
,,დასავლურ ცივილიზაციას უპირისპირდება რუსეთი და მასთან ერთად – ჩინეთი“
შანხაის სამიტი, რომელსაც ჩინეთის, რუსეთისა და ინდოეთის ლიდერები დაესწრნენ, მიზნად ისახავს მსოფლიოში მრავალპოლარული, კონკურენტული დღის წესრიგის შექმნას, რომელიც დასავლეთის
(აშშ-ისა და ევროკავშირის) გავლენის ალტერნატივის შეთავაზებაა, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ანალიტიკოსები. სამიტი ხაზს უსვამს ჩინეთის და რუსეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას უკრაინის კონფლიქტში, ინდოეთის ნაწილობრივ ნეიტრალურ პოზიციას და ამგვარად, უფრო რთულ გეოპოლიტიკურ ბალანსს წარმოქმნის. ღონისძიება საერთაშორისო უსაფრთხოების, ეკონომიკური და სავაჭრო სტრუქტურების დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ხოლო დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინაში ამ პროცესის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბუფერად რჩება. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) პროფესორი გიორგი კობერიძე.
– რა არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შანხაის სამიტის) მთავარი მიზანი გეოპოლიტიკურ დონეზე?
– შანხაის ორგანიზაციის მიზანი თავიდანვე ნათელია – აზიაში ჩინური და რუსული ინტერესების მაქსიმალურად განმტკიცება და იმგვარი ინტერესების გატარება, რომელიც დააბალანსებს დასავლურ გავლენებს აზიის კონტინენტზე. ეს ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა და მისი მთელი არსია ერთმანეთთან მაქსიმალური თანამშრომლობა, განსაკუთრებით – უსაფრთხოების და პოლიტიკის სფეროში. დღეს, რეალურად, ჩინეთს უკვე აქვს მოპოვებული ლიდერის პოზიცია. თუ აქამდე შანხაის ორგანიზაციას პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა, ახლა ეკონომიკური ხასიათიც დაერთო, ღიად გახდა დასავლეთთან ერთგვარი ბრძოლის და დაბალანსების ინსტრუმენტი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორგანიზაციის ახლანდელ სამიტზე ჩინეთი რუსეთთან, ინდოეთთან და მათ მოკავშირეებთან გარკვეული ძალის დემონსტრირებას ცდილობდა დასავლეთის დაბალანსების თვალსაზრისით.
– როგორია ჩინეთის და ინდოეთის მიდგომა დასავლეთის მიმართ პოლიტიკურ კონკურენციაში?
– რუსეთის და ჩინეთის ინტერესი იყო, რომ მომხდარიყო დედოლარიზაცია საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ერთმანეთთან ვაჭრობაში, მაგრამ ისინი საკუთარ ვალუტას არ ენდობოდნენ, საუბარი მაქვს მიმღებ სახელმწიფოებზე. ამ შემთხვევაში, ჩინეთი არ ენდობოდა რუბლს და პირიქით, რუსეთი – იუანს, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს ტენდენცია იცვლება, ჩინეთი ცდილობს, წინ წამოწიოს საკუთარი ვალუტა დოლარის ნაცვლად. იგივეს ვაწყდებით ინდოეთთან მიმართებითაც – დიდი ხანია ინდოეთი და რუსეთი თანამშრომლობენ, ერთად ვაჭრობენ, ერთმანეთთან პოლიტიკური მოკავშირეობა აქვთ, მათ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდიდან ჰქონდათ მოკავშირეობა. ჩინეთი ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა ინდოეთისა, მათ ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნიათ, კერძოდ, ეს არის აქსაიჩინი, რომელიც მდებარეობს ქაშმირის ტერიტორიაზე. დაპირისპირების მიუხედავად (ჩინეთსა და ინდოეთზე მაქვს საუბარი), გამოიკვეთა საერთო ინტერესი, რაც გულისხმობს აზიური ბაზრის დოლარისგან ჩახსნას და ამას ემატება ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტებიც იმ მხრივ, რომ აზია განცალკევდეს და ნაკლებად დამოკიდებელი იყოს დასავლურ მოთხოვნაზე, რადგან ეს ქვეყნები არიან იაფი პროდუქციის მიმწოდებლები დასავლეთისთვის, ამასთან, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი ცდილობენ ერთმანეთთან დააბალანსონ დასავლური მოთხოვნა და სტანდარტები.
– როგორ გამოიყენებენ ჩინეთი და რუსეთი შანხაის თანამშრომლობის მექანიზმებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად საერთაშორისო დონეზე?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და რუსეთი დიდი ხანია თანამშრომლობენ, მათაც აქვთ ძალიან სერიოზული დაპირისპირება ერთმანეთთან. პირველ რიგში, ესაა მდინარე ამურის აუზი, რომელიც კონფლიქტის მიზეზი გახდა და მიიღო სისხლიანი სახე ცივი ომის პერიოდში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის თანამშრომლობა გარდაუვალი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთისთვის იაფი რესურსების ერთგვარი საწყობია რუსეთი, რომელიც ევროპის ბაზრის დაკეტვის შემდეგ მასზე მთლიანად არის დამოკიდებული – ოფიციალური პეკინი იაფ ფასებში იღებს რუსეთისგან რესურსებს, ამ უკანასკნელისთვის ჩინური ბაზარი არის ძალიან დიდი, შესაბამისად, რუსული პროდუქცია ჩინეთში ვრცელდება და პირიქით – ჩინურმა პროდუქციამ წალეკა რუსული ბაზარი. ასეთი ეკონომიკური დამოკიდებულების პირობებში, ისინი ცდილობენ, ერთმანეთს დაუახლოვდნენ პოლიტიკური მიზნების გამოც. ორივე მათგანისთვის საწინააღმდეგო ძალა არის დასავლეთი, რომელთან მტრობაც აიძულებს მათ, ერთმანეთს დაუახლოვდნენ, განსხვავებით ინდოეთისგან, რომელსაც ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი და მათთან ინდოეთის გაუცხოება რეალისტური იყო. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტრიოს ერთობის მიზანია დასავლეთისგან დისტანცირება ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისითაც კი.
– რა გრძელვადიან სტრატეგიას ემსახურება შანხაის სამიტი დასავლეთის საპირისპირო ღერძის შექმნის თვალსაზრისით?
– მათი მხრიდან სამხედრო თანამშრომლობა გრძელვადიანი სტრატეგია არ არის, მათთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული ვაჭრობა და გავლენის სფეროების გადანაწილება სხვადასხვა ტერიტორიაზე. ცნობილი ამბავია, როდესაც რუსეთი და ჩინეთი ერთად მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, ისინი გავლენის სფეროებს ძალიან დაბალანსებულად იყენებენ და ინაწილებენ. მაგალითად, შუა აზიაში ამის ნიშანია ყაზახეთი, რომელიც შანხაის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია და მათთან აქვს დაბალანსებული ურთიერთობა. რუსეთი თავის წილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენებს ამუშავებს,
ჩინეთი – თავისას, იგივე შეიძლება ითქვას აფრიკის კონტინენტზე, სადაც ვაგნერის სამხედრო ნაწილები მოიპოვებენ ბრილიანტს და პირიქით – სადაც ჩინელები არიან (იგივე ჯიბუტიში), რუსები სუსტად იყვნენ წარმოდგენილი, ვენესუელაშიც იყო საერთო კვეთა. ამ მხრივ, ვიხილეთ მათი კოორდინირებული თანამშრომლობა, ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ კოორდინირებულად ითანამშრომლონ გარკვეული რესურსების განაწილებისას, ანუ ისინი დასავლეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, ტურიზმის სფეროში. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის მყიდველუნარიანობა მაღალი არ არის, შეუძლიათ ერთმანეთთან ვაჭრობა, გარკვეული ალტერნატივების შექმნა.
– შეეძლება ამ სამიტს გავლენის მოხდენა საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთ სტრუქტურაზე, როგორიცაა ნატო?
– ჯერჯერობით სამხედრო ბლოკზე არ არის საუბარი, მას არ აქვს სამხედრო კომპონენტი მიუხედავად იმისა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი ინტერესია, არ გავრცელდეს ტერორიზმი და სეპარატიზმი, ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ 2001 წელს ღიად იყო დაფიქსირებული როგორც შეთანხმების მუხლი. მიუხედავად ამისა, თანამშრომლებს შორის რაღაც მეხუთე მუხლის მსგავსი ახლა არ მოქმედებს, ჩინეთი ცდილობს სამხედრო კომპონენტის გაზრდას. ისიც აღსანიშნავია, რომ შანხაის ორგანიზაციის ლიდერები და თავმჯდომარეები სამხედრო პირები არიან, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩამოყალიბებული, ძლიერი, კარგად ორგანიზებული სამხედრო ბლოკის სახე ამ ორგანიზაციას არ გააჩნია. ჩინეთის მცდელობაა, ამ ორგანიზაციის გარდაქმნა გარკვეულ დამაბალანსებელ სამხედრო ბლოკად, რომელიც სამხედრო საკითხებს გადაწყვეტს წყნარი ოკეანის აუზში… ვფიქრობ, ნატოს ერთი დიდი უპირატესობა აქვს – მას შეუძლია სიტუაციის არევა, რადგან ამ ორგანიზაციის წევრებს შორის კონფლიქტები ფუნდამენტური და ღრმაა.
– რა როლი აქვს ინდოეთს ამ პროცესში, როცა მას არცთუ სახარბიელო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან?
– ინდოეთსა და ჩინეთს შორის ძალიან დიდი ხნის მტრობა არსებობს, ომიც იყო… ამასთანავე ვიცით, რომ წყლის საკითხი არის ძალიან სერიოზული, იმიტომ, რომ ჩინეთი ცდილობს ააშენოს წყალსაცავები, კერძოდ – „მედოგის“ კაშხალი, რომელიც იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი. სხვათა შორის, თუ „მედოგის“ კაშხალი აშენდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ წყლის კონტროლი ინდოეთის აღმოსავლეთ პროვინციებში. ჩინეთი ამ კაშხლის ასაშენებლად ხარჯავს 137 მილიარდ დოლარს, რაც კოლოსალური თანხაა. სხვათა შორის, ამით ის ცდილობს ერთგვარი ეკონომიკური დღის წესრიგი დაამყაროს ინდოეთთან. თვისობრივად რომ შევაჯამოთ, მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური მეტოქეობა ძალიან ბევრ საკითხში იქნება გამოვლენილი, მაგრამ იმ ფონზე, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არათანმიმდევრული პოლიტიკა ტარდება ინდოეთთან, ჩინეთთან და რუსეთთან, არ არის გამორიცხული, ინდოეთმა კურსის ფოკუსირება უფრო მეტად ჩინეთზე გააკეთოს მასთან საერთო, თანასწორი პირობების შექმნისთვის. რამდენად გამოვა ეს, სათუო საკითხია იმიტომ, რომ ნაციონალური სენტიმენტები ყოველთვის ძალიან ძლიერია. რუსეთსა და ინდოეთს შორის ბევრად ახლო თანამშრომლობაა, ვიდრე ჩინეთსა და ინდოეთს შორის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდოეთმა ჩამოაყალიბა შემდეგი პოზიცია: მისთვის არც დასავლეთის ღირებულებები ანუ დემოკრატიული სტანდარტებია მისაღები მაინცდამაინც, მიუხედავად იმისა, ინდოეთის პრემიერი ამაყობდა, რომ მისი ქვეყანაში იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატია. ბოლო ხანებში ეს რიტორიკაც შეიცვალა, დემოკრატიული საკითხები მეორე პლანზე გადავიდა და, ამ ფონზე მისთვის უფრო ბუნებრივი მოკავშირე შეიძლება აღმოჩნდეს ავტოკრატიული ქვეყნები. ამ შემთხვევაში რამდენად იქნება ჩინეთი მართლაც სანდო პარტნიორი, დრო გვაჩვენებს.
– შანხაის სამიტზე საქართველო არ მიიწვიეს, არადა, იქ იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები…
– საქართველო არ არის შანხაის ორგანიზაციის წევრი და გასაკვირი არც იყო, რომ არ მიიწვიეს, თუმცა საქართველოს წარმომადგენელი, ასევე, არ მიიწვიეს გამარჯვების სამხედრო ალღუმზე, რომელსაც ჩინეთი ატარებს და ეს უფრო უცნაური იყო. ორი შესაძლო ვარიანტია: ჩინეთისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლება და მას ისედაც მოიაზრებს თავის მოკავშირედ, შესაბამისად, დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა არც სჭირდება, ან მეორე ვარიანტი – მას მიაჩნია, რომ საქართველოში გავლენის სფეროები ჯერ კიდევ არ აქვს… საქართველოსადმი მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ არის, ეგ მოცემულობაა, საქართველოზე მეტი ინტერესი ჩინეთს გამოხატული აქვს ზანგეზურის დერეფნთან დაკავშირებით, რადგან მას სწორედ ამ მოკლე გზის და აშშ-ის ჩართულობის ეშინია და ფაქტია, რომ როგორც არ უნდა უყურებდეს ჩინეთი საქართველოს (რუსეთის უკანა ეზოდ თუ დასავლეთის მხარდამჭერი გავლენის ზონად), დღესდღეობით მაინც საქართველოს მნიშვნელობა მისთვის ძალიან მაღალი არ არის.
– რა სარგებელი მოაქვს ჩინეთ–რუსეთის თანამშრომლობას უკრაინის ომში?
– რუსეთის ეკონომიკისთვის ჩინეთი მთავარი საყრდენია, და არა მხოლოდ ეკონომიკური, სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეაც ჩინეთის გარკვეული მხარდაჭერის გარეშე არ ჩაებმებოდა სამხედრო მოქმედებებში. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით ჩრდილოკორეელი დაიღუპა უკრაინის ომში, დაახლოებით 15 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო მონაწილეობს რუსების გვერდით უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისად, ძალიან დიდ მასშტაბებზე გვაქვს საუბარი… რამდენადაც რუსეთი გახდება აგრესიული ევროპის კონტინენტზე, დასავლეთის ფოკუსი იქნება რუსეთზე გასწორებული და
ამასობაში ჩინეთი გაძლიერდება, სხვა ტერიტორიებზე წამოაყენებს პრეტენზიებს, ეკონომიკურ ექსპანსიას განახორციელებს და ა. შ. ანუ ეს არის პოლიტიკური მეთოდი, გამოიყენოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, რუსეთი მიიბას და მეორე მხრივ, რუსეთს უკარნახოს დღის წესრიგი – რა და როგორ გააკეთოს! რუსეთის მხრიდან გასაგებია ჩინეთთან მეგობრობა, რუსულ ავანტიურას ჩინეთი ბუნებრივად უჭერს მხარს. ჩინეთთან ურთიერთობა, პირველ რიგში, ეკონომიკური ინტერესებითაა ნაკარნახევი და არა პოლიტიკური. რუსეთსა და ჩინეთს შორისაც პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით გარკვეული ტერიტორიული დავები არსებობს, მაგრამ ამის მიღმა ეკონომიკური ინტერესი ორივე მხრიდან დიდია. ჩინეთის მიზანია, რუსეთი იყოს მაქსიმალურად აგრესიული თავის მეზობლებთან და დასავლეთთან მიმართებით, ანუ რუსეთმა და დასავლეთმა ურთიერთდაპირისპირებაში გამოფიტონ ერთმანეთი. ამ შემთხვევაში ჩინეთი გაძლიერდება. მაღალი ალბათობით, ჩინეთი ამ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას დიდხანს დაუჭერს მხარს.
– დაბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინაში, როდესაც ჩინეთი აქტიურად ებმის რუსეთს და ახორციელებს საპირისპირო გეოპოლიტიკურ სტრატეგიას…
– კოლექტიური დასავლეთი დღეს, სამწუხაროდ, ისე დაყოფილია, როგორც არასდროს ჩვენ გვახსოვს, რომ კოლექტიური დასავლეთი კონცენტრირებული იყო ორი ღერძით: ეს იყო უფრო ძლიერი ამერიკა და შედარებით სუსტი ევროპა, მაგრამ ევროპული და ამერიკული ღერძები ერთმანეთს შორდება, შესაბამისად, უკრაინაში ეს გამოიხატება ნათლად, კერძოდ, განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ მიდგომებშიც, პირველ რიგში კი უკრაინასთან მიმართებით. საინტერესოა, რომ ევროპის მხრიდან მძლავრი ღერძი ავსებს უკრაინის საჭიროებებს, რუსეთისთვისაც ნათელია, ეს კონფლიქტი არის მართლაც ცივილიზაციური ბრძოლა იმ გაგებით, რომ დასავლურ ცივილიზაციას უპირისპირდება რუსეთი და მასთან ერთად – ჩინეთი, თუმცა ოფიციალური პეკინი იყენებს რუსეთს, რომ გამოფიტოს დასავლეთი და შემდეგ უფრო მასშტაბურად დაუპირისპირდეს მის ბურჯ ამერიკას სხვა ტერიტორიაზე, წყნარ ოკენეში, სამხრეთ ამერიკაში და ყველა იმ კონტინენტზე, სადაც საკუთარი გავლენები და ინტერესები აქვს.
ლაშა ხომერიკი