
მაია ბითაძე: არანაირი ვადა არ არსებობს, როდის უნდა დაპატიჟო დამკვირვებელი
პროცედურული თვალსაზრისით, არანაირი ვადა არ არსებობს, როდის უნდა დაპატიჟო დამკვირვებელი, დამკვირვებლების მოწვევა ახლაც მიმდინარეობს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიზნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირს მოწვევა თვე-ნახევრით ადრე გაეგზავნა.
„ვიცოდით, რომ მათ ჩამოსვლა სურდათ, მაგრამ ჩვენი მოლოდინიც გამართლდა, რომ ეუთო/ოდირმა თავიდან აირიდა ის პოლიტიკური პროცესი და ე.წ. საერთაშორისო ბულინგი, რაც მანამდე, საპარლამენტო არჩევნებზე განხორციელდა. პია კაუმას ვიზიტიც კარგად გვახსოვს, რომელიც დაგეგმილი იყო და საერთაშორისო ზეწოლის გამო გადაიდო. აქ არაფერი მოულოდნელი არ იყო, თუმცა ეუთო/ოდირის არჩევნებზე არდასწრება ხელს არ უშლის არჩევნების სრულფასოვან ჩატარებას. ცესკოს მიერ განხორციელებული რეფორმები მაღალი კვალიფიკაციით არის შეფასებული, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნით. მთავარია, მოსახლეობის ნება, მათი მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.