
სარწყავ არხზე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს სარწყავი და დამშრობი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელებელ ომარ ტაკიძესთან ერთად, რომელიც ამ თანამდებობაზე არჩევნებზე ხელახლა იყრის კენჭს, დასრულებული სარწყავი არხი მოინახულა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, ტაკიძეები-მოსიაშვილების სარწყავი არხები სრულად გაიწმინდა მიწის მასისგან და დაზიანებულ მონაკვეთებში მოეწყო მილები. აღნიშნული არხის სრული სიგრძე 3500 გრძივი მეტრია, რომელიც მოემსახურება 150-მდე ოჯახს. სარწყავი ტერიტორიის ფართობი შეადგენს 66 ჰექტარს.
პროგრამის მიზანი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებდა სარწყავი და შიდაქსელური არხების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.
„სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის“ პროექტის ფარგლებში, 2025 წელს ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ 9 სარწყავ არხს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, პროგრამის ფარგლებში, მოვლა-შენახვის ღონისძიებით, დამატებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 არხს.
სარწყავი არხების რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს მინისტრის პირველმა მოადგილე არჩილ ბერიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორმა რაულ თავართქილაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა და სპეციალისტებმა.
გალერეა

