიანობაა. ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან მეცნიერებას, შრომას, ახალგაზრდების აღზრდის საქმეს მოახმარა.  დღეს საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მეცნიერია. მისი სახელმძღვანელოები სტუდენტებს უყვართ, მის  შრომებს მეცნიერები ყურადღებით ეცნობიან, მის მიერ შექმნილ ახალ პრეპარატებს ავადმყოფთათვის შვება და განკურნება მოაქვთ. ენციკლოპედიური ცოდნისა და მტკიცე, გაწონასწორებული ხასიათის მქონე მეცნიერია, საუცხოო თამადა და მჭევრმეტყველია. იგი დღესაც ახალგაზრდული შემართებითა და ენთუზიაზმით იღვწის.  დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, უამრავი დიპლომითა თუ სიგელით, არჩეულია „საპატიო შუახეველად“, „საპატიო მარეთელად“.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.
აჭარის ფარმაცევტთა ასოციაცია მოკრძალებითა და დიდი პატივისცემით ულოცავს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას,  დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს ფარმაციისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მამული და ოჯახი დაგილოცოთ ღმერთმა.
ვლადიმერ მახარაძე,
ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *