
დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარი ლ.კ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობაზე და სხვა მოვალეობებთან ერთად, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ლ.კ-მ ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გალერეა

