
სოზარ სუბარი: მათი მატარებელი დიდი ხნის ჩავლილია, ქვეყანა კი თავისი გზით ვითარდება
„საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა სრულიად საკმარისია, რათა ოქტომბრამდე მომზადდეს საკონსტიტუციო სარჩელი. სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და სასამართლოს ექნება საკმარისი მტკიცებულებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, გაასამართლოს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარმა საარჩევნო შტაბთან ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებულ ინციდენტზეც ისაუბრა, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
„ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს, სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო და ვერ აცნობიერებენ, როგორ აქვთ ადამიანის სახე დაკარგული. უბრალოდ, ძალიან საცოდავები არიან, მათი მატარებელი დიდი ხნის ჩავლილია, ქვეყანა კი თავისი გზით ვითარდება და ეს გზა იქნება უკეთესი საქართველოს აშენება. ამისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ის უკვე აღარაა კომისიის დასკვნა – ესაა საქართველოს პარლამენტის დასკვნა, რომელიც ძალიან სერიოზული დოკუმენტია. ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, მცირე ნაწილი იმ საშინელებებისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც წვეთ წყალში ირეკლება ოკეანე, ისე ირეკლება ამ დასკვნაშიც ის საშინელება, რასაც რეჟიმი ჩადიოდა – დანაშაულები მრავალი მიმართულებით, რასაც სააკაშვილის რეჟიმი თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდა და რასაც დღესაც აგრძელებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით. ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია, რათა ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში, როდესაც მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, ის შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს ექნება საკმარისზე მეტი მტკიცებულებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, პოლიტიკური მოვლენა და როგორც პარტია (და მასთან ერთად მისი სატელიტი პარტიები) გაასამართლოს, რათა მათ მომავალში მაინც არ ჰქონდეთ ქართული სახელმწიფოს ნგრევის შესაძლებლობა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.