
ამირან ცინცაძე: არჩევნები მოქალაქეების ნების გამოხატვაა და მასზე ზემოქმედებისგან ყველას თავშეკავება გვმართებს
ქედის მუნიციპალიტეტის მოქმედ საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი და მას პროფესიით ექიმი ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე პროპორციული სიის პირველ ნომრად იგი დაასახელა. ამირან ცინცაძე ჩვენი სტუმარია.
– 8 წელია, რაც საკრებულოს პირველი პირი ვარ. მქონდა პატივი, გუნდური პრინციპით, მემუშავა ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი სტრუქტურის ისეთ ხელმძღვანელებთან, როგორებიც დავით დუმბაძე, ლევან გორგილაძე იყვნენ და როგორიცაა როლანდ ბერიძე. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურების პირველი პირებისა და მთლიანად გუნდის დამსახურებაა, რომ სახე იცვალა დაბა ქედისა და სოფლების ინფრასტრუქტურამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ტრაბახს ბოლო არ უჩანდა, როცა ქედა-მერისის საავტომობილო გზაზე ასფალტი დააგეს და 3 სოფელში სკოლამდელი დაწესებულებები გახსნეს. ახლა ჩვენ მიერ გაკეთებულს გადაავლონ თვალი. უკვე 15-ზე მეტი ბაგა-ბაღი მოქმედებს, ყველა სოფელსა და უბანში ასფალტ-ბეტონისსაფარიანი საავტომობილო გზებია, თანამედროვე მოთხოვნების დონეზე გარემონტდა სკოლების, ბაგა-ბაღების შენობები, მდინარე აჭარისწყალზე დამატებით ორი ხიდი (ბელტული და აქუცა) აიგო. ასევე, აიგო სტიქიის შედეგად დაზიანებული წონიარისი-ტიბეთას და იგება ვაიოსა და კვაშტაში მისასვლელი ხიდები. მნიშვნელოვანი თანხები იყო მობილიზებული ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ქედის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთების შესაკეთებლად. ევროკავშირისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსების თანხებით, ქედაში ახალი ტურისტული ობიექტები, მინისაწარმოები, საოჯახო სასტუმროები მოეწყო. უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორები არ აკლია მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ სასტუმროებსა და ბუნებრივ ჩანჩქერებს, ბუნების სხვა სიმშვენიერეს. ამერიკის კონტინენტიდანაც კი ჩამოდიან სტუმრები წონიარისსა და მილისში არსებულ შატოებში. ცალკე თემაა მახუნცეთი და იქ არსებული ჩანჩქერი, ასევე, აქ მოქმედი ზიპლაინი. მახუნცეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ განვითარების მიზნით, ტურისტული სააგენტო შევქმენით. ტურიზმის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისთვის, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის იმედა ვასაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი დელეგაცია უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა.
– მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარ მიზნად მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას და მათ ადგილზე დასაქმება-დამაგრებას მიიჩნევს. საკრებულოს ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში, ამ იდეას თქვენგან მხარდაჭერა თუ ექნება?
– მერობის კანდიდატთან ერთად, უკვე დავასრულეთ ყველა სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ მოქმედი მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ამომრჩეველთა განწყობა მისასალმებელია. დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრაზე მერობის კანდიდატი მოსახლეობას სოფლების გაზიფიცირების დასრულებას შეჰპირდა. ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ დანაპირებს ბოლომდე მივიყვანთ.
– პროპორციული სიის ათეულშია ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი. მასთან ერთად, კიდევ ვინ არის როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ სიაში?
– რეზო თურმანიძე, ლევან ბერიძე, არჩილ გორგილაძე, მარინა ბარამიძე, მამუკა გოგოლიშვილი, მზია ბოლქვაძე და რომან დავითაძე მოქმედი საკრებულოს წევრები არიან. დურმიშხან შავიშვილთან ერთად, პირველ ათეულშია მერაბ ტაკიძე. ეს ადამიანები მოსახლეობაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ. მაჟორიტარად წარდგენილი 9 კანდიდატიდან, მახუნცეთის, წონიარისის, ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულების საარჩევნო ოლქებში ლევან ვერძაძე, ამირან წულუკიძე, მერაბ ნაკაშიძე საკრებულოს წევრები არიან. თუ ამომრჩევლის მხარდაჭერა ექნებათ, პირველი მაისის, ოქტომბრის, მერისის, დაბა ქედის, ზვარეს, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულების საარჩევნო ოლქებში თენგიზ ყადიძის, რამაზ ალიქაძის, არკადი საკანდელიძის, ნაზიმ ჩხეიძის, ამირან დევაძის და ანზორ გოგოლიშვილის სახით, ავტორიტეტის მქონე, ხალხის ინტერესების გამტარებელ წევრებს ვიხილავთ. ოპოზიცია მნიშვნელოვან ხმებს გვართმევდა დანდალოს საარჩევნო ოლქში. იქ ახლა მდგომარეობა არსებითად შეცვლილია. მერობის კანდიდატი თუ საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და ამომრჩეველი მას მხარს დაუჭერს, უეჭველად ეს მხარდაჭერა პროპორციულ სიასა და მაჟორიტარზეც გადავა. არჩევნები კონკურენტუნარიანი იქნება, მაგრამ ქედის მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნება“ დიდი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
– ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს რა გაძლევთ?
– მმართველობით ორგანოში ის ადამიანები ვართ, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმს ღიად ვუპირისპირდებოდით, ვერ ვგუობდით გაყალბების იმ მექანიზმებს, რაც მაშინდელ არჩევნებზე იყო. რამდენიმე წელია, საპარლამენტო, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებთ. ერთ შემთხვევასაც ვერ დაგვისახელებენ, რომ რომელიმე უბანზე არჩევნები გავაყალბეთ. ხალხი ამას ხედავს, მხარდაჭერაც გვქონდა და გვექნება. გუნდური პრინციპით შეხვედრები უკვე დავასრულეთ. ამ შეხვედრებით წინასაარჩევნო სამზადისი არ მთავრდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ოჯახის წევრმა, სადაც 4 და მეტი ამომრჩეველია, შეხვედრაზე მოსვლა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო. მათ გავაგებინებთ ჩვენი საქმიანობის დადებით შედეგებსა და პრინციპებს. ამ ადამიანებს მაჟორიტარები, პროპორციული სიის კანდიდატები კარდაკარის პრინციპით შეხვდებიან.
– ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალი რომ დაგდონ?
– ჩვენგან ასეთი ქმედება გამორიცხულია, მაგრამ სხვა პარტიების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მისამართით მინდა ვთქვა, რომ გადაცდენას არ ვაპატიებთ, საჯაროდ ვამხელთ.
– ეს ხომ ერთგვარი მუქარაა?
– ეს გაფრთხილებაა. არჩევნები მოქალაქეების ნების გამოხატვაა და მასზე ზემოქმედებისგან ყველას თავშეკავება გვმართებს.
ოთარ ცინარიძე