
გერმანიაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა.
ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.
ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა.