
თენგიზ შარმანაშვილი- პარტიის ყოფილი წევრები უნდა ელოდონ მხილებებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომ „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კი არ უნდა ელოდოს რაღაცებს, არამედ პარტიის ყოფილი წევრები უნდა ელოდონ მხილებას. დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ადამიანები იმიტომ გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ.
„ ისინი ამას აგრძელებენ და ვერ ხვდებიან, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებები ასე ადვილად აღარ ჩაივლის – ყველანი მხილებულნი იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც ძალიან აზიანებს საქართველოს და მის ინტერესებს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია „ქართული ოცნების“ რომელ ყოფილ წევრებზეა საუბარი.
„უხერხულადაც კი მიმაჩნია საუბარი გუნდიდან გაგდებულებზე, რომლებიც მერე თანხებს ხარჯავენ და არა მხოლოდ გუნდის, არამედ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, ათას საქმიანობას ეწევიან. ამაზე ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. აღარ გავიმეორებ იმ მეტსახელს, რომლითაც ხაბეიშვილი იღებდა ჰონორარს ამ „ღალატის აქტთან” დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია. ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ. თავის საქმიანობას სწორი მიმართულებით არ ეწეოდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ამას აგრძელებენ. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ისინი და ბევრი სხვაც, ეტყობა ვერ ხვდებიან, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებები ასე ადვილად უკვე აღარ ჩაივლის“, – განაცხადა შარმანაშვილმა და დასძინა, რომ პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებსაც დაიჭერენ, თუკი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი.
„თუ სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ყოფილსაც და მოქმედსაც დაიჭერენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, – თქვენ იცით, რომ ქართული სახელმწიფო მტკიცებულებების მაღალი ხარისხის უქონლობით არავის იჭერს, ასე რომ, როდესაც იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებს, მაშინ მიაკითხავს მას მართლმსაჯულება. თუ ასეთი მტკიცებულებები არ იქნება, არავის მიაკითხავს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.