
იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან პაატა სალიასთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ბათუმის №2 ფილიალში „ჯასთ კაფეს” გახსნას დაესწრო.
სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება. ფილიალი მოქალაქეებს შესთავაზებს თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს, რაც სერვისების კიდევ უფრო სწრაფ და ხარისხიანად მიწოდებას უზრუნველყოფს.
ხელვაჩაურის იუსტიციის სახლი აჭარაში რიგით მე-9 ფილიალი იქნება. მისი გახსნის შემდეგ, იუსტიციის სახლები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. გარდა ამისა, აჭარაში მოქმედებს 2 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც კვირის განმავლობაში 10 სოფელს ემსახურება.
ასევე, იუსტიციის სახლის ბათუმის №2 ფილიალში გაიხსნა „ჯასთ კაფე“ (JUST CAFE), სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საჭირო დოკუმენტები კომფორტულ გარემოში.
ღონისძიებებს საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ.
გალერეა


