სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ინდოეთში მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
By

სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ინდოეთში მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. მის ფარგლებში, დელისა და მუმბაიში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაციები გამართა, ბენგალსა და აჰმადაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, B2B ფორმატის ფარგლებში, შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნესტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. ინდური ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს სპა კურორტებით, მასშტაბური ღონისძიებების ჩასატარებლად საკონფერენციო დარბაზებითა და სივრცეებით, ასევე, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებით. ინდოეთის ქალაქებში ჩატარებულ პრეზენტაციებსა და შეხვედრებზე 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. ღონისძიებებს დაესწრო ინდოეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი. „ინდოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში მატულობს. პროცენტულად, ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნება საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის. უკვე ყოველდღიური ფრენებია დელიდან, რასაც დაემატა ფრენა მუმბაიდან კვირაში სამჯერ. ინდოეთის მიმართ ინტერესი ყველა სეგმენტში იზრდება-ახალგაზრდებში, საქმიანი ვიზიტების, ასევე კომპანიების ორგანიზებული ტურების მიმართულებით. ინდოელი ტურისტები მოგზაურობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ასეთი შეხვედრები და პრეზენტაციები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ინდოეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას“, – აცხადებს საქართველოს ელჩი ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილი.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *