„ერთად სცენაზე – მეტი სიცოცხლისთვის“ – თითოეული  მხარდაჭერა ნაბიჯია გამარჯვებისკენ
By

„ერთად სცენაზე – მეტი სიცოცხლისთვის“ – თითოეული მხარდაჭერა ნაბიჯია გამარჯვებისკენ

ბათუმში, სასტუმრო „მერიოტში“, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფის“ ორგანიზებით, ონკოპაციენტთა მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ერთად სცენაზე – მეტი სიცოცხლისთვის“. მოეწყო დიზაინერ ნინი ჯულაყიძის კოლექციის ჩვენებაც. პოდიუმზე გამოდიოდნენ როგორც ყოფილი ონკოპაციენტები, ასევე, სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ქალები, რითაც საზოგადოებას მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნეს: კიბოს დიაგნოზი ცხოვრების დასასრული არ არის და ამ რთულ გზაზე არცერთი ადამიანი მარტო არ რჩება.
საღამო გახსნა ბათუმელმა მომღერალმა თათია კობალაძემ, რომელმაც, ასევე, სიმსივნე დაამარცხა, რასაც ახალი სიმღერა და კლიპი მიუძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა, მათ შორის, სასტუმრო „მერიოტმა“, რომელმაც უსასყიდლოდ დაუთმო დარბაზი მოწვეულ სტუმრებს, ცხადად აჩვენეს, რომ საზოგადოების თანადგომა და სოლიდარობა პაციენტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სწორედ ასეთ მომენტებში ვხვდებით, რომ კიბოსთან ბრძოლა მარტო ერთი ადამიანის ტვირთი არ არის – ეს საერთო ძალისხმევაა და თითოეული მხარდაჭერა გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი თავადაც ყოფილი ონკოპაციენტია და უკვე წლებია, ქალბატონებს, ვინც ამ სენს ებრძვის, გვერდით უდგას. მისი ძალისხმევით „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფი“ სხვადასხვა აქტივობით ცდილობს, პაციენტების ცხოვრება გაამარტივოს და მათ ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა შეუქმნას.

– „ევროპა დონა საქართველო“ გახლავთ ევროპული კოალიციის „ევროპა დონას“ წარმომადგენლობა საქართველოში. იგი ქალაქ მილანში, 1994 წელს, წორედ ონკოპაციენტების ინტერესების დასაცავად შეიქმნა ყველა იმ სერვისის ხელმისაწვდომობისთვის, რომელიც პაციენტს ესაჭიროება. „ევროპა დონას“ დღეს 47 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა და ერთ-ერთი გახლავთ საქართველო. აქ ჩვენი ორგანიზაცია 2006 წლიდან მუშაობს. ჩვენ წარმოვადგენთ ორ ორგანიზაციას, ეს გახლავთ „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფი“. ვცდილობთ, რომ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება გავუმარტივოთ პაციენტებს ის რთული გზა, რომლის გავლაც დიაგნოზის შემდეგ გვიწევს. წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის კიბოს შემდგომ ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება, ჩვენც სწორედ ამ იდეას ვემსახურებით. ყველა ის აქტივობა, რომელსაც ვატარებთ, სწორედ იმას ემსახურება, რომ პაციენტმა თავი სრულფასოვნად და დაცულად იგრძნოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს საზოგადოების თანადგომას. ამდენი მხარდამჭერი რომ გყავს, ესე იგი, მარტო არ ხარ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმრო „მერიოტის“ ხელმძღვანელმა მაია წერეთელმა ძალიან დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო დარბაზი. ასეთი ყურადღებით და თანადგომით ნამდვილად არ ვართ განებივრებულები. ღონისძიების ორგანიზატორი ნათია თოფჩიძე არის საოცარი გოგო, რომელიც ყველაფერში გვერდით გვედგა და ჩემი გოგოებისთვის დღესასწაული შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ყოფილი ონკოპაციენტი გაერთიანდა ჩვენ გარშემო, პოდიუმზეც გამოვიდა, მკურნალი ექიმებიც კი. ასევე, უნდა გამოვყო ბატონ თემურ გოგიტიძის მხარდაჭერა. ის არის საოცარი ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მკურნალობს პაციენტებს, არამედ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ შეუქმნას კომფორტი, რათა თავაწეულებმა შეძლონ ყველაზე რთული გზის გავლა. თემურ გოგიტიძე 2013 წლიდან „ევროპა დონა საქართველოს“ გვერდით დგას. უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვერდით დადგა, მოვიდა და საოცარ შოუს დაესწრო. იქ ჩვენ გავაერთიანეთ ყველაზე მნიშვნელოვანი – სიცოცხლის სიყვარული, ენერგია, რომელიც დედამიწას აბრუნებს. რაც შეეხება დიზაინერ ნინი ჯულაყიძეს, იმაზეა ორიენტირებული, რომ ამ ორგანიზაციებს თანადგომა გაუწიოს. ერთად ძალიან ბევრი სოციალური პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. მადლობა ნინი ჯულაყიძეს, რომ მის არაჩვეულებრივ დედასთან ერთად, მართლაც, საოცრებები შექმნა. უზომოდ ბევრი ემოცია მივიღე ბათუმის ჩვენებიდან, სრულიად სხვა მუხტი მოდიოდა დარბაზიდან. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი რამ განხორციელდა აქ. წინ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესო დღეები გვექნება, – გვითხრა ანა მაზანიშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორი ნათია თოფჩიძე „ევროპა დონა საქართველოსთან“ თანამშრომლობს და ორგანიზაციის მხარდამჭერ პროექტებში თავისი წვლილი შეაქვს. სწორედ მისმა ძალისხმევამ დიდწილად უზრუნველყო ბათუმში გამართული ღონისძიების წარმატება.
– სანამ რაიმე კონკრეტული შემთხვევა არ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ვერ ვიაზრებთ ვერც სიცოცხლის, ვერც დროის და ვერც სხვაზე დახმარების მნიშვნელობას. ყველაფერი დაიწყო შარშან, როცა თბილისში „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და „ვარდისფერი სივრცის“ დამფუძნებელი ანა მაზანიშვილი გავიცანი. მე, როგორც პიარ მენეჯერს, მთხოვა ჩამეწერა ონკოპაციენტი ქალების მხარდასაჭერი ვიდეომიმართვა. ეს იყო პირველი ვიდეო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ვერ ჩავწერე. უზომოდ ემოციური აღმოჩნდა ყოველი სიტყვა, რასაც ვამბობდი და თან ვხედავდი… ქალბატონი ანა თავად ყოფილი ონკოპაციენტია, მან საკუთარ ბედისწერაზე გაიმარჯვა. შემდეგ გადაწყვიტა, ასეთივე ძლიერი გოგონები შემოეკრიბა ირგვლივ, სასიცოცხლო ძალა და გამოცდილება გადაეცა მათთვის და ყველაფრის დაძლევაში დახმარებოდა. არამხოლოდ პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსაც ფსიქოლოგიური კონსულტაციები უტარდებათ, რადგან ასეთ დროს სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ყველამ ვიცით, რაოდენ ძვირია მკურნალობა და ბრძოლა ამ დაავადებასთან. ანასთან ბევრი ადამიანი გაწევრიანდა, რომ პირველადი დიაგნოსტიკა და მედიკამენტები უფასო და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის. ძალიან ამაყი ვარ, რომ მათ ბათუმში უდიდესი მხარდაჭერა მიიღეს კლინიკა „მედცენტრისგან“. მეამაყება ისიც, რომ აჭარას ჰყავს მამოლოგი, ბატონი თემურ გოგიტიძე, რომელსაც უამრავი სიცოცხლე გადაურჩენია. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, ორგანიზება გამეწია ამ ძლიერი გოგონების მხარდასაჭერი ღონისძიებისთვის. მიხარია, რომ მოვახერხე ასეთივე ძლიერი ბათუმელი გოგონებისა და კომპანიების ჩართვა და ამ სიკეთის ირგვლივ გავერთიანდით. ღონისძიების „ერთად სცენაზე – მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში პოდიუმზე წარსდგნენ როგორც ყოფილი ონკოპაციენტები, ასევე ჩვენი ბათუმელი გოგონები – თავის პროფესიაში წარმატებულები. აღსანიშნავია, რომ ყოველ ჩვენგანს თბილისელი დიზაინერის ნინი ჯულაყიძის უმშვენიერესი კოლექციის – ბრენდ „ლიმას ეინჯელის“ კაბები გვამშვენებდა. მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლური თანხა გაიღეს. მოვაწყვეთ გათამაშებაც, მხარდამჭერი კომპანიებიდან სტუმრებს საჩუქრებიც გადავეცით და ისინიც გავაბედნიერეთ. მოკლედ, საოცრად ემოციური საღამო გამოვიდა. უდიდესი მადლობა ჩემს მეგობრებს და ყოველ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ერთად ყველაფერს გადავლახავთ, – გვითხრა ნათია თოფჩიძემ.

ალიონა დათუაშვილი, მძიმე გამოცდილების მიუხედავად, დღეს უკვე საკუთარი ისტორიის გაზიარებით სხვა ქალებს აძლევს ძალას. მას კიბოს დიაგნოზი 2021 წელს დაუსვეს, თუმცა სწორი მკურნალობისა და მხარდაჭერის წყალობით, დაავადება დაამარცხა და ცხოვრებაში ახალი მიზნები იპოვა.

– 2021 წელს დამისვეს ძუძუს კიბოს დიაგნოზი. არ შემშინებია, მხოლოდ პოსტოპერაციული პერიოდი მქონდა ემოციურად მძიმე. შემდეგ იყო ქიმიოთერაპიის კურსი. ნამდვილად არ ყოფილა იოლი… 2022 წელს, კონტროლის დროს ფარისებრ ჯირყვალზე აღმომაჩნდა კიბო, კიდევ 4 ოპერაცია გავიკეთე… რთული გზა იყო ნამდვილად, მაგრამ ონკოორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა გვიფერადებდა გზას. ზუსტად ამ ორგანიზაციის წყალობით და მხარდაჭერით ჩატარდა ჩვენებაც. მახსოვს, ბატონი თემური როგორ არჩევდა თითოეულ სიტყვას დიაგნოზის გამხელისას, რათა და არ შემშინებოდა. მითხრა, მთავარია განწყობაო, მაშინ გამეცინა, რას ამბობს-მეთქი, დღეს კი სრულიად ვეთანხმები. უდიდეს საქმეს აკეთებს, „ვარდისფერი სივრცე“ მისი შუამდგომლობით გაიხსნა. ყველა წამოწყებაში გვერდით გვიდგას. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები აჭარაში უფრო მეტი უნდა იყოს. რთულ პერიოდში, ყველა ქალმა უნდა გაიაზროს, რომ არის ულამაზესი და ყველაფერი დროებითია. ჩვენ ამ ღონისძიებით შევეცადეთ მესიჯი გაგვეგზავნა – მიუხედავად ყველა სირთულისა, ცხოვრება მშვენიერია. მე შვილი მყავს აუტისტური სპექტრით და სიმართლე გითხრათ, კიბოსთვის არ მეცალა. მქონდა დეპრესიული მომენტები, მაგრამ სწორი მიდგომით, ფსიქოლოგიურ თერაპიას ვუბრუნდებოდი, რადგან ეს აუცილებელი იყო. ამ ყველაფერმა გადაატრიალა ჩემი ცხოვრება – სრულიად ჩავეშვი ინკლუზიურ განათლებაში და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ვასწავლი სკოლაში. წელს სტუდენტიც გავხდი – კვალიფიკაციას ვიმაღლებ. მთავარია, არ დავეცეთ სულიერად, -გვითხრა ალიონა დათუაშვილმა.

ონკოპლასტიკური ქირურგი და მამოლოგი თემურ გოგიტიძე მრავალი წელია პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მათ გვერდით დგას არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ სულიერი მხარდაჭერის თვალსაზრისითაც.

– ონკოპაციენტთან გზა იწყება დიაგნოზის დასმით და არ სრულდება მხოლოდ მკურნალობის კურსით. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოიცავს სწორად შერჩეულ თერაპიას, გვერდითი მოვლენების მართვას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და მუდმივ მონიტორინგს. ჩემი ხედვით, ონკოლოგის და პაციენტის ურთიერთობა არის პარტნიორობის ფორმა – ორივე მხარე ყოველდღიურად იბრძვის საერთო მიზნისთვის. წლების განმავლობაში ასობით პაციენტმა შეძლო დაავადების დამარცხება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. პაციენტისთვის ონკოლოგიური დიაგნოზის თქმა ყოველთვის რთულია. ჩემი მთავარი ამოცანაა, ინფორმაცია სამედიცინო სიზუსტით მივაწოდო, მაგრამ ისე, რომ იყოს გასაგები და იმედის ადგილი ყოველთვის დარჩეს. ვცდილობ, პირველივე წუთიდან ხაზგასმით ავუხსნა, რომ თანამედროვე მედიცინაში მკურნალობის უამრავი გზა არსებობს და ბევრი შემთხვევა სრულად იკურნება. როდესაც პაციენტი ხედავს, რომ ექიმი მშვიდი და თავდაჯერებულია, შიში მცირდება და ის დიაგნოზს აღიქვამს არა როგორც სასიკვდილო განაჩენს, არამედ როგორც პრობლემას, რომლის გადაჭრაც შესაძლებელია. ასევე, ჩემი გამოცდილებით, დიაგნოზის აღქმა სწორად შესაძლებელია მხოლოდ ეტაპობრივად, ამიტომ არ შეიძლება პაციენტზე ყველაფრის ერთბაშად მიზღვავება, მით უმეტეს, ნეგატივის. მსგავსი ღონისძიებები – იქნება ეს მოდის ჩვენება, კონფერენცია, თუ სოციალური აქტივობა, უდიდეს როლს თამაშობს. პაციენტისთვის ეს არის შესაძლებლობა, თავი არ იგრძნოს მხოლოდ ავადმყოფად. ისინი გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე ლამაზი კაბებით, იღებდნენ აპლოდისმენტებს და გრძნობდნენ, რომ ცხოვრება ისევ სავსეა სილამაზითა და სიხარულით. ეს ემოციური ძალა პირდაპირ აისახება მკურნალობის პროცესზეც – მოტივაცია იზრდება, ჩნდება ენერგია და რწმენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი. იმ პაციენტებს, რომლებიც ახლა გადიან რთულ გზას, ვეტყოდი: უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. თქვენ გვერდით დგანან ექიმები, ოჯახი, მეგობრები და ის უამრავი ქალი, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა. დიაგნოზი რთულია, მაგრამ არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს. დღეს მკურნალობის ისეთი მეთოდები გვაქვს, რომლებიც ადრე წარმოუდგენელი იყო. მთავარია, არ დაკარგოთ რწმენა, – გვითხრა მამოლოგმა თემურ გოგიტიძემ.

მარიამ ხითარიშვილი

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *