
„მარტოობის სამ-ასი წელიწადი“ – წიგნი მხატვრული დისკურსის ასპექტებზე
პოეტი, პუბლიცისტი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ჟუჟუნა შაინიძე მრავალი პოეტური კრებულისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი შემოქმედება გამოირჩევა სიღრმისეული ანალიზითა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. ახლახან მან მკითხველს ახალი წიგნი შესთავაზა – „მარტოობის სამ-ასი წელიწადი“, რომელიც აჭარის მხატვრული დისკურსის ასპექტებს ასახავს. ეს ნაშრომი ლიტერატურის ისტორიაზე გვიყვება და მკითხველს მის მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ლიტერატურა ეპოქათა გამოცდილების, კულტურული შეხების, ტკივილისა და თვითგადარჩენის ნაყოფია. ჟუჟუნა შაინიძე ჩვენთან ინტერვიუში წიგნის შექმნის მოტივებზე, აჭარის კულტურული მრავალფეროვნების გავლენაზე, მხატვრულ პროცესებზე, დისკურსის კვლევის სირთულეებსა და იმ გზებზე გვესაუბრება, რომლებიც აქაურ ლიტერატურას ფართო ქართულ და მსოფლიო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.
– ქალბატონო ჟუჟუნა, რა იყო თქვენი მთავარი მოტივი ამ წიგნის შექმნისას?
– ამ წიგნის შექმნის მოტივის, მიზნის, მიმართულების ერთ ცნებაში მოქცევა გამიჭირდება. წიგნის შექმნის იდეა ათეული წლის წინ გაჩნდა. ჩემთვის ეს იდეები აკვიატებული აზრივითაა, ერთხელ თუ გონებაში „ჩამიფრინდა“, თავს აღარ მანებებს. როგორც პოლ დე მანი ამბობს, იგი ცოცხალ არსებასავით ითხოვს განსხეულებას და სანამ ხორცს არ შეასხამ, არ მოგასვენებს. უფრო ნათლად რომ ვთქვა, მინდოდა შემექმნა რაიმე პანორამული, სისტემური ხასიათის ნაშრომი, რომელშიც მკითხველი (და, მათ შორის, მეც) დაინახავდა აჭარაში მწიგნობრობის, მწერლობის განვითარების ცოცხალ, დინამიკურ სურათს, ქმედით ლიტერატურულ-დისკურსულ პროცესს, რომელსაც დასაბამიდან დღემდე მნიშვნელოვანი, ხელშესახები წვლილი შეაქვს ქართული მხატვრული აზროვნების განვითარებაში.
– თქვენი აზრით, რა განასხვავებს აჭარაში განვითარებულ მხატვრულ დისკურსს საქართველოს სხვა რეგიონებისგან?
– ჩვენს შემთხვევაში, დისკურსული მგრძნობელობის ანალიზისას, უპირატესად ვეძებთ მსგავსებებს, არქეტიპულ საწყისებს, იმ საფუძვლებს, რომელზედაც აღმოცენდა, ზოგადად, ქართული ლიტერატურა, რადგან ქართული მწერლობა ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი ბირთვია. ამ მიმართებით ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმ პრეცედენტულ სახელებზე, მოვლენებსა და სიტუაციებზე, რომლებიც აქ განვითარებულ მხატვრულ დისკურსში აისახა და შექმნა გარკვეული მსგავსება-განსხვავებანი სხვა რეგიონებთან შედარებით. ხოლო საკუთრივ დისკურსულ მგრძნობელობაში მოვიაზრებთ მხატვრული ლიტერატურის დაკავშირებას ისტორიულ-კულტურულ კონტექსტთან, რაც წარმოშობს გარკვეულ განსხვავებებს, მაგრამ თვით განსხვავებებიც კი, რომლებიც ამ წიგნშია გამოკვეთილი, გარელიტერატურულია, დისკურსულია და არ მომდინარეობს შინაგანი აცდენებიდან. აჭარაში მიმდინარე ისტორიულ-კულტურული მოვლენების ფონზე აქ განვითარებული მხატვრული დისკურსისათვის დამახასიათებელია ერთგვარი პალიმფსესტური ტექსტურა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ორმაგი, უფრო სწორად – სამმაგი წნეხის პირობებში ვითარდებოდა ლიტერატურული პროცესი. აქ წარმოქმნილი ტრავმული გამოცდილების თუ პოსტტრავმული მგრძნობელობის (მოწამებრივ -მუჰაჯირული, რელიგიური, მენტალური, ეგზისტენციური. . .) დისკურსული ერთეულები დღესაც არ კარგავს აქტუალობას. პირიქით, იძენს ახალ განშტოებებს, რაც, გარკვეულწილად, უკავშირდება თანამედროვე კატაკლიზმებს, გლობალურ ცვლილებებს. იქმნება ერთგვარი მოჯადოებული წრე, რომლის დაძლევის გარეშეც რთულდება ტრავმული გამოცდილებიდან თავის დაღწევა და მხატვრული აზროვნების ზედისკურსული პირველხატის აღდგენა-განახლება. მიუხედავად ყველაფრისა, აჭარაში შექმნილი მხატვრული ტექსტების უმრავლესობა, თავისი სპეციფიკური მახასიათებლებით, უერთდება, ავსებს და ამდიდრებს როგორც ზოგადქართულ, ისე უნივერსალურ კულტურულ ველს ისეთი კომპონენტების აქტუალიზებით, როგორებიცაა: მეხსიერება, კულტურა, ტოლერანტობა, ცივილიზაცია.
– თქვენს წიგნში რომელ ავტორებსა და ლიტერატურულ ტექსტებს ანიჭებთ განსაკუთრებულ ყურადღებას?
– რადგან დისკურსის კვლევაზე ვარ ორიენტირებული, ცალკეული ავტორების განსაკუთრებულ ფენომენზე არ ვამახვილებ ყურადღებას, დისკურსი – ეს ერთგვარი გაბმული მეტყველებაა და მასში, როგორც საერთო-სახალხო კარნავალში, მონაწილეობს ყველა და თითოეული სიტყვა, სტრიქონი, ფრაზა მნიშვნელოვანია, თუ იგი ავტორის, ეპოქისა და მკითხველის სულისკვეთებას გამოხატავს. არიან ავტორები, რომელთა ტექსტებიც მეტი დისკურსული სიმკვრივით ხასიათდება და განვიხილავ იმ ტექსტებსაც, რომელთა დისკურსული მგრძნობელობა მცირეა, მაგრამ თემატურად აქტუალური.
– ეს წიგნი აკადემიური ნაშრომია თუ მასში ფართო მკითხველიც იპოვის საინტერესო თემებს?
– სხვა აკადემიური ნაშრომებისაგან განსხვავებით, მონოგრაფიული ნაშრომის სტილი მოითხოვს მეტ სიცხადეს, შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ენასთან სიახლოვეს, სპეციფიკური ტერმინების შეზღუდვას და გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში – მათ განმარტებას. ჩემი ეს მონოგრაფიაც, თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი საკითხავი წიგნია, დისკურსული გაბმული მეტყველებით, დისკურსული ბმულებით, დისკურსული „ჭორ-მართალით“ შეზავებული, რაც დისკურსულობის უმთავრესი ნიშანია.
– რა სირთულეებს წააწყდით დისკურსის ანალიზის პროცესში და როგორ აისახა აჭარის კულტურული მრავალფეროვნება მხატვრულ ლიტერატურაში?
– ეს ბეწვის ხიდზე გავლის პროცესია როგორც მწერლისთვის, ისე მკვლევარისთვის. მულტიკულტურულ გარემოში, სადაც მრავალი აზრი, შეხედულება, სხვადასხვა ტრადიციათა კონტამინირებული ნაზავი, განსხვავებული რწმენა-წარმოდგენებია თავმოყრილი და თითქმის ყველა მათგანი დისკურსულად მგრძნობიარეა, არცერთ ნერვს არ უნდა შეეხო გაუაზრებლად, აუწონავად. აქ მხოლოდ იმაზე უნდა გააკეთო აქცენტი, რაც წრედს შეკრავს, გააძლიერებს. ჩემი დაკვირვებით, აჭარაში განვითარებული მხატვრული აზროვნება, ძირითადად, დაკავშირებულია ქრისტიანულ მსოფლხედვასა და ტრადიციასთან. აქ მოღვაწე მწერალთა შემოქმედებაში გამოვლენილია ჰუმანისტური მსოფლმხედველობისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, რენესანსული იდეალები, რომლებიც მიმართულია დარღვეული მსოფლმხედველობითი მთლიანობის, ცხოვრებისეული ჰარმონიის აღდგენისაკენ. ასევე, შეინიშნება ყოფიერების მისტიკური ხედვის, მისტიკური აზროვნების, მითოპოეტური ცნობიერების ელემენტები, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია პოეზიაში. ამავე დროს, მხატვრულ ნაწარმოებებში (ასევე – ზეპირსიტყვიერ ნიმუშებში, ლეგენდებში, ზღაპრებში, თქმულებებსა და გადმოცემებში) გვხვდება სხვადასხვა კულტურის დისკურსული ელემენტების სინთეზი, ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებისათვის დამახასიათებელი რიტუალები, ისლამური ტრადიციები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთში შეჭრილი, კონტამინირებული წეს-ჩვეულებები, თუმცა გარედან შემოდინებულმა ვერცერთმა კულტურულმა ფორმაციამ, მიზანმიმართული მცდელობების მიუხედავად, ვერ ამოძირკვა, ვერ წაშალა, ვერ შეცვალა საერთო ქართული კულტურული ხასიათი.
– რა გავლენას ახდენს აჭარის ისტორიული, რელიგიური და კულტურული თავისებურება აქ მოღვაწე მწერლებზე, აქ განვითარებულ ლიტერატურულ პროცესებზე?
– მოგეხსენებათ, მხატვრულ-ლიტერატურული ტექსტი დისკურსის ერთ–ერთი სტრუქტურული ნაწილიც არის და, ამავე დროს, ესთეტიკურ ფენომენში გაცხადებული ხალხის სულიც, მისი მსოფლჭვრეტა, კულტურა, რწმენა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა და ეგზისტენციალური საზრისი. თუ მწერალი ამ ფენომენებს ასცდა, უკურეაქციაც შესაბამისი იქნება. აჭარაში განვითარებულ მხატვრულ-ლიტერატურულ დისკურსში არა მხოლოდ ამ რეგიონში არსებული, არამედ ზოგადსაკაცობრიო დისკურსული მგრძნობელობის თითქმის ყველა ნიუანსია გააზრებული და არა მხოლოდ გააზრებული, არამედ პიროვნულ ტკივილად განცდილი, „მეს“ კატეგორიაში გადატანილი, თანამოდარდეობის პრიზმიდან აღქმული. აჭარაში მოღვაწე მწერლებმა როგორც ოსმალთა ბატონობის, ისე საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში შეინარჩუნეს სულიერი სიმტკიცე. მათ, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარკი გადაუხადეს მახინჯ დროებას, მსხვერპლი გაიღეს თითოეული „ეპოქის დისკურსის“ წინაშე, მაგრამ სასტიკი რეჟიმების, რეპრესიებისა და ცენზურის პირობებშიც შეძლეს ქართული ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი შემოქმედებითი ნიმუშების შექმნა, რაც იმის დასტურია, რომ ნამდვილი ლიტერატურა, მხატვრული აზროვნება, გაფიანდაზებულ დარბაზებში კი არა, იდეოლოგიათა, რწმენათა, დაპირისპირებულ შეხედულებათა უშეღავათო ჭიდილში იძერწება. რაც შეეხება, უშუალოდ მწერლობაზე ზემოქმედებას, თუ სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ პროცესებს დავაკვირდებით, გარკვეული ზეგავლენა აშკარად აისახა როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობათა, ისე ჟანრული მონაცვლეობის, მათი დომინანტობის დონეზე, როცა გარკვეული ისტორიული პერიოდი უპირატესობას ანიჭებს რომელიმე ჟანრს. აქ მიმდინარე ისტორიულმა პროცესებმა ხელი შეუწყო სინთეზური ჟანრული სპეციფიკის განვითარებას (რომანი-ესსე – ფრიდონ ხალვაშის „შეიძლება თუ არა მუსლიმანი იყოს ქართველი“) რომანი-მისტერიები – ანზორ კუდბას შემოქმედებაში და სხვ.) ეს ზეგავლენები განივრცობა მწერალთა იდეურ-ესთეტიკური აღქმის მიმართულებებზეც, რაც სათანადოდ ასახულია ჩემს ნაშრომში და მისი წაკითხვა უფრო ამომწურავ პასუხს გაგვცემს ამ კითხვაზე.
– თქვენი აზრით, როგორ შეიძლება აჭარაში განვითარებული მხატვრული ლიტერატურის უფრო ფართო ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ კონტექსტში ინტეგრირება?
– ეს საკითხი წინა წლების ჰერმეტულ გარემოში გაცილებით პრობლემური იყო, ვიდრე თანამედროვე ეტაპზე, როცა ასე გაიზარდა მსოფლიო კულტურათაშორისი კომუნიკაცია, როცა გაჩნდა სხვადასხვა კულტურული იდენტობის მქონე ხალხთა ურთიერთთანამშრომლობის, მათ შორის ცოცხალი დიალოგის შესაძლებლობა, ჩვენ ამ მიმართებით ბარიერებს კი არ უნდა ვქმნიდეთ, არამედ ჩვენი კულტურული მონაპოვრების ღიაობას უნდა ვუწყობდეთ ხელს. გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ი. ჰაბერმასი, დისკურსის ფარგლებში, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კომუნიკაციურობას. იგი მაღალი ევროპული კულტურის შექმნას სწორედ მის ღიაობას, მის პრეზენტაბელურობას უკავშირებს, რადგან ნებისმიერი მხატვრული ტექსტი ცოცხალი და ქმედითია დისკურსში, კომუნიკაციის პროცესში. უფრო მეტიც – როგორც ჰანს გეორგ გადამერი აღნიშნავს, იგი იცვლება და მოძრაობს, ხდება სხვადასხვაგვარად აღქმადი კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ სოციოკულტურულ გარემოში, რისი საშუალებითაც ვითარდება ახალი დისკურსული აზროვნება, ოღონდ არა აღრევის ან გადაფარვის პირობებში, არამედ საკუთარი სახისა და იდენტობის შენარჩუნებით, რაც უმთავრესია.
– წიგნის წერის პროცესში აღმოაჩინეთ თუ არა ისეთი დეტალი, რომელმაც თქვენთვისაც ახალი ხედვა გახსნა?
– დიახ. ამ წიგნის დაწერის მიზანიც ეს იყო. გულწრფელად რომ გითხრათ, მიმდინარე პროცესებსა და გლობალურ კატაკლიზმებში „ლიტერატურის ჩაკარგულობის“ გამო უკვე ვაპირებდი წერტილის დასმას, წერის შეწყვეტას. არის გარკვეული პერიოდები, როცა წინ ვეღარაფერს ხედავ და ნიჰილიზმის შხამით მოწამლული კითხვა – „რა აზრი აქვს…“, – ხელს აგაღებინებს ყველაფერზე, მაგრამ, როცა ეპოქათა დისკურსებს ღრმად ჩავხედე, ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ მხატვრული დისკურსი, თუ მის განმარტებას დისკურსის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის მ. ფუკოს მიხედვით ჩამოვაყალიბებთ, არ არის მხოლოდ ის მექანიზმი, რომელიც რეალობას ან მწერლის წარმოსახვას ენობრივად აფორმებს, არამედ „დისკურსი არის ის, რისთვისაც და რისი საშუალებითაც იბრძვიან…“ (მ. ფუკო). მხატვრულ აზროვნებას მდინარის თვისება აქვს: რაც უნდა ჩაუხერგო გზა, იგი შეიძლება გარკვეული დროით დაგუბდეს, მაგრამ მოიკრებს ძალას და ყველა ჯებირს გადალახავს. ეს ლიტერატურის თვითგადარჩენის ინსტინქტია. ამის ნათელი მაგალითია აჭარაში განვითარებული მხატვრული აზროვნება. აჭარაში მხატვრული სიტყვის, მხატვრული აზროვნების ძალა, როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა ისტორიის ყველაზე კრიზისულ პერიოდებში, როცა საუკუნეების განმავლობაში შეუძლებელი იყო არათუ ლიტერატურული პროცესის განვითარება, არამედ ქართული წერა-კითხვის სწავლა-სწავლება, მაგრამ მხატვრულმა აზროვნებამ კალაპოტი შეიცვალა და მოახერხა ზეპირსიტყვიერ ნიმუშებში გადადინება. იმ ურთულეს პირობებში, როგორც ამას ბატონი ა. ნიკოლეიშვილი უსვამს ხაზს, მხატვრული სიტყვის ზემოქმედება საზოგადოებრივ აზროვნებაზე მთელი სიცხადით გამოვლინდა ზეპირსიტყვიერ ნიმუშებში, „დედაბრული ხელით“ შექმნილ ტექსტებში, სახალხო მთქმელების „დისკურსულ პრაქტიკებში“, რამაც „ძალად დადუმებული ისტორიის მანძილზე“ (ს. ზვიადაძე) მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ლიტერატურული პროცესის უწყვეტობასა და ქართული ეროვნული იდენტობის შენარჩუნება-გაძლიერებას.
– როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს წიგნი თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაზე და რა გეგმები გაქვთ?
– ყოველი ახალი წიგნის დაბადება ახალი სტიმული და მოტივატორია მწერლის შემოქმედებაში, მაგრამ მკითხველის გამოხმაურებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყველაზე მეტად საჭიროდ მიმაჩნია მკითხველი-თანაავტორის მონაწილეობა ტექსტის აღქმა-გააზრებაში, რაც გამოკვეთს და ხშირად განსაზღვრავს კიდეც შემდგომ მიმართულებებსა და გეგმებს. ამჟამად მოუთმენლად ველოდები ამ წიგნის ტყუპისცალის – „ცის გახსნის მისტერიების“ გამოცემას. ტყუპისცალის-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ თავდაპირველად მოაზრებული მქონდა ამავე წიგნის მეორე ნაწილში შემეტანა ცალკეული წერილები და ესეებიც, მაგრამ რედაქტორის, შესანიშნავი პოეტისა და მკვლევარის, ბატონ მურად მთვარელიძის რჩევით ნაშრომის გამოცემა ორ წიგნად გადავწყვიტე.
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ყველას უდიდესი მადლობა მოვახსენო, ვინც შემაძლებინა ამ ნაშრომების, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, დღის სინათლეზე გამოტანა. მადლობა ყველა მკითხველს, ვინც მათში თავის ნიშას მონიშნავს, თავის სათქმელს იპოვის და „დამსახურებულად“ ჩაეწერება „მკითხველი-თანაავტორის“ რიგებში. მადლობას გიხდით საინტერესო კითხვებისათვის, რადგან სწორად დასმული კითხვა ჭეშმარიტების გასაღებია.
მარიამ ხითარიშვილი