
„ღმერთს ებარებოდეთ, ჩემო და ჩვენო ფერედნელო ქართველებო!“
ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერეიდნის პროვინციაში მივლინებით იმყოფებოდა აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ მჟავანაძე. იგი ნანახსა და განცდილზე საუბრობს:
– თბილისის აეროპორტში ვარ, თეირანში მივფრინავ. დრო გაიწელა. ჩაფიქრებულს, მაღალი აღნაგობის მამაკაცი ქართულად გამომელაპარაკა, შეიძლება თქვენ გვერდით ჩამოვჯდეო? საერთო ენა მალე გამოვნახეთ. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა ქართული იერ-სახე, ჩემს მშობლიურ ენაზე საუბარი, მაგრამ უცხოური კილო… უხერხულობა მან განმუხტა – გიორგი ონიკაშვილი ვარ, ფერეიდანში ვცხოვრობ. მოხიბლული ვარ საქართველოში ყოფნით, თანამემამულეებთან შეხვედრებითო. ჩემი სადაურობითაც დაინტერესდა. ვუთხარი, რომ შუახევის რაიონის სოფელ წყაროთადან ვიყავი. საუბრის დასაწყისშივე მომხიბლა გიორგის დამოკიდებულებამ ეროვნული ადათ-წესებისადმი. მეხსიერებიდან არ ამომდის მისი სიტყვები: „ჩემი პირველი სამშობლო საქართველოა“… თეირანში ჩაფრენისთანავე აეროპორტში მისი მეგობარი მანქანით დაგვხვდა და იმავე ღამეს უკვე ფერეიდანში ჩავედით.
– ალბათ, ბოლომდე გიერთგულათ?
– რა თქმა უნდა. სასტუმრო რომ ვიკითხე, გამიწყრა – ჩვენ საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს ოჯახებში ვიწვევთ და ვმასპინძლობთო. სიკეთით და სითბოთი სავსე ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე ნარგიზი და ვაჟი დარია კეთილი და გულუხვი მასპინძლები გამოდგნენ. მითხრეს, რომ მათი ქალიშვილი საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში, სამედიცინო განათლებას იღებს. ამ თემაზე ოჯახში სიამაყით საუბრობენ.
– ბევრს საუბრობენ ფერეიდანში არსებულ წესრიგზე. . .
– გაგონილს ნანახმა აჯობა. წესრიგია ყველგან და ყველაფერში. აქ არ იციან, რა არის კრიმინალი, სავაჭრო ობიექტებს ურდულს არ ადებენ. მასპინძელმა ახლად აშენებულ, ოთხსართულიან სახლთან მიმიყვანა. თვალი მომტაცა ქართულმა წარწერამ – ,,ბორჯღალი“. შენობა იმედო გუგუშვილს აუგია ღირსეული წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად. ეს ის პიროვნებაა, რომელიც ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა ფერუდინ შახინთან და სხვა თანამგზავრებთან ერთად. გიორგიმ გამაცნო შახრამ ონიკაძე, ისმაელ დავითაშვილი და სხვა ქართველები. დამპატიჟეს ელზათ ონიკაშვილის ქართულ სახინკლეში, ჩვენთვის ტრადიციული სუფრა გაშალეს და მოვილხინეთ. აჭარა და შუახევი რომ ვახსენე, მოიგონეს პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, მწერალი ნიაზ ზოსიძე. ისინი სათუთად ინახავენ იმ ადამიანების გვარ-სახელებს, რომლებიც წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ სტუმრობდნენ.
– ქართულ სკოლაში თუ მიგიწვიეს?
– ჩემი ვიზიტის მთავარ მოგონებად ქართულ სკოლაში ყოფნა დარჩება, აქ ქართულ წერა-კითხვას ასწავლიან ბავშვებს, ახალგაზრდებს. ხანდაზმულებიც ვნახე, ქალებიც კი. ქართულ სკოლას რეზო ხუციშვილი და მისი მეუღლე ზეინაბ დავითაშვილი ხელმძღვანელობენ, სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული შემომატარეს. ქართულ წიგნთა სიმრავლე და მრავალფეროვნება ვნახე. დასანანია, რომ „დედა ენა“ არ აქვთ საკმაო რაოდენობით. აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო შეხვედრაზე გამგეობის ხელმძღვანელობას ამის შესახებ ვუთხარი. ბატონი ანზორ თხილაიშვილი პირადად შეხვდა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, რომელიც სექტემბრისთვის 200 ეგზემპლარ „დედა ენას“ მოგვაწვდის და ფერეიდანში ჩავიტანთ.
– იქაურ მარტყოფზე რა ცნობები მოიპოვეთ?
– ფერეიდანში ქართველების დასახლებას ზემო მარტყოფი ჰქვია. ეს სახელი საქართველოს მონატრების ნიშნად შეურქმევიათ – მარტყოფელები აქ დაუსახლებიათ. შევხვდი ქართულად მოსაუბრე ფერუდინ შახინს და იმედო გუგუშვილს.
– ქართულ ადათ-წესებს თუ იცავენ?
– მასპინძლებმა სამკერვალო საამქრო დამათვალიერებინეს. იქ ვნახე ქართული თარგით შეკერილი ტანსაცმელი, ქართული ჩოხა-ახალუხი ყველა ატრიბუტით. სამკერვალოს მეპატრონეები აზა და ბარხამე მუხიანიძეები არიან. ისინი ქველმოქმედებასაც ეწევიან. ქართული ადათ-წესების მიმდევრებს ჩოხა-ახალუხსაც ჩუქნიან. მისასალმებელი და დაუვიწყარი იყო საუბარი ქართული ტრადიციების მიმდევარ ლადო სეფიაშვილთან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. მისი ნაჩუქარი წიგნი ჩემს ოჯახს რელიკვიად შემორჩება. ფერეიდანში ქართველების თავშეყრის ადგილია თამაზ ბასიტაშვილის სასტუმრო. მან ქართული ანბანით შემკულ-მოჩუქურთმებული სიმბოლური სუფრა მისახსოვრა. „ღმერთს ებარებოდეთ!“ – ასე იციან საუბრის დასრულება ფერეიდნელებმა. მართლაც, ღმერთს ებარებოდეთ, ჩემო და ჩვენო ფერეიდნელო ქართველებო!
ესაუბრა ოთარ ცინარიძე
გალერეა
