
ვოლოდიმირ ზელენსკი: მე ვხედავ სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა: „უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, როგორც იცით, ის ეცემა. . . სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება დიდი რუსული არმიის შეჩერებას. ეს საოცარია. . . ყველა გათვლებით, ეს ომი სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო. ხალხი ამბობდა, რომ ის ძალიან სწრაფი იქნებოდა, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცებისა და იმ ხალხის დამსახურებით, ვინც ჩართულია, ბრძოლები ისევ გრძელდება, რაც კარგი არაა რუსეთისთვის, რომელიც გამორჩეულად არ გამოიყურება სამ წელიწადნახევრიანი ბრძოლის ფონზე. . . ჩანს, ეს კონფლიქტი დიდხანს არ დასრულდება”.
უკრაინის პრეზიდენტი პოზიტიურ სიგნალად აფასებს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია.
Fox News-თან ინტერვიუში კითხვაზე, გააკვირვა თუ არა ის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ, ზელენსკიმ უპასუხა: „ცოტათი. . . ანუ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერაში, მაგრამ ახლა, აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიური იყო. მან აჩვენა, რომ სურს უკრაინას ბოლომდე დაუჭიროს მხარი, ასე რომ, უკვე მზად ვართ, ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მსურს, ჩვენს ხალხს ეს სურს, მაგრამ მან (ტრამპმა) გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის (პუტინი) არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს“.
მან ასევე განაცხადა: „მე ვხედავ სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე“.
აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე სამადლობელო პოსტი დადო. „პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ამ შესაძლებლობისთვის“ – წერს ის.
ზელენსკის თქმით, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებასა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის ძალისხმევის მხარდაჭერაზე.
„განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა, რომელიც, ვიმედოვნებ, სწრაფ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შევეხეთ PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ინიციატივას და ამ ჩარჩოში პოტენციურ პროექტებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კარგად ესმის სიტუაცია და დეტალურად ინფორმირებულია ომის ყველა ასპექტის შესახებ:
„ჩვენ დიდად ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც „შეუძლია, ყველაფერი კარდინალურად შეცვალოს“.