„ოქროს თვალი“ – ისტორია, რომელიც კამერის მიღმა იწერება
By

„ოქროს თვალი“ – ისტორია, რომელიც კამერის მიღმა იწერება

გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალმა ტელე და კინოოპერატორების საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს თვალის“ საზეიმო დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიას უკვე მეორედ უმასპინძლა. ფესტივალი, რომელშიც ქართული და უცხოური ტელეარხების, კინოსტუდიებისა და კინოკომპანიების ოპერატორები იღებენ მონაწილეობას, მეთორმეტედ ჩატარდა და ამდენივე გამარჯვებული გამოავლინა. ღონისძიება ჟურნალისტ ნიკოლოზ წულუკიძეს, მსახიობებს მარინა კახიანს და ზურაბ ცინცქილაძეს მიჰყავდათ, რომლებმაც ქართული კინოს მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ შეუფასებელია ოპერატორების შრომა და ღვაწლი, რომ ისინი, მართალია, თითქმის არასდროს ჩანან კადრში, თუმცა უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ ამბავი მთელი სიცხადით მოიტანონ ჩვენამდე. ფესტივალის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიას მეტი ელფერი შესძინეს და დამსწრე საზოგადოებას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კინომუსიკაზე შექმნილი სიმღერები შესთავაზეს მსახიობებმა ირაკლი კავსაძემ და ია ნინიძემ, მომღერლებმა რუსა თავართქილაძემ და ლუკა ჭანიშვილმა, რომლებსაც აკომპანიმენტს დავით მაზანაშვილი და ბენდი უწევდათ.

ოპერატორებს გამარჯვება მიულოცა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ და აღნიშნა, რომ ფესტივალი „ოქროს თვალი“, თავისი შინაარსით, მისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან წლების განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაში და ზუსტად იცის თითოეული ოპერატორის შრომის ფასი.

– თქვენ, ხშირად, არ ჩანხართ კადრში, მაგრამ სწორედ თქვენი ხელწერა კადრს ანიჭებს სიცოცხლეს, რომლის საშუალებითაც ჩვენ აღვიქვამთ მოვლენებს. თქვენ ქმნით ისტორიას, მატიანეს და მადლობა ამისთვის. ასევე, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი ბრჭყვიალა, ლამაზი საღამოს ორგანიზატორ თამარ გუდავას და მთელ გუნდს. წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალს და მეამაყება, რომ „ოქროს თვალის“ ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი აჭარის კულტურის სამინისტროა, რომელსაც წარმოვადგენ და სწორედ ჩვენი პრიორიტეტია მსგავსი პროფესიების ადამიანების ღვაწლისა და საქმიანობის დაფასება, – გვითხრა სიტყვით გამოსვლისას ირმა აბულაძემ.

ფესტივალში გამარჯვებულმა ქართველმა და უცხოელმა ოპერატორებმა შრომის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს „ოქროს თვალის“ ორგანიზატორებს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს გამარჯვება მათ სტიმულს აძლევს კიდევ უფრო მეტი კადრი გადაიღონ, მეტი ამბავი შემოუნახონ ისტორიას.

– აღნიშნულ ფესტივალში პირველად მივიღე მონაწილეობა და მოხარული ვარ, რომ ჩემმა ნამუშევარმა, რომელიც სვანეთს ეხება, გამარჯვება მოიპოვა. სამომავლოდ დიდი მოტივაციაა ჩემთვის და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ ვიდეოს გადავიღებ, რათა წარმოვაჩინო საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მშვენიერება, ადათ-წესები, ტრადიციები, რაც ასე გამოგვარჩევს ქართველებს, – თქვა აჭარის ტელევიზიის ოპერატორმა ირაკლი ქათამაძემ.

აჭარის ტელევიზია და რადიოდან კიდევ ერთი გამარჯვებული ოპერატორის მინდია მალაყმაძის თქმით, კონკურსში „ოქროს თვალი“ წარდგენილი იყო მისი გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც თუშეთს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას, ისტორიას და სილამაზეს ეხება.

– მგონი, ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა, ჟიურიმაც შეაფასა და გამოავლინა როგორც გამარჯვებული, რაც ძალიან მახარებს. ამ კონკურსში მეორედ ვიღებ მონაწილეობას და მეორეჯერვე მოვიგე. მადლობას ვუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს, თითოეულ ადამიანს, ვინც სწორად ხედავს ოპერატორების მნიშვნელობას. ჩემს კოლეგებს ვულოცავ გამარჯვებას, ვისურვებ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არაერთხელ მოგვეპოვებინოს გამარჯვება და გაგვეტანოს ჩვენი კუთხის, ქვეყნის სახელი, – გვითხრა მინდია მალაყმაძემ.

– მესამედ ავიღე ამ ფესტივალში ჯილდო, მაგრამ წელს განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო იმიტომ, რომ ჩემს შვილებთან ერთად ვიდექი სცენაზე. ზოგადად, ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ოპერატორისთვის, ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს. ფესტივალზე ორი ნამუშევარი მქონდა წარმოდგენილი. ერთი ეძღვნებოდა აჭარის მაღალმთიან სოფელ თაგოს და ბელგიელ ბიჭს, რომელიც მოიხიბლა ამ სოფლით, გარემოთი, გახსნა სასტუმრო და დაასაქმა იქ მცხოვრები ადამიანები, – აღნიშნა ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორმა გიორგი ძოწენიძემ.

ღონისძიების დასასრულ, ფესტივალში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა ფესტივალის დირექტორმა თამარ გუდავამ. მან წარმატებები უსურვა ოპერატორებს და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ქმნიან ვიზუალურ სამყაროს მაყურებლისთვის. მისივე თქმით, თითოეული კადრი, შუქის სწორად განაწილება და კამერის მოძრაობა მათი პროფესიონალიზმის შედეგია, რომ ხშირად, სწორედ ოპერატორების შეუმჩნეველი შრომა აძლევს ფილმს, რეპორტაჟს ან ღონისძიებას იმ ემოციურ სიღრმესა და სილამაზეს, რომელიც მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

-„ოქროს თვალი“ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ხელოვნების მიმართულებით, რადგან რომ არა ეს ადამიანები, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ, კადრს მიღმა, ტელეკამერებით ხელში, ვერ შემოინახებოდა, მაგალითად, დღევანდელი საღამოს ისტორია და ზოგადად, სამყაროს ისტორია. ტელე და კინოოპერატორები თავიანთი ოქროს თვალებით ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტებს აღბეჭდავენ, რომლებსაც ჩვენ წლების შემდეგ ვიყენებთ სხვადასხვა დანიშნულებით. ჟიურის ძალიან რთული, ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ, გამოვავლინეთ 12 გამარჯვებული, ასევე, გვქონდა საქართველოს კულტურის პალატის ერთი სპეციალური პრიზი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ის არის, რომ ოპერატორები, რომლებსაც ვიცით, არ უყვართ გამოჩენა, დღეს ჩანან და მადლობა მათ შრომისთვის. ჩვენ ყოველთვის შევეცდებით, მათი სახელები და გვარები გავაგონოთ ყველას, – აღნიშნა ფესტივალ „ოქროს თვალის“ დირექტორმა თამარ გუდავამ.

ფესტივალის მხარდამჭერები: აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, დეველოპერული კომპანია „ტექტო ჯგუფი“, კომპანია „ინოვატორი“, კომპანია „კალა პრინტი“, სსიპ „აჭარის მუზეუმი“, აჭარის მწერალთა სახლი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *