„ბათუმის ყავის ფესტივალი“ – პირველად ბათუმში
By

„ბათუმის ყავის ფესტივალი“ – პირველად ბათუმში

პროექტს „ბათუმის ყავის ფესტივალი“, რომელიც აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, ქალაქმა პირველად უმასპინძლა.

ფესტივალის მიზანია ფართო აუდიტორიისთვის რეგიონის ტრადიციების, ბათუმური ყავის კულტურის, ისტორიის წარმოჩენა და გაცნობა, ძველი ტრადიციების გაცოცხლება და ახლებურად მიწოდება ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის, ასევე, გასტრონომიული და ტურისტული მიმართულების განვითარება.

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, კორტების მიმდებარე ფიჭვნარში, მოეწყო ყავის სახლები, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ყავის მოყვარულებს და დაინტერესებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე დაეგემოვნებინათ ქვიშაზე მომზადებული ბათუმური ყავა. გაიმართა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა, მოეწყო საბავშვო სივრცეები, ჩატარდა ვორქშოფები და მასტერკლასები.

ფესტივალში მონაწილე თითოეულ ადამიანს, ასევე სტუმრებს, მადლობა გადაუხადა „ბათუმის ყავის ფესტივალი 2025“-ის ავტორმა ანა შამილაძემ.

– ვფიქრობ, ყავის ფესტივალი ძალიან მოუხდა ბათუმს, რადგან ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის ყავის და ურთიერთობების ქალაქი. იმედი მაქვს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს, გარდა ამისა, ხელს შეუწყობს სტარტაპერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ყავის ბიზნესს აკეთებენ ჩვენს ქალაქში – გვითხრა ანა შამილაძემ.

„კიდევ ერთი ლამაზი ფესტივალი შეემატა ბათუმს. ყავა, ბულვარი, ზღვა, მუსიკა – ვფიქრობ, საინტერესო შერწყმაა, მათი სურნელება თავბრუს გახვევს და ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს ადამიანებში. ეს ორი დღე იყო ბათუმური თბილი ურთიერთობების კიდევ ერთხელ წარმოჩენა. აქ სულ სხვანაირი სიყვარული იციან. ბათუმი ყოველთვის მაბრუნებს ბავშვობის ლამაზ მოგონებებთან, აქ ჩამოსვლისა და დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, სავსე ვარ პოზიტიური ენერგიით. დიდი მადლობა ბათუმს, ყავის ფესტივალის ორგანიზატორებს სასიამოვნო ორი დღის ჩუქებისთვის, – გვითხრა სტუმარმა დედაქალაქიდან ლია არაბიძემ.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *