მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება და მხარეთა პოზიციები
By

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება და მხარეთა პოზიციები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დღის მეორე ნახევარში მოხდა, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს“, – ნათქვამია შსს-ოს განცხადებაში.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის  საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც   აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის,  მედიის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული, რომლებსაც თავზე და ხელზე აღენიშნებათ დაზიანებები, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი“ – აღნიშნული სიტყვებით შეაფასა თბილისი მერმა გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება და დასძინა, რომ იმედოვნებს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო გააკეთებს შესაბამის შეფასებას მომხდართან დაკავშირებით.

„ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის, პირველი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მოყენება, გინება და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი. ჩვენ არავის ვუვარდებით, არავის ვესხმით თავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. უბრალოდ, წარმოუდგენელია, იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება გივარდებოდეს, ადამიანებს ხელს უშლიდეს მუშაობაში და აყენებდეს შეურაცხყოფას. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.

საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, – დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, – ასე შეაფასა  მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის მერის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ. მისივე თქმით, „მომხდარი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდობიანად უნდა ჩამოაცილოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.

აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ასევე გააკეთა განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე  ლევან ხაბეიშვილმა.

„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული, მდინარაძე გახდა ახლა რკინის ხელი, ეს ფაფაცუა. დავალება მისცა, მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო. ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ, ცხადია, შეთანხმებული იყო. მილიციელები რომ იდგნენ, თავზე დააფურთხეს იმათ, შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ივანიშვილის ისტერიკა. ეს გამოვლინებაა, ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია, ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს“,  – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *