
ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გაზიფიცირებაა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მერისის ხეობის შემდეგ დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: დანდალოს, ხარაულის, ჯალაბაშვილების, ოტოლაძეების, მოსიაშვილების, ტაკიძეების, გოგიაშვილების და ბალაძეების მოსახლეობას შეხვდა. გულახდილი დიალოგის რეჟიმში გამართულ შეხვედრებზე სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
– ჩემთვის კარგად ნაცნობია სოფლის ყოფა, გათავისებული მაქვს, რა სჭირდება, რა მოთხოვნები აქვს აქაურ მოსახლეობას. გულთან ახლოს მივიტან თითოეული თქვენგანის საჭიროებებს და თქვენთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა უწყების ჩართულობით, მაქსიმალურად შევეცდები საკითხის მოგვარებას. დანდალოს თემში ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: მოწესრიგდა ადმინისტრაციული ცენტრი, სკვერი, სპორტული მოედნები, გზები და ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გაზიფიცირებაა, სოფლების დაქსელვა მიმდინარეობს, – თქვა მერობის კანდიდატმა.
შეხვედრებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ქედის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დანდალოში ანზორ გოგიაშვილი ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე