
„აგვისტოში აღდგა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და არაერთი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა“
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ აგვისტოში 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი, გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ჩაშალა რუსეთის გეგმები, დონეცკის რეგიონში შეეღწიათ. მისივე თქმით, უკრაინის ძირითადი ძალისხმევა მტრის შეკავებასა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე იყო მიმართული.
„აუცილებელი იყო სიტუაციის სტაბილიზაცია ყველაზე საშიში – ლიმანის, დობროპოლიეს, პოკროვსკის, ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით და ამავდროულად, აქტიური თავდაცვის ტაქტიკის გამოყენება, დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, ქალაქების დაცვა მტრის რაკეტებისა და დრონების დარტყმებისგან და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმა.
რუსებს პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის ტერიტორიაზე გარღვევის და ზაპოროჟიეზე შეტევის იმედი ჰქონდათ, თუმცა ეს გეგმები ჩაიშალა. დობროპოლიეს მიმართულებით ოკუპანტებმა 13,5 კვკმ დაიკავეს, მაგრამ 25,5 კვკმ დაკარგეს. პოკროვსკში მათ 5 კვკმ მოიპოვეს, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 26 კვკმ-ზე კონტროლი აღადგინეს. სევერო-სლობოჟანსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა 4 კვკმ დაიბრუნეს.
აგვისტოში აღდგა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და არაერთი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა“, – აღნიშნა სირსკიმ.
მთავარსარდალმა ასევე ისაუბრა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების წარმატების შესახებ. მისი თქმით, Deep Strike-ს საშუალებებით 60 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის, საწვავის წარმოების ობიექტებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. სირსკის განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა აგვისტოში 67 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, ხოლო Middle Strike-ს პროგრამის ეფექტურობა 25%-ით გაიზარდა.
სირსკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დანაკარგებმა აგვისტოში 28 790-ს მიაღწია, 2025 წლის დასაწყისიდან 297 350 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა.