
მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-ში
80 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდან და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80-ე სესია – ერთი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებს.
მიმდინარე კონფლიქტების გათვალისწინებით, საიუბილეო სესიის მთავარი თემა მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაა. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, უკვე გაიმართა ორგანიზაციის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. საქართველოს დელეგაციაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე. მიხეილ ყაველაშვილი გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.
ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს სიტყვით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა მიმართეს. ღონისძიებაზე გაერო-ს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე, ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას და ვახშამს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით, გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
აშშ-ში საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის განცხადებით: „მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთულია მაღალი რანგის შეხვედრებით, ასევე, პანელური დისკუსიებით, გამოსვლებით. ამ ტრიბუნას რამდენიმე დღეში დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხვალ საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევით და, ასევე, მისი მასპინძლობით, დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, მიღებას. მთლიანობაში, ეს კვირა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი სიტყვები ამ კვირის განმავლობაში იქნება მშვიდობა, საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა“.