
ბებიის გულიდან – შვილიშვილის ფურცლებზე
დღევანდელი რესპონდენტი ჩემი ბებია, 90 წლის ეთერ ბაჟუნაიშვილია. შესაბამისად, ეს ინტერვიუ ჩემთვის ძალიან ემოციურია, ბებიები ხომ ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. ყველა ოჯახს აქვს თავისი ისტორია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ბებიის ყოველი მონათხრობი სითბოთი, სიბრძნითა და გამოცდილებითაა გაჯერებული. ამიტომ გადავწყვიტე, მისი ისტორიები ფურცლებზე გადმომეტანა. ამასთან, ეს არის მცდელობა, დავინახო და დაგანახოთ სამყარო მისი გამოცდილებით და ამით თაობებს შორის უხილავი ხიდი ავაგო.
– ბავშვობიდან დავიწყოთ . . .
– რასაც ნამდვილი ბავშვობა ჰქვია, მე არ მქონია, რადგან რთული პერიოდი გამოვიარე. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მამა ომში გაიწვიეს, იქიდან აღარ დაბრუნებულა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია. ამ დროს 6 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 3 წლის, ხოლო და – 37 დღის. დედაჩემს და-ძმის გაზრდაში ვეხმარებოდი, რადგან მარტო ვცხოვრობდით. დედა ბაღ-ბოსტანში სამუშაოდ რომ მიდიოდა, მე მათთან მტოვებდა ყურადღების მისაქცევად. გამუდმებით დედაჩემს ვეხმარებოდი სახლის საქმეებში, ან ჩემი და-ძმის გვერდით ვიყავი. ამიტომ დრო არ მქონდა, გარეთ გავსულიყავი და თანატოლებთან მეთამაშა.
– ომის პერიოდში ცხოვრება ძალიან რთული იყოო . . .
– თავი გაჭირვებით გაგვქონდა, ნახევრად მშივრები ვიძინებდით. ომი რომ დაიწყო, სტალინის ბრძანებით, ათ დღეში ერთხელ, სულადობრივ ულუფებს გვირიგებდნენ, რომელიც გაჭირვებით გვყოფნიდა. ომი რომ გაგრძელდა, რასაც არ ველოდით, ამ ულუფებსაც აღარ გვირიგებდნენ და ჩვენით ვცდილობდით საკვების მოპოვებას. დედა სოფლის მეურნეობას მიჰყვებოდა, გვყავდა საქონელიც და რაღაცნაირად თავს ვირჩენდით. ომის დროს ისეთი გაჭირვება იყო, მოსახლეობა ფხალში და მოხარშულ მსხალში მცირეოდენ მჭადის ფქვილს გაურევდა, რომ გაებევრებინა და ისე გამოეცხო მჭადი. როცა ესეც არ იყო, მაშინ წიფლის ხის ქერქს ახმობდნენ, აფქვევდნენ, აცხობდნენ და ჭამდნენ. შემოდგომის მოსვლას ვზეიმობდით, რადგან ჭყინტ სიმინდს ვტეხდით, საკეპ მანქანაში გავატარებდით, ვაცხობდით და მივირთმევდით. შემოდგომაზე გოგრას ვხარშავდით, რძეს ვასხამდით და ფაფას ვაკეთებდით. არც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვქონდა. ტანსაცმლის ნარჩენებს ერთმანეთს ვაკერებდით და ვიცვამდით. ამ პერიოდში, რადგან ხალხს შიოდა, გახშირდა ყაჩაღობაც. როცა მოსაღამდებოდა, დედაჩემი სახლში შეგვიყვანდა, კარებს ჩაკეტავდა, ერთ კართან წალდს დადებდა, მეორესთან კი ცულს, თუ ვინმე შემოვიდოდა, წინასწარ ემზადებოდა. კარგად რომ დაბნელდებოდა, ფანჯრიდან რანდენჯერმე თოფს ისვრიდა, რომ ყაჩაღებს შეშინებოდათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათ თავდასხმას მაინც ვერ გადავურჩით. დედა ავად რომ გახდა და საავადმყოფოში იწვა, ჩვენ დეიდამ წაგვიყვანა და გვივლიდა, სახლში აღარავინ იყო. ყაჩაღებმა ეს რომ გაიგეს, გატეხეს ჩვენი სახლი და რაც გაგვაჩნდა, ყველაფერი წაიღეს, თუმცა, ბაბუის დახმარებით, გვქონდა საჭმელი და მშივრები არ ვიყავით. ასე გაგვქონდა თავი, სანამ ომი არ დასრულდა.
– ომის დასრულების შემდეგ როგორ შეიცვალა მოსახლეობის ცხოვრება?
– დადებითად. სტალინის ბრძანებით, კვლავ განაგრძეს სურსათ-სანოვაგის დარიგება, დაიწყო მშენებლობები. ახლანდელმა თაობამ შეიძლება სწორად ვერ გამიგოს, სტალინს რომ ვაქებ, რადგან მათ არ უყვართ, თუმცა სიმართლე უნდა ვთქვა, სტალინი რომ არა, ჩვენ დავიღუპებოდით.
– ბებო, როგორც ცნობილია, ძველ დროში ადრეულ ასაკში იქმნებოდა ოჯახები და მეტიც, წყვილი ერთმანეთს არც იცნობდა . . .
– მართალია. 19 წლის ვიყავი, როცა ბაბუაშენთან ერთად ოჯახი შევქმენი. მაშინ სიყვარულით გათხოვება არ ხდებოდა, არც ერთმანეთს ვხვდებოდით, მაჭანკლობით იქმნებოდა ოჯახები. მოვიდოდა ოჯახში მაჭანკალი, ეტყოდა ოჯახის უფროსს, რომ თქვენი შვილის ცოლად მოყვანა უნდა ამა და ამ ადამიანსო და თუ უფროსს მოეწონებოდა სასიძო, მაშინ მის ქალიშვილს მიათხოვებდა. აქვე ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩემს მეუღლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახი მაჭანკლობით შეიქმნა, ძალიან გამიმართლა, რადგან საოცარი ადამიანი იყო.
– დაოჯახებამდე ერთმანეთს რამდენჯერ შეხვდით?
– პირადად შევხვდი მაშინ, როდესაც ოჯახში მოვიდა 40 ადამიანთან ერთად, ბეჭედი მომიტანა და დამნიშნა, მანამდე შორიდან ორჯერ მყავდა ნანახი ისე, რომ თავად არ იცოდა, ერთი წლის მერე კი შევუღლდით.
– საინტერესოა, რა განსხვავებას ხედავ ძველ და ახლანდელ დროს შორის?
– ძველ და ახალანდელ დროში ცხოვრება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პირველ რიგში, შეცვლილია საზოგადოება და მათი აზროვნება. მაშინდელი ურთიერთობები გულწრფელი იყო. უფროსი ოთახში რომ შემოვიდოდა, ჩვენ ფეხზე ვდგებოდით პატივისცემის ნიშნად. დღეს ასე აღარაა. მეზობლური ყურადღებაც და სიყვარულიც სხვაგვარი იყო. მეზობლის გასაჭირი ყველას გასაჭირი იყო, მისი ბედნიერება კი ყველას ბედნიერება. არ იყო ტყუილი, ღალატი და ერთმანეთის ზიზღი. მაშინ პატიოსნებაც ფასობდა და ქალსაც დიდ პატივს სცემდნენ. ბაბუაშენი, ჩვენი ოჯახის უფროსი ხუსეინ ჯინჭარაძე ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში, და არა მარტო იქ, ძალიან ცნობილი ადამიანი იყო. ანსამბლში მღეროდა, საოცარი იუმორი ჰქონდა და სათამადოდაც სპეციალურად ეძახდნენ. მაშინ ყველა ოჯახში, ვისაც კი საშუალება ჰქონდა, სუფრა იყო გაშლილი და გამუდმებით ქეიფობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ფანდურზე უკრავდნენ და ასე გაჰყავდათ დრო. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ დროში ხალხს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და სტუმარმასპინძლობა გამორჩეულად იცოდნენ. ხუსეინი მეუბნებოდა, მე რომ არ ვიყო სახლში და ვინმე მოვიდეს, აუცილებლად შემოიპატიჟე და ერთი ჭიქა ღვინო დაალევინე, ოჯახის დალოცვის გარეშე არ გაუშვაო. ძველ დროში იყო სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებად ვხედავ. ჩვენ რთული დრო გამოვიარეთ, მაგრამ შრომა ფასდებოდა. დღესაც ასე უნდა იყოს, ყველას შრომა სათანადოდ უნდა ფასდებოდეს და ადამიანებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ ემიგრაციაში წასვლა. აქვე, ვისარგებლებ თქვენი გაზეთით და მოვიკითხავ ყველა ემიგრანტს და გავუგზავნი დიდ სიყვარულს. მჯერა, მალე დაუბრუნდებიან საკუთარ სამშობლოსა და ოჯახს.
– რას იტყვი დღევანდელ ახალგაზრდებზე?
– ახალგაზრდები რომ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარენ, არ მომწონს, რადგან ამით თავს იღუპავენ. ასევე, არ მომწონს, ცუდ სიტყვებს რომ გამუდმებით იყენებენ უფროსისა თუ უმცროსის თანდასწრებით. განსაკუთრებით მაღიზიანებს გინება საკუთარ დედაზე. გოგონებში არ მომწონს გამომწვევად ჩაცმა, თუმცა ეს მაინც მათი გადასაწყვეტია.
აუცილებლად უნდა ვახსენო ახალგაზრდების ის კატეგორია, რომლებმაც იციან უფროსთან სწორად საუბარი. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ მშრომელ ახალგაზრდებს, რომლებიც პატიოსანი შრომით ოჯახებს არჩენენ. ძალიან მომწონს სტუდენტები, რომლებიც სწავლასთან ერთად მუშაობენ კიდეც და სწავლის საფასურს საკუთარი შრომით იხდიან. ასეთი ადამიანები ცხოვრებაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ. სხვათა შორის, ძალიან მომწონს, ოჯახები რომ სიყვარულით იქმნება. კარგია, რომ ახლანდელ ახალგაზრდებს შეხვედრის საშუალება აქვთ, რადგან კარგად გაიცნობენ ერთმანეთს და მერე გადაწყვეტენ, უღირთ თუ არა ოჯახის შექმნა.
– რა გაქვს სათქმელი ახალგაზრდებისთვის?
– პირველ რიგში, იყავით კარგი ადამიანები, დააფასეთ ოჯახის წევრები და მათ გული არ ატკინოთ. ისწავლეთ, იშრომეთ და გამოადექით ჩვენს სამშობლოს. არასდროს შეგრცხვეთ პატიოსანი შრომის, სირცხვილი ყაჩაღობით ნაშოვნი ფულია. ცოლ-ქმარს შორის კამათი ხშირად ხდება, მაგრამ სიტყვები გააკონტროლეთ, არასდროს უთხრათ ერთმანეთს ისეთი სიტყვა, რაც უპატიებელია. არ უღალატოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და ჭირსა თუ ლხინში მათ გვერდით იყავით. იცხოვრეთ პატიოსნად და უფალს მადლობა გადაუხადეთ ყოველი დღისთვის. მე ბევრი სიმწარე გადავიტანე, რთულ და მტკივნეულ დღეებს გავუმკლავდი და არ გავბოროტდი. არც თქვენ შეგაშინოთ ცხოვრების უკუღმართობამ, ყველაფერს გაუძლებთ.
– ოცნება, რომელიც ვერ აიხდინე?
– ისე გარდავიცვლები, რომ სწავლის სურვილს თან წავიღებ. მთელი ცხოვრება მინდოდა უმაღლესი განათლება მიმეღო, თუმცა გაჭირვების გამო მე-5 კლასში სკოლიდან გამოვედი. შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. დღეს, 90 წლის ასაკშიც კი სწავლა ისე მწყურია, როგორც ადრე.
– ბებო, რა არის შენთვის ბედნიერება?
– ბედნიერება ოჯახი და შვილიშვილებია. მათი დანახვისას ასე მგონია, თითო წელი მემატება. უფალს მადლობა, გადატანილი წვალების შემდეგ, ასეთი ადამიანები რომ მყავს გვერდით და ცხოვრებას მიფერადებენ. მათი წყალობით ცხოვრება გამიფერადდა.
თამარ ლამპარაძე