
კაია კალასი: უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი რჩება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ რუსეთი ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა ესკალაციის გზა აირჩია, გაზარდა თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და განახორციელა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეების დრონებით და თვითმფრინავებით უპრეცედენტო და მიზანმიმართული დარღვევები. „ეს ქმედებები აჩვენებს, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც მშვიდობის პერსპექტივას ძირს უთხრის. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენ ერთად მოვუწოდებთ გლობალურ პარტნიორებს, გამოიყენონ მათი გავლენა და მოახდინონ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო ომი, იმუშაონ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა კალასმა და დასძინა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი რჩება. „ვინარჩუნებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით. მხარს ვუჭერთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო კანონს და გაეროს ქარტიას. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მშვიდობის რეალობად ქცევას ისახავს მიზნად“, – განაცხადა კალასმა.