4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია – გეგმები და შეფასებები
By

4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია – გეგმები და შეფასებები

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო სამზადისშია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები კი 4 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას აანონსებენ და „მშვიდობიან რევოლუციაზე“ საუბრობენ. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, 4 ოქტომბერს საზოგადოებას ახალ მინისტრთა კაბინეტს შესთავაზებენ. ,,ჩვენ უნდა გვქონდეს სამი ლოკაცია. ამ ლოკაციებს მოგვიანებით ვიტყვით. ველოდებით 200-დან 300 ათასამდე ადამიანს. პირველი საკითხი იქნება ის, რომ გინდა თუ არა, ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიბაროს ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იტყვის -კი. იმ მომენტიდან საქართველოს ვიბარებთ ჩვენს, ხელში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება წავიდეს, რადგან დღეს არ გვყავს ხელისუფლება. რაც შეეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას მოგვიანებით გეტყვით. ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ და მარტო ფიზიკურად შემოვიდნენ. მშვიდობას უნდა ბრძოლა, თორემ გამოსვლით და „ძირს ოლიგარქიას“ ძახილმა უკვე თავისი დრო მოჭამა. ბრძოლა ბოლომდე, არ უნდა დავნებდეთ! ჩემი აზრით, 8:00 საათზე უკვე დასრულებული იქნება. უკვე გადმობარებული უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან არჩევნები ტყუილად ტარდება“, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან სანიკიძის განცხადებით, მათი მიზანიც ისაა, რომ ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე. მისივე თქმით, 4 ოქტომბერი არის ევროპული ინტეგრაციის რელსებზე დაბრუნების დღე. „ბუნებრივია, ხაბეიშვილის რიტორიკას არავინ შეეშვება. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, ქვეყანაში კონსტიტუცია მათი ხელიდან არის მკვდარი. ქართული სახელმწიფო გადაიყვანეს ევროპული ინტეგრაციის რელსებიდან და 4 ოქტომბერი არის ამ რელსებზე დაბრუნების დღე. ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ამ კამპანიას. ჩვენი მიზანია, რომ ასიათასობით თანამოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე. დამატებით დეტალებს რაც შეეხება, გეგმის, ლოკაციების, როგორი იქნება აქციაზე დღის წესრიგი, დამატებით ინფორმაციას გაგვაცნობს როგორც აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“, ისე ლევან ხაბეიშვილი მიუხედავად იმისა, რომ საპატიმრო დაწესებულებაშია“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება, მათ შორის არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ის იქნება სახალხო პროცესი. „საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ექნება კონკრეტული ულტიმატუმი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების სადავეებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას, ხოლო ეს ჩამოშორება როგორ და რანაირად მოხდება, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს საკუთარი თვალით იხილავს და ამის თანამონაწილე იქნება. 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის საკუთრება, მათ შორის, არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, 4 ოქტომბერი არის სახალხო პროცესი, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო ჯგუფები, საზოგადოებისთვის მაღალი ნდობის პირები, რომელთა მთავარი მოტივაციაა, 4 ოქტომბერს ივანიშვილმა ვერ შეძლოს პირადი მისიის მიღწევა. ამის საპირისპიროდ, მოხდეს საქართველოში ის მნიშვნელოვანი გარღვევა, რაც მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს განვითარების იმ რელსებზე, საიდანაც 2012 წლის ოქტომბერს გადაუხვია“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
განსხვავებული მოსაზრება არც „კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აქვს. ისინი კონკრეტულ გეგმაზეც საუბრობენ. „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, დღისით წავიდნენ არჩევნებზე, საღამოს კი რუსთაველზე გავიდნენ. „დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე, ისევ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ეს ორი გზა არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ აძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასუსტებს ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს. მიდიხარ, მხარს უჭერ პროდასავლურ ოპოზიციას და შემდეგ მიდიხარ რუსთაველის გამზირზე. თბილისმა უნდა გამოიყენოს ეს შანსი, მათ შორის, რაოდენობრივი უპირატესობა უნდა აჩვენოს საარჩევნო უბნებზე და, მათ შორის, რაოდენობრივი და მორალური უპირატესობა უნდა აჩვენოს რუსთაველის გამზირზე. გაყალბების პირობებშიც კი, 2024 წელს თბილისი მოიგო პროდასავლურმა ოპოზიციამ და პროდასავლურმა საზოგადოებამ. ახლა კიდევ უფრო სუსტია ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მას უნდა დავარტყათ სწორედ იმ ნაწილში, სადაც სუსტია. ეს არის მისი უმცირესობაში ყოფნა, რადგან დღეს პროევროპელი საქართველოს მოქალაქე არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რუსულ გეგმებში და მსახურებაში მყოფი რამდენიმე ჩინოვნიკი და საჯარო მოხელე“, – განაცხადა კუპრაძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპონენტებს მათი შეცვლის რესურსი არ გააჩნიათ და იმ შემთხვევაში, თუ შეკრება მშვიდობიან ფორმას გასცდება, ხელისუფლება კანონის მიხედვით იმოქმედებს. ,,საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას ვინც აორგანიზებს, 5 ოქტომბერს საკადრის პასუხს მიიღებს ქართველი ხალხისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მათ ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, პასუხს გასცემს კანონმდებლობა. „გაცხადებულია, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. ეს ყველაფერი გარედან არის მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან, ვიზიტებს. დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემოპირობებში შემოდგომაზე არის ხოლმე გამწვავებები, არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი ასეთი გამწვავებაა. ამისი შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან. ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისის მერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს, რადიკალები ვინ არიან და რას წარმოადგენენ. „უნდათ, თავისი მხარდამჭერები რაღაცით შეაგულიანონ. ყველანაირად გაუბედურებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის. ყველანაირად ნიჰილიზმში არიან. ეს ძალადობრივი ჯგუფები იკვებებიან გარედან, საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით. მათი რეიტინგი, მხარდაჭერა, ავტორიტეტი არის ნული, არაფერი! აბა, ვინმემ რაიმე გაბედოს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს. ხალხი გამოგიტანთ განაჩენს. არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი ინტელექტით არ გამოირჩევიან, ასე რომ, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. 4 ოქტომბერს ქართველ ხალთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „მშვიდობიანი რეოლუციის“ მომხრეებს არავინ არ მისცემს პროვოკაციების და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენის საშუალებას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი ასეთი იდეა „იხარშებოდა“ რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცველი უწყებები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას. „დღეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია, არის ერთ მუშტად შეკრული, შესაბამისად, ასეთი იდეები თუ აქვთ, მათ არ უწერია განხორციელება. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლები. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაკავებული პატიმრების ოჯახების წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას უერთდებიან. ,,ჩვენ, პატიმრების ოჯახის წევრები, ყველას, საზოგადოებას გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ გვერდით დაგვიდგეთ და 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ჩვენთან ერთად იყოთ. 5 ოქტომბერს გამარჯვება აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა დათმოს – დათმოს ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც დღეს საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენც, პატიმრების ოჯახების წევრები, პირველ რიგში, საქართველოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით, რადგან ჩვენი ქვეყანა ისევ რუსეთის კლანჭებში მოქცეული არ უნდა იყოს. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – თქვა პატიმარ თორნიკე გოშაძის დედამ მარიზი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი საარჩევნო ნომრის მიხედვით: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (3), „მამული, ენა, სარწმუნოება“ (1), „სახალხო ხელისუფლება“ (14), „ძლიერი საქართველო-ლელო“ (9), „გახარია – საქართველოსთვის“ (25), „ქართული ოცნება“ (41), „გირჩი“ (36), „საქართველო“ (11), „მემარცხენე ალიანსი“ (10), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8), „ქართველ ერთობა“ (4), „მწვანეთა პარტია“ (12), „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (5), „თავისუფალი საქართველო“ (7).

მოამზადა ხატია იაშვილმა

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *