
ანრი ჯოხაძის მორიგი ბრწყინვალე შოუ – ბათუმში
არაერთი წელია მომღერალი ანრი ჯოხაძე ქართველ მსმენელს თავისი შემოქმედებით ხიბლავს. მისი სოლო კონცერტი ყოველთვის დასამახსოვრებელი და გრანდიოზულია. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ამჟამად ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერალია. უკვე რამდენიმე წელია ანრი ბათუმელების წინაშე სოლო კონცერტით გამოდის და ყოველ ჯერზე ანშლაგია – მომღერალი დარბაზში მოსულ მსმენელს ნამდვილ დღესასწაულს უწყობს. წელსაც ასე იყო.
საღამო მომღერალმა ლილი იაშვილის მუსიკაზე შექმნილი სიმღერით „ბათუმს ქათქათას“ (ტექსტი კორნელი სანაძის) დაიწყო, რომელიც ბათუმის ჰიმნადაც კი ითვლება. ანრი ჯოხაძემ მაყურებელს მადლობა გადუხადა მობრძანებისთვის და რამდენიმე სიმღერა სოლო შესრულებით შესთავაზა. დროდადრო სცენაზე სხვადასხვა მომღერალს იწვევდა, მათ შორის, თემურ თათარაშვილს, ბაბი კირკიტაძეს, ნიკოლოზ ხარატს, ოთო ბაზერაშვილს.
ანრი ჯოხაძე ის მომღერალია, რომელიც თავისი საშემსრულებლო მანერით, მსმენელთან ურთიერთობით აჯადოებს მაყურებელს. ბევრ სიმღერას სწორედ დარბაზში ასრულებს. გვითხრა კიდეც: „ისე მომწონს პარტერში სიმღერა, რომ სცენა თითქოს მეუცხოება, აქ კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომაც ვარ ხშირად პარტერში“…
უჩვეული სითბო დაიღვარა დარბაზში, როცა ორი სიმღერით
განუმეორებელ მანანა მენაბდეს, ასევე არაჩვეულებრივ მუსიკოს მამუკა
ჩარკვიანს მიაგო პატივი. გაიხსენა ლეგენდარული გოგი დოლიძე, ყველა ქართველის საყვარელი მომღერალი. აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც შეძლო „ჩაეწერა“ დუეტი, რომელიც გოგისთან „ერთად“ შემოგვთავაზა – „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო…“. ორი უნიკალური ხმით – ანრი ჯოხაძისა და გოგი დოლიძის „ერთობლივად“ შესრულებული ეს სიმღერა, მართლაც სასწაულად აჟღერდა… დარბაზი ამ ქვეყნიდან გასულ სამივე მომღერალს ფეხზე წამოუდგა და მხურვალე ტაშით მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
დასთან, მაგდა ჯოხაძესთან ერთად ორი სიმღერა შეასრულა. ვისაც მოუსმენია მათი დუეტი, დამეთანხმება, რომ ეს ცალკე მინიკონცერტია, ისევე, როგორც სხვებთან ერთად ნამღერი.
ყოველ სოლო კონცერტზე მღერის ანრი ასევე შესანიშნავ სიმღერას „საქართველოს მანანებო“ ორ არაჩვეულებრივ ახალგაზრდასთან – ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზარაშვილთან ერთად. ეს სამი ბრწყინვალე ხმა მსმენელს მუდამ აღაფრთოვანებს.
შემოგვთავაზა მის მიერ გაკეთებული, ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული და საკუთარ მუსიკაზე შექმნილი კლიპი „თბილისი-ბათუმი“ მალე გავა“. კლიპში სიმღერას თავად ასრულებს. როგორც გვითხრა, ეს სიყვარულით დაწერილი განწყობის სიმღერა მაშინ შეიქმნა, როცა მატარებელს ელოდებოდა.
მაყურებელი სხვადასხვა სიმღერას „უკვეთავდა“ ანრის და მასთან ერთად მღეროდა კიდეც.
– ყოველ ჯერზე მაოცებს აქაური მაყურებელი, რომელსაც „წყობიდან გამოვყავარ“. მადლობა მათ ამ სიამოვნებისთვის. ეს დიდი ბედნიერებაა. სიყვარული, სიხარულია ჩემთვის ბათუმი, თანაც ისეთი სიყვარული, რომელსაც ვერავითარი ვოკალური მონაცემებით ვერ გადავიხდი, მიხარია, რომ ისეთი გიყვარვართ, როგორიც ვარ. ბათუმის სიყვარული ოჯახიდან მაქვს ტანში გამჯდარი, ნახევრად აქაური ვარ და მართალი გითხრათ, სტუმრად თავს არც ვგრძნობ, ეს რაღაც სხვაგვარი ურთიერთდამოკიდებულებაა. აქედან ყოველთვის დიდი სიყვარული მიმაქვს. დღესაც კონცერტის ქრონომეტრაჟს წარმოუდგენლად გადავაჭარბე. ისე მოვეშვი, რომ ამ არაჩვეულებრივ მსმენელთან ერთად, ძალიან დიდი კომფორტის ზონაში აღმოვჩნდი, მინდოდა მხოლოდ ხალხთან მესაუბრა. ეს კიდევ ურთიერთობის სხვა ქიმიაა, რომელიც ქართველებს გვახასიათებს და ეს შეუფასებელია, – გვითხრა მაგდა ჯოხაძემ და ყველას, ვინც კონცერტში მონაწილეობდა და მის ჩატარებაში ხელი შეუწყო, მადლობა გადაუხადა.
P.S. რატომ მიყვარს ანრი ჯოხაძე? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბრწყინვალე მომღერალია, მერეც – დიდი შოუმენი. მის კონცერტებზე არა მხოლოდ თავად მომღერალი, არამედ მსმენელიც უდიდეს სიამოვნებას იღებს, მას დარბაზთან ყოველთვის გამორჩეული ურთიერთობა აქვს და კიდევ ერთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია – ანრი მხოლოდ ქართული მელოდიებით გვატკბობს, ახალთან ერთად, ძველ შესანიშნავ ქართულ სიმღერებსაც გვახსენებს და მათ გამორჩეულად ეფერება.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა

