მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა
By

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

პატიმრობაში მყოფი „ ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერ ჯილდოს, Free Media Awards-ს მიიღებს.

პრემია Free Media Awards-ი ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიცირებული და ყოველწლიურად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს გადაეცემა, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.

თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:

მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა);

ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო);

საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი);

ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი);

მედიაარხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი);

ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი).

Fritt Ord Foundation-ის და ZEIT Stiftung Bucerius-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ჯილდოვდება ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა საქართველოში.

„მზია ამაღლობელმა შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, – ნათქვამია Fritt Ord Foundation-ის და ZEIT Stiftung Bucerius-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

თავისუფალი მედიის პრიზის გადაცემის ცერემონია 6 ნოემბერს ჰამბურგში გაიმართება.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *