
ვის რა შანსი აქვს თვითმმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად?
არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, მასში მონაწილეობის მისაღებად კი 17 პოლიტიკური პარტია ემზადება, ესენია: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, „გირჩი“, „ლელო- ძლიერი საქართველო“, „მამული, ენა, სარწმუნოება“, „დემოკრატთა ალიანსი“, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, „ქართველ ერთობა“, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, „მესამე გზა“, „თავისუფალი საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ძლიერი საქართველო“, „მემარცხენე ალიანსი“, „საქართველო“, „მწვანეთა პარტია“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“, „სახალხო ხელისუფლება“, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე გამოკვეთილია დაპირისპირებული პოზიციები. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, საფუძვლად კი სამართლიანი პოლიტიკური გარემოს ნაკლებობას და არჩევნებისადმი უნდობლობას ასახელებენ. მათი თქმით, ქვეყანაში ვერ შეიქმნა ისეთი პირობები, რომლებიც კონკურენტულ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს უზრუნველყოფს, ამასთან, მათივე თქმით, როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები ციხეში იმყოფებიან და ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი, არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება – ეს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. მსგავს პოზიციას აფიქსირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ,„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ევროპული საქართველო“, რომელთა ლიდერების უმრავლესობაც ციხეშია.
ზემოთ აღნიშნული პარტიები 13 სექტემბერს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ, თუმცა უკვე არის საუბარი 4 ოქტომბრის აქციაზე – ამ დღეს „ენმ“ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებს.
სხვაგვარად ფიქრობენ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და აქტიურ საარჩევნო მარათონშიც არიან ჩართულები. მათთვის ეს არის შესაძლებლობა ამომრჩეველთან პირდაპირი კონტაქტისა და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე საუბრისთვის. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ადგილობრივ არჩევნებშიც შესაძლებელია ცვლილებების დაწყება. არჩევნების მოსაგებად განსაკუთრებული სამიზნე დედაქალაქია, სადაც კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ,,ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს, ხოლო „გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნებისთვის“ შეუცვლელი კანდიდატი კახა კალაძეა. ამასთან, მმართველი გუნდი ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. იგი 2017 წლის წესით ჩატარდება, სადაც პარტიებმა 4%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
საინტერესოა, ვის რა შანსი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად? ამ შეკითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.
გიორგი ქაჯაია:
– 2025 წლის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ევრობიუროკრატებისაგან მართული კონგლომერატია, რომელთაც არანაირი მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პროგრამა არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, როგორმე რევანშით ხელში ჩაიგდონ სახელისუფლებო ძალაუფლება. ქართველი ხალხი პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს და განამტკიცებს ქვეყანაში სიმშვიდესა და სტაბილურობას – ეს პირდაპირი გარანტიაა დემოკრატიის განვითარების. პარტიები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, პირველ რიგში, პატივს არ სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და არიან ყველაზე კომფორტულ პოზაში ნული პასუხისმგებლობით. პოლიტიკურ გუნდს, რომელიც არ იღებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ვალდებულებას, არ აქვს მორალური უფლება, ითხოვოს მხარდაჭერა. საბედნიეროდ, არსებობს გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ღირსეულად უმკლავდება, ვგულისხმობ მმართველ ძალას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერითა და სწორი პრაგმატული ნაბიჯებით, ვფიქრობ, უალტერნატივოა ადგილობრივ არჩევნებში. ხალხს სურს მშვიდობა და განვითარება.
დემურ გიორხელიძე:
– ეს არჩევნები არ არის, ეს ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის ლეგიტიმაციის ნაწილობრივ მინიჭებაა. მე არ ვმონაწილეობ არჩევნებში, როგორც ამომრჩეველი, ამიტომ ამ თემზე მხოლოდ ასე გიპასუხებთ. ისიც არ ვიცი, ვინ მონაწილეობს.
ლაშა ძებისაშვილი:
– ჩემთვის ეს არ არის თვითმმართველობის არჩევნები, არ ვაღიარებ მას, შესაბამისად, შანსებზე საუბარი ზედმეტია.
სოსო მანჯავიძე:
– „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ექნება სრული უპირატესობა როგორც დედაქალაქში, ასევე – ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ისინი დეგრადირებულები არიან სრულიად არაადეკვატური მოქმედებებით, რაც დიდწილად განპირობებულია გარე აქტორების ინტერესების მონური მორჩილებით, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, რასაც კარგად ხედავს მოსახლეობა. ამიტომ მათ არავითარი ელექტორალური რესურსი თვით „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთა შორისაც კი არ აქვთ. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა „კონსერვატორებზე“, მათ არ აქვთ ფინანსური და ორგანიზაციული შესაძლებლობები, რომ სერიოზული გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე.
ლევან ნიკოლეიშვილი :
„ქართულ ოცნებას“ აქვს გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი, ვიდრე „ლელო-გახარიას“ პარტიას. ოპოზიციის ის ამომრჩეველი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, მათ ხმას არ მისცემს, შესაბამისად „ოცნების“ ამომრჩეველი უცვლელია და ისევ ხელისუფლებას მისცემს ხმას. შესაძლოა, ხმათა მცირე რაოდენობა იაგო ხვიჩიას „გირჩმაც“ მიიღოს, მათაც თავიანთი მუდმივი ამომრჩეველი ჰყავთ.
ვახტანგ მუჯირიშვილი:
– თუ გადავხედავთ ოპოზიციის სტრატეგიას, ქმედებებს, ერთობასა და ერთსულოვნებას, კვლავ უპრობლემოდ, უმრავლესობით მოვა მმართველი გუნდი, გადაგდებული მანდატებით კი უმცირესობით – „ლელო-გახარიას“ ერთობა, რათა რაღაცნაირად მოხდეს არჩევნების ლეგიტიმურობის გაფორმება. სამწუხაროა, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე დღესაც, არჩევნებში არაჯანსაღი კონკურენციაა.
თამარ ლამპარაძე