
გიორგი მასალკინი: ჩემი სახით საკრებულოში გეყოლებათ გამოცდილი, სიმართლის მთქმელი და ბათუმზე შეყვარებული ადამიანი
გიორგი მასალკინი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, წარსულში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც თავის დროზე გადაწყვიტა, განდგომოდა პოლიტიკას. ახლა პოლიტიკურ პარტია „გირჩიდან“ ბათუმის საკრებულოს სიის პირველ ნომრად იყრის კენჭს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ბატონო გიორგი, ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, თქვენ რატომ მონაწილეობთ არჩევნებში?
– ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება, ლეგიტიმური ხერხია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენთან არ არის გამართლებული, რადგან ვერ მოიტანს შედეგს. რატომ? იმიტომ, რომ მართალია, ბოიკოტის ყველა მომხრე არ არის „ნაციონალი“, მაგრამ ბოიკოტის თემის ფლაგმანი მაინც „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებებია. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“, რომელსაც ბურჭულაძე, ხაბეიშვილი და თინა ბოკუჩავა გპირდებიან. ბოიკოტის თემა აგრძელებს ხედვას – „ან ყველაფერი, ან არაფერი“, „ჩვენ მოვდივართ – ისინი მიდიან, ქრებიან“… 35 წელია ვერ ვისწავლეთ კონკურირება ერთ პოლიტიკურ ველზე.
– პრინციპში, ეს მიდგომა ნებისმიერ ოპოზიციას ახასიათებს და რატომ არ უნდა დააყენოს ასე საკითხი „ნაცმოძრაობამ“?
– იმიტომ, რომ შედეგი არ ექნება. ვთქვათ და, მართლა მიგაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება „რუსული პროექტია“, რომ „ღუპავს საქართველოს“, მაგრამ შენ გვერდით ბევრს თუ მიაჩნია ასე? შეძელი ამაში „მდუმარე უმრავლესობის“ დარწმუნება? ყოველდღიური, რუტინული საქმიანობა, იდეების განვრცობა, ლოკალური გამარჯვებები, პოზიციების გაძლიერება და ძალთა ბალანსის შენ სასარგებლოდ გადაწევა – ეს არის პოლიტიკა ცივილურ სამყაროში, ჩვენთან კი კვლავ ამ ხედვით ხელმძღვანელობენ – ან ჩვენ, ან ისინი!
– „რატომ – გირჩი“?
– მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც იქნება: გამართული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არაპოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურები, სიტყვის თავისუფლება, ყოვლისმომცველი ღიაობა, გამჭვირვალობა, გამართული განათლების სისტემა და ასე შემდეგ. არ იყოს მხოლოდ ლოზუნგები: „ის ოლიგარქია“, „რუსულ საქმეს აკეთებენ“, „კორუფცია გაიფურჩქნა“ და სხვა…
– უკაცრავად, გინდათ ოპოზიციამ აქოს მმართველი ძალა?
– ერთი და იგივე, უსაფუძვლო შეძახილები მოსაბეზრებელია. თუ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებ, შენგან გარანტიები მჭირდება – თუ მოხვალ, უკეთესი სიტუაცია იქნება.
– დაპირებებსაც უხვად აფრქვევენ…
– უბრალო დაპირება არაფერს იძლევა, საჭიროა ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ქვეყანას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ შედეგად საზოგადოებამ სისტემური გარანტიები მიიღოს. ამ მიმართულებით მხოლოდ „გირჩი“ მუშაობს და მუდმივად მოუწოდებს დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს დიალოგისკენ, დისკუსიისკენ, ამ გარანტიების ერთობლივად შემუშავებისკენ. აგრეთვე, მომწონს „გირჩის“ შიდაპარტიული დემოკრატია, „არაბელადობა“, გულწრფელობა. „გირჩს“ გააჩნია თავისი ხედვა ქვეყანაში არსებული ყველა ძირითადი გამოწვევის შესახებ. ცხადია, არის ხალხი, ვინც არ იზიარებს „გირჩის“ ზოგიერთ ხედვას, მაგრამ კარგია ის, რომ „გირჩი“ მზად არის დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის…
– როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას მაშინ, როცა ოპოზიციური ფლანგის ლიდერთა ნაწილი დაპატიმრებულია, ნაწილს კი იგივე ემუქრება?
– როდესაც ქართულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ირაციონალური მომენტებიც, ყველაფერს ლოგიკურად ვერ ახსნი, შეიძლება ბევრი ვერსია ამოტივტივდეს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რიგით მოქალაქეებს არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ ლამის სიხარულით მირბის ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მოკლევადიან პატიმრობაში. შეიძლება ეს სარკასტულად ჟღერდეს ჩემგან, მაგრამ ვიცი, ბევრი დამეთანხმება.
– კი, ბევრს დარჩა ანალოგიური შთაბეჭდილება, მაგრამ ხომ ვერ გვეტყვით, რა უხარიათ?
– ალბათ, სურთ, რამენაირად გადააგორონ 4 ოქტომბერი… მოდით, კონკრეტული მაგალითით ავხსნათ: ვთქვათ, შენ იღებ ვიდეოზე, როგორ ჩადიხარ დანაშაულს, როგორც ხოშტარიას შემთხვევაშია და გაკავებენ. ამით არც კალაძეს დააკლდება არაფერი, არც მის თანაგუნდელებს. დააკლდება მისივე პარტიას, რომელიც ერთხანს, ბოიკოტის პერიოდში, ლიდერის გარეშე დარჩება. ბოლომდე არ მესმის, რას და რატომ აკეთებენ, მაგრამ ხელისუფლების ადგილზე გაცილებით მოზომილი ვიქნებოდი ამ ლიდერებთან დაკავშირებით, რადგან ისედაც არხეინად აქვს საქმე ამ არჩევნებში.
– ამ კითხვას ბევრი სვამს, რატომ ადგამს ხელისუფლება მათ წამებულის გვირგვინს…
-კი, გეთანხმებით… თანაც, იზოლირებულ სამყაროში ხომ არ ვცხოვრობთ? ჩვენ კი ვიცით, ვინ ვინ არის, ვხვდებით ყველაფერს, მაგრამ წარმოიდგინეთ, გარედან როგორ ჩანს: დაიჭირეს ოპოზიციის ერთი ლიდერი, შემდეგ მეორე, მესამე და ა.შ. ბუნებრივია, ეს პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.
– პოლიტიკაში ისევ დაბრუნდით… რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ამ არჩევნებს?
– ვინც მიცნობს, დამიჯერებს, ვინც არა და, არც ეგაა პრობლემა: ჩემი ასაკიდან და სტატუსიდან გამომდინარე, საკრებულოს წევრობა არაფერს მმატებს, არც მატერიალურად, არც თანამდებობრივად. ორი ძირითადი მოტივი მამოძრავებს: როგორც ბათუმელს, მინდა ბათუმში ცხოვრება გავხადო მაქსიმალურად კომფორტული. გამაჩნია გარკვეული ხედვები და შევეცდები მათ ლობირებას. კარგი წინადადებების განხორციელებისთვის მაქსიმალურს გავაკეთებ, ცუდს – წინ აღვუდგები და ამბის გამომტანი მაინც ვიქნები. მეორე მოტივი: ადგილობრივი არჩევნები დიდად პოპულარული არასოდეს ყოფილა საქართველოში, ვინაიდან ცენტრალიზებული სახელმწიფო ვართ და ყველაფერი წყდება თბილისში, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი ტრამპლინია. აქედან გამომდინარე, მინდა გაძლიერდეს ის პოლიტიკური პარტია, რომლიდანაც კენჭს ვიყრი, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უფრო ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს. არის კიდევ პატარ-პატარა მიზეზები, თუმცა უმთავრესი ის ორია, ზევით რომ ჩამოვაყალიბე.
– მმართველმა პარტიამ აქტიურად დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, რა კომენტარს გააკეთებდით ამ კუთხით მიმდინარე მოვლენებზე?
– ბევრი ლაპარაკობს პრობლემებზე მმართველ პარტიაში. აი, თუნდაც რიჟვაძის შემთხვევაზე, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელების გადაყენებაზე… წმენდა უნდა მომხდარიყო და ხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ცოტა დააგვიანეს. როდესაც მსგავსი ქმედებები ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, ცხადია, ოპოზიცია მას აფასებს ამომრჩეველზე გავლენის მიზნით ჩატარებულ სპეცოპერაციებად. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დროგამოშვებით კორუფციასთან ბრძოლა ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს, ზოგან მეტად, ზოგან – ნაკლებად, ყველგან არის კორუფცია და ცუდს ამ ბრძოლაში ვერაფერს ვხედავ, თუმცა ეჭვი მიჩნდება, რომ ზედიზედ განხორციელებული გათავისუფლებებით ცდილობენ თუნდაც რიჟვაძის ხმაურიანი ამბის გადაფარვას… არც იმას გამოვრიცხავ, შეიძლება მზადდება ახალი, მაღალი თანამდებობის პირის მხილების პროცედურა (გვარს და სახელს არ დავასახელებ, ვისზეც ვფიქრობ) და მიმდინარე პროცესები ამასთან არის დაკავშირებული.
– საპროტესტო აქციებს რა დატვირთვა აქვს მთელ ამ სიტუაციაში? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც სპექტაკლის დეკორაციები იქმნება, თუმცა სპექტაკლი არ იდგმება…
– საპროტესტო აქციები გადაჯაჭვულია ბოიკოტთან, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიან დამხობას. „მშვიდობიანი დამხობის“ პოლიტიკის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ ყურები ჩანს. საპროტესტო აქციები არის ლეგიტიმური ბრძოლის ლეგიტიმური ხერხი, თუმცა ისმის კითხვა, რამდენად შედეგიანი იქნება მთელი ეს პროცესი ერთიანობაში და ხომ არ ელის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მორიგი ფრუსტრაცია 5 ოქტომბრის დილას?
– ანუ თქვენ ამ მეთოდებით ოპოზიციის გამარჯვებას გამორიცხავთ?
– ჩემი აზრით, არ არის ის მუხტი საზოგადოებაში, რაც საჭიროა ხელისუფლების, თუნდაც „მშვიდობიანი დამხობისთვის“. თანაც ამ წლებში გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის დონე. ხალხს შეიძლება არ მოსწონდეს არსებული ყოფა-ცხოვრება და მართალიც არის, როგორ შეიძლება მოგწონდეს ღარიბ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა დაინახოს ის, ვინც ყველაფერ ამას შეცვლის უკეთესობისკენ… თანაც არა მხოლოდ დაპირებებით: აი, მე მოვალ, მე უკეთესი ტიპი ვარ და სხვ. ხალხს სურს იხილოს სისტემური გარანტიები, დადებული ხელშეკრულებები – რას და როგორ გააკეთებ. დღეს არავინაა ისეთი, ვინც გამოიყვანს ხალხის დიდ მასას ქუჩაში.
– ანუ 4 ოქტომბერს არ გვემუქრება გრანდიოზული აქცია?
– მე გამოცხადებული დამხობის ქრონიკის არ მჯერა. ამასწინათ, პოსტი დავწერე: ვისაც სჯერა, რომ ბურჭულაძე, ბოკუჩავა და ხაბეიშვილი შესძლებენ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას, კი, ბატონო, გავატაროთ, მაგრამ რაღაც გეგმის მაგვარი ხომ უნდა გააჩნდეთ, შტაბი მაინც ხომ უნდა შექმნან… რას აპირებენ, გაუგებარია, პარლამენტს აიღებენ, მთავრობას დააპატიმრებენ თუ რას იზამენ?!. ეს დაპირებული „მშვიდობიანი დამხობის“ ამბავი რაღაც დიაგნოზისკენ უფრო იხრება, ვიდრე რეალური, ნორმალური, რაციონალური პოლიტიკისკენ. უნდა გავუფრთხილდეთ რისკების შემცველ პროვოკაციებს, რომლებიც მოსალოდნელია არა მხოლოდ შიდა აქტორების მხრიდან. შეიძლება ბევრი ქვეყანა იყოს დაინტერესებული სიტუაციის თავისთვის მორგებით. რამდენად შეძლებს როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება ამ რისკების გათვლას და მათ განეიტრალებას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.
– ელოდებით თუ არა არჩევნების გაყალბებას? ყველა არჩევნების შემდეგ ეს თემა მუსირებს.
-1991 წლის შემდეგ, ყველა ტიპის არჩევნებში ვმონაწილეობდი სხვადასხვა სახით. ყოველი მათგანი მეტ-ნაკლებად ყალბდებოდა. შემდეგ სააკაშვილის გუნდმა ჩამოაყალიბა მართვადი არჩევნების სისტემა, ხელოვნების დონეზე აიყვანა მთელი ეს პროცესი. შემდეგმა მთავრობამ – კონტროლირებადი არჩევნების სისტემა გადაიბარა და კიდევ უფრო „გააუმჯობესა…“. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან არჩევნები ნაკლებად ყალბდება, უფრო – იყიდება. ვისაც გააჩნია მეტი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ის იმარჯვებს. ჩემი აზრით, მმართველ პარტიას არ დასჭირდება ამ არჩევნების გაყალბება. აუცილებელია ვისწავლოთ კონკურირება ერთიან პოლიტიკურ ველზე: ამ არჩევნებში მონაწილე პარტიებმა უნდა დააფიქსირონ ის პროცენტები, რასაც ამომრჩეველი მისცემს, შემდეგ, სურვილისამებრ, შექმნან კოალიციები, აიძულონ ან დაითანხმონ ხელისუფლება რაღაც ნაბიჯზე და ასე გაატარონ თავიანთი პოლიტიკა. უკვე 30 წელია, მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა პარტიებს შორის: მე მოვდივარ, შენ – ქრები, მიდიხარ!.. არ ხდება ასე, სად შეიძლება წავიდეს ამხელა „მაქინა“, თავისი ადმინისტრაციული რესურსით და ამომრჩევლებით?! ჩვენ ვატყუებთ მოსახლეობას მსგავსი მიდგომით. უნდა გავარკვიოთ: რას ნიშნავს გამარჯვება… გამარჯვება შეიძლება ნიშნავდეს სიტუაციას, როდესაც შენ ხდები გავლენიანი, ან წამყვანი პოლიტიკური ძალა. სამწუხაროდ, ასე არ ხდება და მუდმივად ვიმეორებთ ერთი და იგივე შეცდომას – „ჩვენ მოვდივართ, თქვენ მიდიხართ“.
– რა შანსები აქვს „გირჩს“ თვითმმართველობის დონეზე მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერიც ვერ გადალახა?
– ამ არჩევნების პროგნოზირება ძალიან რთულია. პოლიტიკური განლაგება საკმაოდ განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან. იმედია, „გირჩი“ შეძლებს ამ არჩევნებში მოპოვებული ხმებით სერიოზულად გაძლიერებას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე წარმოჩნდება უფრო ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად.
– თქვენი თქმით, მხოლოდ „გირჩმა“ შეინარჩუნა საღი აზრი და სისტემური ხედვა. თუ ასეა, საზოგადოება მას ნაკლებად რატომ ენდობა და აძლევს ხმას?
– სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში საღი აზრისა და სისტემური ხედვების აშკარა დეფიციტია!
– როგორც ნომერ პირველს, საკრებულოში მოხვედრის დიდი შანსი გაქვთ, რა საკითხებზე აპირებთ აქცენტირებას?
– 1.ეკოლოგიური სფერო: ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა; 2. ტრანსპორტი: პარკირების, გადაადგილების სწორი დაგეგმარების, საცობების პრობლემის და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება; 3. კონკურენციის, წახალისების და სხვა მხრივ სწორი პოლიტიკის გატარების მეშვეობით ტურისტული სერვისების გაუმჯობესება; 4. ურბანული პრობლემატიკა: ქალაქი უნდა წარმოადგენდეს საცხოვრებლად კომფორტულ სივრცეს, გარემოს. უნდა ვიცოდეთ, რა მიმართულებით ვითარდება ქალაქი, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ბათუმის იერსახე. ახალ მშენებლობას მივესალმები მხოლოდ ამ პირობის დაცვით; 5. უსახლკარო ცხოველების პრობლემის მოგვარება. მინდა მივმართო ჩემს ბათუმელებს, უკვე ექვსი ათეული წელია ამ ქალაქში ფეხით დავდივარ, პოლიტიკაშიც ვიყავი, აკადემიურ სფეროშიც და… მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ თვალწინ მიდის. ჩემი ასაკი (63 წლის ვარ), ჩემი სოციალური სტატუსი (განვლილი გზა) და ჩემი ბათუმელობა იმის გარანტიაა, რომ კორუფციაში არ ჩავეფლობი, ჩემზე არასასურველი მიმართულებით გავლენას ვერავინ მოახდენს და შესაბამისად, ჩემი სახით ბათუმელებს საკრებულოში ეყოლებათ გამოცდილი, სიმართლის მთქმელი და ბათუმზე შეყვარებული ადამიანი.
ირმა ცეცხლაძე