
მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების ფორუმზე იმყოფებოდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების პირველი პირები ესწრებოდნენ.
აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, დახურულ ფორმატში, მამუკა მდინარაძეს ათამდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
ბაქოს უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საკითხებზე პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა პირებმა გამართონ საქმიანი შეხვედრები, გააღრმაონ თანამშრომლობა და გაცვალონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
სუს-ის ხელმძღვანელი ბაქოში, უსაფრთხოების ფორუმზე 19-21 სექტემბერს იმყოფებოდა. მამუკა მდინარაძის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულებულია.