
მსოფლიო – ახალი წესრიგის ფორმირების პროცესში…
მსოფლიო სწრაფად იცვლება, აშშ ცდილობს ლიდერობა შეინარჩუნოს, ჩინეთი გაძლიერებას განაგრძობს, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად კი კრემლი სრულიად არარეალისტურ პირობებს აყენებს. პატარა რეგიონებიც, მათ შორის სამხრეთ კავკასია, დიდ პოლიტიკურ თამაშში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია Politico Europe-ს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– აშშ –ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, აცხადებს, რომ მისი მიზანია, ამერიკა კვლავ გახადოს დიადი როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. ამ მხრივ, რა მიღწევები აქვს აშშ–ს?
– აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშკარად შეიცვალა. ტრადიციულად, „რესპუბლიკური პარტიის“ საგარეო ორიენტირი გაცილებით ხისტი და არაპროგნოზირებადია და ეს მისი წევრების დამახასიათებელი ნიშანია. სწორედ ეს ნიშა – MAGA აქტივიზმი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის სიდიადის დაბრუნებას მოიაზრებს, შეგვიძლია რამდენიმე პუნქტად გამოვყოთ: 1) ისრაელის სრული და უპირობო სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა; 2) ევროპის მასშტაბით მემარჯვენე ძალების გაძლიერება; 3) ჩინეთის და ირანის პოზიციების მაქსიმალური შესუსტება, რასაც ავტომატურად მოსდევს მათი სტრატეგიული პარტნიორის – რუსეთის შეკავება; 4) ამერიკის, როგორც რეპუტაციული და ძლიერი აქტორის, დაბრუნება საერთაშორისო პოლიტიკაში. პირველი აშკარა პრეცედენტი ახლო აღმოსავლეთში ვიხილეთ. საუბარი გვაქვს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურებაზე, როცა ამერიკის საავიაციო ძალებმა, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოიყვანა ირანის ატომური პოტენციალი და რეგიონში სამომავლო ლიდერის პოტენციალი დიდი ხნით ჩაუხშო. გარდა ამისა, ფედერალური ხარჯების შეკვეცა, ნატოს წევრი ქვეყნებისადმი პირდაპირი და ხისტი მოთხოვნა – სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე გაზრდის შესახებ, სატარიფო ომი ევროკავშირთან და ჩინეთთან, ახალი მსოფლიო წესრიგის ერთგვარი ქვაკუთხედია, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ლობირებდა წინასაარჩევნო პერიოდში. საშინაო პოლიტიკის კონტექსტში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მასობრივ დეპორტაციაზე, ასევე, ინფლაციის ინდექსზე, რომელიც 1.66%-ზე ჩამოვიდა, ეკონომიკური ზრდა კი მეტნაკლებად პოზიტიურად მიმდინარეობს.
– აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ–ის ძალისხმევით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ მხრივ, აშშ–მა რა ბონუსები მიიღო?
– ყარაბაღის ომის დასრულება, რომლის სამშვიდობო ხელშეკრულებას, სიმბოლურად, ვაშინგტონში მოეწერა ხელი, ერთგვარი გზავნილი იყო რუსეთისადმი, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის კავკასიის რეგიონი კვლავ პრიორიტეტულია. სტრატეგიული ხელშეკრულების გარდა, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო რეგიონში სტაბილურობის შექმნას, რაც რასაკვირველია, აშშ-ის გავლენას ზრდის აზერბაიჯანსა და სომხეთზე. შედეგად, მათ უფრო მარტივად შეეძლებათ წვდომა სამხედრო, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პროექტებზე, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე მხარესთან. ტრამპისთვის უთუოდ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად განიმტკიცოს „მშვიდობისმყოფელის“ იმიჯი და ეს ამ მხრივ ნამდვილად გამოსარჩევი იყო. სამწუხაროა, რომ საქართველო სამომავლო რეგიონალურ კონტექსტში, ნახსენები არ იყო.
– რეალურად, აშშ–ს რა ინტერესები ამოძრავებს სამხრეთ კავკასიაში?
– აშშ-ის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, ადმინისტრაციის შეცვლის მიუხედავად, დიდად არ შეცვლილა. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ათწლეულის განმავლობაში, საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული მოკავშირეობის მთავარი ბასტიონი იყო, ახლა კი სომხეთიც დაემატა. ეკონომიკური ინტერესების გარდა, რომელიც მზარდი და პროგრესულია ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, აშშ-ს სურს, რუსული ენერგოპროექტების ალტერნატივა არსებობდეს, ხელი შეუწყოს ენერგოდივერსიფიკაციას აზერბაიჯანის ჩართულობით, რაც სამომავლო პერსპექტივაში პოლიტიკურ დივიდენდად იქცევა. როგორც ვიცით, რეგიონში აქტიურობენ რუსეთი და თურქეთი, ხოლო ამერიკელებს სურთ, ჰქონდეთ საკუთარი ჩარევის წერტილები პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში და მსგავსი კონიუნქტურით შექმნან გეოპოლიტიკური ბალანსი რეგიონში.
– როგორც ცნობილია, ამჟამად აშშ–ის უმთავრესი გამოწვევა ჩინეთის მზარდი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალია. რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?
– დიახ, ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკის ფორმირებას თუ გადავხედავთ, ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი გამოწვევაა, განსაკუთრებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამაზე საჯარო საუბარი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა 2015 წელს, ამერიკის მაღალ ეშელონებში უკვე მკაფიოდ გამოხატავდნენ მოსაზრებას, რომ რუსეთზე მეტად, ისინი ჩინეთზე უნდა კონცენტრირდნენ და მისი შეკავების პოლიტიკაზე დაიწყონ აქტიური მუშაობა. ტრამპის სავაჭრო/სატარიფო ომი ამ ყოველივეს გამოძახილია. ყველაზე მაღალი ტარიფიც სწორედ ჩინეთს ხვდა წილად და ეს შემთხვევითი არ არის. სამომავლოდ, შორეული აღმოსავლეთის რეგიონში უნდა ველოდოთ ალიანსების გამყარებას, სანქციების და სტრატეგიული ინვესტიციების გამოყენებას კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად – აშშ გეგმავს როგორც პირდაპირ, ისე ფარული გზებით საკუთარი გლობალური ძალისხმევის მაქსიმიზაციას, რათა ჩინეთის გავლენა შეამციროს, მაგრამ, პარალელურად, მსოფლიო ბაზრების კონტროლის შენარჩუნებას. სამხედრო პოტენციალის კუთხით, ნაკლებად სავარაუდოა პირდაპირი კონფრონტაცია მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სამხედრო პოტენციალი და ბიუჯეტი ბოლო რამდენიმე წელში მკვეთრად გაიზარდა, გაორმაგდა კიდეც. ტაივანის საკითხი კვლავ გადაუწყვეტელი რჩება, სამხედრო მანევრების მიუხედავად, ჩინეთი, ჯერჯერობით, ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, ვინაიდან ნებისმიერ სამხედრო სიგნალს მომენტალური რეაგირება მოჰყვება აშშ-ის მხრიდან.
– რამდენად შეძლებს ჩინეთი აშშ–ის საწინააღმდეგო მძლავრი ღერძის შექმნას, რომელსაც შეეძლება, მსოფლიოს უკარნახოს ახალი წესრიგი?
– აშშ-ის წინააღმდეგ პოლიტიკური ბანაკის ფორმირება, რომელსაც რაციონალურ დონეზე შეეძლება პრობლემების შექმნა, ჩინეთის მთავარი გეოპოლიტიკური ამოცანაა. ამ მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ რუსეთი-ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეის სამმხრივი ფორმატი, რომელიც ამ ბოლო დროს უფრო მეტად გააქტიურდა. მათი მთავარი მიზანი აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური დომინაციის ეკონომიკური და იდეოლოგიური დამარცხებაა. რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის წინააღმდეგ ამის ნათელი მაგალითია, ჩრდილოეთ კორეა კი პირდაპირ სამხედრო ძალითა და რესურსებით ეხმარება რუსეთს, ომის წარმოებისთვის დრონებისა და „შაჰედების“ გადაცემაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩინეთს უკვე აქვს შესაძლებლობა, შექმნას ძლიერი რეგიონალური ღერძი, რომელსაც შეეძლება მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა მსოფლიო წესრიგზე. ეკონომიკური რესურსები, ტექნოლოგიური ძალა და სამხედრო შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მას, რეგიონში საკუთარი გავლენის სფეროები გააფართოოს, სტრატეგიული პარტნიორები მიიზიდოს და გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. შედეგად, ჩინეთი შესაძლოა გახდეს, პირველ რიგში, ძლიერი რეგიონალური ძალა, რომლის გავლენაც მსოფლიო პროცესებზე შესამჩნევი იქნება, მაგრამ აშშ-ისა და მისი პარტნიორების საწინააღმდეგოდ სრულ კონტროლზე ჯერ საუბარი ადრეა.
– როგორ მოქმედებს რუსეთ–უკრაინის ომი ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე?
– მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა, პირდაპირი გავლენა სწორედ თვისობრივია – შუაგულ ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ომი გაჩაღდა, რაც საერთაშორისო ინსტიტუციების როლს და მათ გავლენას პოლიტიკაზე ძალიან ამცირებს. საუბარი მაქვს საერთაშორისო სისტემის ისეთ მოდელზე, სადაც მტყუან-მართალი ძალაუფლების დონით ირჩევა და პოლიტიკური რეალიზმი ისევ მთავარ აქტორად გვევლინება. 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე, რუსეთმა, ფაქტობრივად, პასუხი არ აგო და მისი საერთაშორისო იზოლაციაც წარმატებით ვერ განხორციელდა, ამაში კი დიდი წვლილი სწორედ ევროპელ ბიუროკრატებს მიუძღვით, განსაკუთრებით გერმანიის მაშინდელ კანცლერ ანგელა მერკელს, რომელიც კრემლთან უფრო და უფრო აღრმავებდა ეკონომიკურ-პოლიტიკურ კავშირებს, რაც კონტინენტური ევროპისთვის, სამომავლო პერსპექტივაში, დამღუპველი იყო. შედეგად, ვიღებთ ისეთ მსოფლიო წესრიგს, სადაც სუვერენიტეტის პრინციპი ყოველთვის დაირღვევა და ძლიერ სახელმწიფოებს მეტი ამბიცია გაუჩნდებათ, საკუთარი იმპერიალისტური ზრახვები რეალობად აქციონ. მაგალითად: ჩინეთის შესაძლო ინტერვენცია ტაივანში, ჩრდილოეთ კორეის პრეცედენტი, ასევე, რუსეთის ბალტიის ქვეყნებში შეჭრის თეორიული პერსპექტივა და ა.შ. დღესდღეობით, უკრაინა ევროპის მთავარი ბასტიონია რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში, რომელზეც ნამდვილად გადის ახალი მსოფლიოს წესრიგის ბედი.
– იქნება თუ არა აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად?
– ამის გადაჭრით თქმა რთულია, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კონტურები უკვე მოიხაზა. მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, 27 ევროპული ქვეყანა მზად არის, საკუთარი კონტინგენტი განათავსოს უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო მათი საჰაერო თავდაცვა აშშ-ის ავიაციამ უზრუნველყოს. ეს ყოველივე ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და პრეზიდენტი ტრამპიც, გარკვეულწილად, ორაზროვან განცხადებებს აკეთებს ამ საკითხზე. ტრამპის ადმინისტრაციისთვის, უსაფრთხოების გარანტიის პირველი ხაზი ეკონომიკური თანამშრომლობით იწყება, რაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა ე.წ. მინერალების ხელშეკრულების სახით. ამჟამად, რთულად წარმოსადგენია სამშვიდობო პროცესის პოზიტიური დინამიკა, ვინაიდან კრემლი სრულიად არარეალისტურ პირობებს აყენებს ომის დასასრულებლად, როგორებიცაა – უკრაინის ხუთი რეგიონის რუსეთის ტერიტორიად აღიარება, დონბასის რეგიონიდან უკრაინის ჯარის აბსოლუტური გასვლა, რომელიც ომში ყველაზე სტრატეგიული რეგიონია და ამაზე უკრაინის გენშტაბი არასოდეს დათანხმდება. იტალიის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აშშ-სთან ერთად განიხილება ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი პრინციპის შემუშავება, თუ სამშვიდობო პროცესი სამომავლოდ დაირღვევა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რაიმე პოზიტიური დინამიკა არ შეიმჩნევა და ყველაზე რეალისტური – აშშ-ის მიერ რუსეთსა და მის პარტნიორებზე მეორადი სანქციების დაწესებაა, ხოლო პარალელურად – უკრაინის სამხედრო შეიარაღების მნიშვნელოვანი ზრდა.
– დაბოლოს, წყდება თუ არა უკრაინაში ევროპის და მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომავალი?
– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინა ევროპის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ბასტიონია რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში. თუკი ის დამარცხდა, აღმოსავლეთ ევროპას და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რომელთა შორისაც საქართველოც მოიაზრება) კარგი არაფერი ელით. რუსეთის მმართველი ელიტის მთავარი ნარატივი ხომ სწორედ ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნები მათთვის, ერთგვარად, საშინელებათა ფილმის სცენარია, ისტორიული გამოცდილება კი სწორედ იმას გვეუბნება, რომ რუსეთი უკრაინაზე, რასაკვირველია, არ გაჩერდება და შემდეგი ინტერვენცია, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ან ბალტიის რეგიონს ხვდეს წილად.
ლაშა ხომერიკი