ესპანელების ქართველი რძალი
By

ესპანელების ქართველი რძალი

12 შვილის აკვანი დაირწა ჩანჩხალოელი ფატი დუმბაძისა და ახმედ დიასამიძის ოჯახში. მთის სოფლის მწირი მიწები მრავალშვილიან ოჯახს შემოსავალს არ აძლევდა. ახმედმა გონიერებას უხმო და შუახევის რაიონიდან საცხოვრებლად მაშინდელი ბათუმის (ახლანდელი ხელვაჩაურის) რაიონის სოფელ სალიბაურში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახმა სანიმუშო ცხოვრება მოიწყო და შვილებს მზრუნველობა არ მოაკლო. მარტო თამაზ დიასამიძის – ისტორიკოსის, მეცნიერის და ცნობილი პოლიტიკოსის ხსენებაც საკმარისია.

და-ძმების მსგავსად, სიყვარულსა და სიკეთეზე დაფუძნებული ოჯახი შექმნეს მერი ზვამბაიამ და ნოდარ დიასამიძემ. ნოდარს მისგან ერთი ქალიშვილი დარჩა (დედა კოვიდპანდემიის დროს გარდაიცვალა). შვილმრავალი ბებია, მზრუნველი მამა ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი შთამომავალი ევროპის უძველესი და წარმატებული ქვეყნის -ესპანეთის რძალი გახდებოდა.

10 წელია თამარი უცხოეთში ცხოვრობს. ოჯახში უკვე 5 წლის ქალიშვილი აინივა მორენო-დიასამიძე იზრდება. აგვისტოში თამარი, მეუღლისა და შვილის თანხლებით, მშობლიურ საქართველოში იმყოფებოდა. მათ აჭარის მთიანეთის ღირსშესანიშნაობანი მოინახულეს და შუახევში მცხოვრებ მამიდა ეთერ დიასამიძე-დავითაძესაც ესტუმრნენ. თამართან საუბარი სწორედ იქ ჩავიწერეთ.

– ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერების ჟამი ერთხელ დგება. სწორედ მაშინ უნდა ჩასჭიდო ბედს ხელი და ცხოვრების დიდ გზაზე გაიყოლიო. უმაღლესი განათლება მშობლიურ ქვეყანაში მივიღე, პირველი შრომითი ნათლობაც. ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი და მისი პერსონალი თბილ მოგონებად მრჩება. ერთ დღეს გვითხრეს, ესპანეთიდან მივლინებით სტუმრები ჩამოდიან და მათ დასახვედრად მოემზადეთო. მომავალი მეუღლე იმ დღეს გავიცანი. იმ დღიდან მოყოლებული, თავს ბედნიერად მივიჩნევ. ესპანეთი, ქალაქი ვალენსია გახდა ჩემი მეორე სამშობლო და საბუდარი. სექტემბერში 10 წელი სრულდება, რაც ოჯახი შევქმენი. სიამაყით ვიხსენებ იმ დროს, როცა მივლინებით ჩამოსულ ალეხანდროს ვაცნობდი ჩვენს კულტურას, წარსულსა და დღევანდელობას, რომ ესპანელ ბასკებსა და ქართველებს მრავალი რამ გვაქვს საერთო… ჩვენი ქორწილი ქართულ-ესპანური ტრადიციების ნაზავი იყო. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ვარ, უკვე ვემზადებით ჯვრისწერისთვის.

– მამა თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?

– ტრადიციულად, დიასამიძეების გვარის ჩვენი შტოს წარმომადგენლებს ოჯახებში სრული ჰარმონია გვაქვს. ჩემს გადაწყვეტილებასაც უმტკივნეულოდ შეხვდნენ. 10 წელია ჩვენი მშობლები ერთმანეთს ეფერებიან და იმედია, ეს დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება.

– გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში მაღალი სიცხეების გამო, ტყის ხანძრები გახშირდა. სტიქია თქვენს საცხოვრებელსაც ხომ არ ემუქრება?

– სტიქიის შემოტევა უკვე მასობრივ ხასიათს იღებს. ქვეყანამ საკუთარი ძალებით ვეღარ შეძლო მასთან გამკლავება და რამდენიმე ქვეყნიდან მეხანძრეები არიან მობილიზებულნი. საბედნიეროდ, ჩვენს ქალაქსა და მის შემოგარენში სიმშვიდეა. უფალს მადლობას ვუხდი.

– როგორც ახსენეთ, აღმსარებლობით მართლმადიდებელი ხართ, ასევე – მეუღლეც?
– მეუღლე კათოლიკეა. ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს. უფალთან მისასვლელ გზებსაც ამ სიყვარულით ვირჩევთ. ეკლესიებში საღვთო დღესასწაულებზე ერთად მივდივართ და უფალს ვევედრებით, რომ ბედნიერი მომავალი გვქონდეს. აჭარის მთიანეთის ღირსშესანიშნაობას რომ ვეცნობოდით, დაბა ხულოს ეკლესიაში მივედით, სანთლები ერთად დავანთეთ. გამოგიტყდებით, რომ ხულოში რამდენიმეჯერ ვიყავი, მაგრამ სხალთის ტაძარი, სამონასტრო კომპლექსი პირველად ვნახე. მეუღლეს ტაძრის წინამძღვარმა მისი ისტორია გააცნო. ესპანეთში რომ დავბრუნდები, დედამთილსა და მამამთილს ფოტოებს ვაჩვენებ და იმ ისტორიას მოვუყვები, სხალთაში რომ მოვისმინე. ესპანეთს კულტურის უძველესი ძეგლები არ აკლია, მაგრამ სხალთის ტაძრის მსგავსი ისტორია ერთეულებს თუ ექნებათ. ალეხანდრო ესპანეთში საკმაოდ ცნობილი არისტოკრატიული გვარის შთამომავალია. დიასამიძეებსაც ღირსეული წინაპრები გვყავდა. კათოლიკოსები ეფრემ I და ეფრემ II სამცხელი დიასამიძეები იყვნენ. დიასამიძე იყო დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ამალის წევრი, რომელმაც აჭარაში, კერძოდ, ოთოლთას ციხეში რამდენიმე დღე დაჰყო. ეს მეუღლეს სხალთაში ვუამბე. სიხარული ვერ დაფარა და საჯაროდ განაცხადა, 10 წლის წინ კარგი არჩევანი გამიკეთებიაო.

– როგორია დედამთილ-მამამთილის დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისადმი?

– საოცრად კარგი დამოკიდებულება აქვთ. ჩემს ესპანელ დედამთილ-მამამთილს მოსწონს ქართული კულინარია. მათთვის უკვე მისაბაძი გურმანი ვარ. ვცდილობ, ყველა ეროვნული კერძის რეცეპტი გავაცნო. ისინიც ესპანურ სამზარეულოს მაცნობენ. ორივენი 70 წელს არიან მიტანებული. მამამთილი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, წლები გაატარა ქვეყნის სამსახურში და ახლა დამსახურებულ პენსიაზეა.

– თქვენ თუ მუშაობთ?

– შვილის გაჩენამდე ვმუშაობდი. ესპანური ენა შევისწავლე, კოლეჯიც დავამთავრე. ახლა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვით ვარ დაკავებული. ესპანელებიც, ქართველების მსგავსად, შვილის მომავალზე ზრუნვას გამორჩეულ ყურადღებას აქცევენ.

– თქვენი შვილი ესპანეთში დაიბადა. ქართულ ენას თუ ფლობს?

– ვიდრე კითხვას ვუპასუხებდე, გეტყვით, რომ ესპანეთში შვილი ორივე მშობლის, მამისა და დედის გვარებს ატარებს. ჩვენი შვილი აინოა მორენო-დიასამიძეა. ის უკვე ფლობს ქართულსა და ესპანურ ენებს. ყველაზე მეტად ეს მახარებს.

– მეუღლე რას საქმიანობს?

– მეუღლემ აკადემიური დოქტორის ხარისხი მოიპოვა, უკვე პროფესორის წოდება აქვს. რამდენიმე სასწავლებელში მუზეუმების შესახებ ლექციების კურსი მიჰყავს. ესპანეთი მუზეუმებით განთქმული ქვეყანაა და კულტურის ეს კერები ყოველწლიურად მილიონობით უცხოელ ტურისტს იზიდავს, შემოსავლიანიც არის. ქვეყანაში დაფასება არ აკლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ.

– საქართველოშიც ხომ არ ისურვებდა ლექციების კურსის წაყვანას?

– ალეხანდროს საქართველო, ქართველები ძალიან მოსწონს. აქ ცხოვრებაზეც უარს არ ამბობს. დედისერთამ, უკვე მშობლებიც დაიყოლია. ცდილობს, ქართული ენა შეისწავლოს. ყოველივე ეს ჩვენი სიყვარულიდან, კეთილი ურთიერთობებიდან მოდის. არ ვჩქარობთ საქართველოში დაბრუნებას. ესპანეთში ემიგრანტად მყოფი ყველა ქართველის და ჩემი ნატვრაცაა, განვითარებული, მშვიდობიანი, დემოკრატიული სამშობლო გვქონდეს. ყველა ქართველის სიამაყედ იქცა „ვალენსიას“ ყოფილი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. საამაყოა, რომ ესპანეთში ქართველ ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ძეგლი დაუდგეს. მეც საქართველო-ესპანეთის მეგობრულ ურთიერთობებში ერთი მანათობელი ვარსკვლავი ვარ.

 

ესაუბრა ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *