რამაზ საყვარელიძე: ულტრალიბერალურ დასავლეთს სჭირდება არეულობა, „ოცნების“ ადგილას „ნაციონალების“ მოსაყვანად
By

რამაზ საყვარელიძე: ულტრალიბერალურ დასავლეთს სჭირდება არეულობა, „ოცნების“ ადგილას „ნაციონალების“ მოსაყვანად

მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებსა და მათ კავშირებზე საუბრობს გაზეთ „აჭარასთან“ პოლიტმიმომხილველი რამაზ საყვარელიძე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

– ბატონო რამაზ, დავიწყოთ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში მიწვევით. რა შედეგს მოიტანს ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის?

– დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მიიღებენ თუ არა ჩვენს მთავრობას ტრამპის კარზე სათანადოდ. ამიტომ, თქვენი ნებართვით, თემას ამ კუთხით განვავრცობ, რადგან ვიცი, რომ ინტერესი არსებობს. ამერიკისთვის და არა მხოლოდ მისთვის, მთავარია ის მომენტი, რომ საქართველოზე, კავკასიაზე დევს გზა, სადაც უნდა გაიაროს ტრანზიტმა ჩინეთიდან. მეტსაც გეტყვით, უკვე რამდენიმეჯერ გაიარა პეკინიდან დატვირთულმა მატარებლებმა ამ მარშრუტით, ანუ ტვირთბრუნვის პროცესი დაწყებულია, რის გამოც საქართველოს მიმართ მწვავე დამოკიდებულება გაჩნდა იმ ქვეყნის მხრიდან, რომლებსაც არ აწყობთ ჩინეთის ეკონომიკურად გაძლიერება. ამიტომ იყო ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რომ გაგვაფრთხილა საქართველოში ვიზიტისას, ჩინეთი არ შემოუშვათ ანაკლიის პორტში, არ არის დემოკრატიული ქვეყანაო. იგივე პოზიცია ჰქონდა ბაიდენს. . . მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკული მხარე კონკურენტად აღიქვამს ჩინეთს და ამიტომ ეპყრობა ყურადღებით პეკინის ეკონომიკურ პარტნიორებს და კავშირებს. ვიმეორებ, სწორედ ამან განაპირობა საქართველოს მიმართ მწვავე დამოკიდებულება ჯერ აშშ-ის, შემდეგ მისი პარტნიორის, ევროპის მხრიდან. უფრო სწორად, ამას აკეთებენ არა კონკრეტული ქვეყნები, არამედ რადიკალური ლიბერალიზმის მიმდევრები, ე.წ. დემოკრატები, ანუ მათი პოლიტიკის გამოვლინებაა კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. ახლა რატომ მოგახსენეთ ამხელა ამბავი: ტრამპის მეორედ მოსვლა თეთრ სახლში დიდი ძვრებით აღინიშნა. ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს დალაგებული ურთიერთობა ჩინეთთან. არ აქვს გადაწყვეტილი, რა გზას დაადგეს და რომელ პოლიტიკას გაატარებს. შესაბამისად, საქართველოს მიმართაც არ ჩქარობს პოზიციის დაფიქსირებას. ამასობაში, ჩვენი ხელისუფლებაც წერილს წერილზე უგზავნის ტრამპს, მაგრამ ის არ ამბობს არაფერს, რადგან ჩინეთის საკითხი აქვს გადასაწყვეტი. თუკი ამ მსჯელობიდან გამოვალთ, თავისთავად, საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა და მისთვის სიტყვის მიცემა ძალიან პოზიტიური ფაქტია მიმდინარე დაძაბულობის ფონზე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ ყაველაშვილს სიტყვის ქართულად წარმოთქმის ნება მისცეს, რაც პრაქტიკულად, უპრეცედენტოა. . . ასევე, ვნახეთ ტრამპის და ყაველაშვილის ერთად გადაღებული ფოტოებიც, სადაც ცერა თითი აქვთ აწეული და მელანიაც იქვე დგას. ადამიანური და პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით, შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გახსნილია ის არხი, რასაც საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა ჰქვია მანამდე ჩინეთის კარების გახსნა – არ გახსნა უნდა გადაწყდეს.

– ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ: „ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო“. . . ბევრს გაუჩნდა კითხვა, ნუთუ სხვა საქმე არ აქვს?. . თქვენ როგორ ახსნით ამას?

– ზელენსკის სხვა საქმე მართლაც არ აქვს. მისი უპირველესი ამოცანაა, მეტი არგუმენტი მოაგროვოს უკრაინის ომის გასამართლებლად, რადგან როგორც კი შეწყდება ომი, მაშინვე დადგება ზელენსკის ყოფნა- არყოფნის და გასამართლების საკითხი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ გადაყენებაზე, შესაძლოა, გასამართლებაც რადგან უდავოდ ამოტივტივდება ომის პერიოდში ჩადენილი ბევრი დანაშაული.

– აქ საქართველო რა შუაშია, ჩვენ ხომ არ ვასამართლებთ?

– ზელენსკის სჭირდება რუსული თემის გამწვავება, უნდა, რომ დაანახოს მსოფლიოს, რუსეთი ლამის მთელ მსოფლიოს იპყრობს, აგერ საქართველოც მისი გავლენის ქვეშაა და ა.შ. რამდენად რეალურია ეს, ზელენსკის არ აინტერესებს, მისთვის მთავარია, რომ მსგავს გამონათქვამს დიდი ყურადღებით მოეკიდებიან იგივე ევროპელი ლიბერალები, რომელთა ინტერესებშიცაა ომის გაგრძელება, ანუ კიდევ ერთი არგუმენტი შესთავაზა მათ საქართველოს ხსენებით.

– ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს განცხადებით, თუ ზელენსკი არ დათანხმდება პუტინის შეთავაზებებს, ამით მთელი უკრაინის დაკარგვას რისკავსო. . .

– რა დევს ადამიანის გულში, რთული მისახვედრია. . . გავაჟღერებ ერთ ფაქტს. მაკგრეგორიმ – ამ, ყოფილმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლის ინტერვიუც გავრცელდა გაეროს სამიტის შემდეგ, უკრაინის თემის ხსენებისას განაცხადა, რომ ზელენსკის ანგარიშზე ახლა მილიარდზე მეტი თანხაა დადებული, ამტკიცებს, ზელენსკი იმ იარაღით ვაჭრობს პანისლამური ორიენტაციის ქვეყნებთან, რომლითაც მას კოლექტიური დასავლეთი ამარაგებს. მაკგრეგორის ეს განცხადება რამდენად მართალია, არავინ იცის, ცხადია, გადამოწმებას საჭიროებს, მაგრამ იმის დასტური კია, რომ ზელენსკის ირგვლივ ტრიალებს ეჭვები, რის ფონზეც გაუგებარია, რა უფრო უნდა ომში მყოფ პრეზიდენტს: ამ ბრალდებების გამოძიების დაწყება თუ უკრაინის გადარჩენა. აქედან თუ გავთვლით, ლუკაშენკოს შეგონებას არც კი მიიტანს გულთან ახლოს.

– დო­ნალდ ტრამპმა მკვეთრად შეიცვალა კრემლის მიმართ პოზიცია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ რუ­სეთს დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია, ქვე­ყა­ნა თავ­და­პირ­ველ ფორ­მა­ში და­იბ­რუ­ნოსო. . . მისი თქმით, „რე­ა­ლუ­რად ეს მათ „ქა­ღალ­დის ვე­ფხვად“ წარ­მო­ა­ჩენს“. . .

– რასაც ტრამპი ლაპარაკობს, ცნობილია, მაგრამ რას ფიქრობს – ძნელი სათქმელი. მისი ზრახვები და სიტყვები ემთხვევა თუ არა, ამაზე თავს ვერავინ დადებს. ფაქტია, რომ ტრამპი დიდი პატივისცემით შეხვდა პუტინს ალასკაზე, თუმცა ამის შემდეგ რა მიზნით განაცხადა თქვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ფრაზა, გაუგებარია, ანუ ეს ორი რამ ერთმანეთის საწინააღმდეგო რომ არის, ფაქტია. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ტრამპმა ამ სიტყვით ხელი შეუწყო ომის გაგრძელებას.

– არადა, ომს დავასრულებო, ხომ აცხადებდა?

– კი, აცხადებდა, მაგრამ უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით საკითხს, ზედაპირზე ამოტივტივდება ტრამპის და ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსთა დაპირისპირება. შესაბამისად, ომის შეწყვეტის შემთხვევაში, ევროკავშირი კიდევ უფრო გაამძაფრებს ტრამპთან ბრძოლას, ანუ იმ ძალების ხელშეწყობას, აშშ-ში დემოკრატების სახელით რომ იღვწიან. ისიც გავიხსენოთ, ტრამპმა რომ თქვა, ევროკავშირთან ურთიერთობა არ მექნება, დავიჭერ საქმეს ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან, სადაც სათავეში მოვლენ კონსერვატორებიო. ვხედავთ, რომ ფონ დერ ლაიენს მართლაც არ ელაპარაკება. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის – ტრამპს ევროპა მიჰყავს კრიზისამდე. ომში ფულს აღარ დებს ამერიკა, შესაბამისად, თანხების ჩადება უწევს ევროპის ქვეყნებს. სად ნახავენ ფულს? ამოიღებენ ბიუჯეტიდან. თავისთავად, შემცირდება სოციალური პროგრამების დაფინანსება, რასაც, სავარაუდოდ, ევროპელები ცუდად შეხვდებიან და შეეცდებიან მემარჯვენე ორიენტაციის კონსერვატორები მოიყვანონ საკუთარ მთავრობებში. ამ პროცესის დასაწყებად, აუცილებელია კრიზისის შექმნა ევროპაში, რომლის ერთ-ერთ ბერკეტად, შესაძლოა, ტრამპმა ჩათვალოს შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელება, ანუ ომისკენ მიუშვებს ყველას, ვისაც სურს ომი, მათ შორის მოიაზრება უკრაინა და ევროპის ქვეყნები. თუ ეს სტრატეგია მოუმწიფდა ტრამპს, მაშინ ეტყვის უკრაინას, რომ აქვს ტერიტორიების სრულად აღდგენის პერსპექტივა, რასაც, ცხადია, მოჰყვება ბრძოლების გამწვავება და მიიღებს იმ ცვლილებებს, რომელსაც ელოდება ევროკავშირში.

– გაეროში ნეთანიაჰუს გამოსვლისას დელეგატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს – „თქვენი სამარცხვინო გადაწყვეტილება წაახალისებს ტერორიზმს“. . .

– ისევ ტრამპის, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული დამოკიდებულება გავიხსენოთ გაეროს მიმართ, რომელმაც მას ვერაფერი შესთავაზა. ტრამპი აღშფოთებული იყო გაეროს უმოქმედობით, უთხრა კიდეც, ვერცერთ პრობლემას ვერ აგვარებთ, ომებია გარშემო, არადა, გაერო უნდა იყოს ამ ომების შეწყვეტის ძირითადი ინსტრუმენტიო. ამ ფონზე გასაგები ხდება, რა აწუხებს ტრამპს. გაეროში ფესვგადგმული და გაძლიერებულია ულტრალიბერალური დაჯგუფებები. ამ განწყობების მქონე პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, აკრიტიკებენ ნეთანიაჰუს პოლიტიკას ტრამპის გამოც, რადგან ცნობილია ისრაელის და აშშ-ს ისტორიული ალიანსი. ისინი მუდამ ერთად დგანან (გავიხსენოთ ირანის ომი, სადაც ერთად იდგნენ ბოლომდე). ასე რომ, გაეროს დარტყმა ნეთანიაჰუზე ნიშნავდა ტრამპის მიმართ დამოკიდებულების გაპროტესტებას. ეს დაასუსტებს ამერიკელი ებრაელების (რომელთა ხელშიცაა აშშ-ის ქონება) პოზიციებსაც, მაგრამ მათი გაბრაზება მერე როგორ მოუტრიალდება მსოფლიოს, ამაზე აღარ ფიქრობენ.

– ბატონო რამაზ, შეუძლებელია, არ შევეხოთ საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს, 4 ოქტომბერს დაანონსებულ რევოლუციას და ოპოზიციის რიგი ლიდერების დაპატიმრებას. . .

– ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ხომ მათივე თაოსნობით მოხდა? გახსოვთ, ალბათ, როგორ დემონსტრაციულად იქცეოდნენ, თუ არ დამაპატიმრებთ, იქნებით სუსტი, უუნარო. . . ანუ თუ ხელისუფლებამ თავისი როლი ვერ შეასრულა, რაღა მთავრობა ხართო და სხვ. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, დააპატიმრეს ეს ხალხი. ანალოგიურად მოიქცა ხოშტარია და. . . ჩაჯდა ციხეში.

– აუხსნელია, ასე ერთსულოვნად რატომ მიიჩქარიან ციხისკენ?

– ამ პროცესის ახსნა ისევ სიღრმისეული ანალიზითაა შესაძლებელი. თქვენ ხომ დაიწყეთ ინტერვიუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზით. მოდით, ისევ იქიდან წამოვიდეთ. იცით, რომ ულტრალიბერალები ებრძვიან კონსერვატორებს და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება არის კონსერვატორული პარტიის წევრი. სწორედ ამიტომ სურთ ულტრალიბერალებს ამ მთვარობის შეცვლა და უპირისპირდებიან მმართველ ძალას. ამიტომაა, ხან რა მიზეზით და ხან რით, მთელი ევროკავშირი დაკავებულია ჩვენი ხელისუფლების კრიტიკით, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იქნება ამ ხელისუფლების დაპატიმრება. . . ანუ სიტუაციის გასამწვავებლად უნდა ჩაჯდნენ ციხეში. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ რევოლუცია თუ მართლა მოხდა, ესენი (ოპოზიციის ლიდერები) პატიმრობაში იქნებიან და ამით გადარჩებიანო. იმასაც ამბობენ, თუკი მარცხით დასრულდება რევოლუცია, თავს იმართლებენ – ხელ-ფეხი შეკრული გვქონდა, ციხეში ვიჯექითო, ანუ სხვადასხვა ვარიანტებია, რომლითაც ხსნიან ამ უჩვეულო სწრაფვას ციხისკენ.

– თქვენ ფიქრობთ, რომ 4 ოქტომბერს მართლა იქნება რევოლუცია?

– ვფიქრობ, აუცილებლად იქნება დაპირისპირების მცდელობა, რადგან ულტრალიბერალურ დასავლეთს სჭირდება არეულობა „ოცნების“ ადგილას „ნაციონალების“ მოსაყვანად, თან საკუთარ ამომრჩევლებს დაანახებენ, როგორ ებრძვიან რუსეთს. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთთან ბრძოლასთან არის გაიგივებული.

– რამდენად მართალი არიან ამაში?

– რა გითხრათ, რატომ უნდა უნდოდეს რუსეთს საქართველო?

– . . . და რატომ არ უნდა უნდოდეს?

– . . .და ვინ მოინდომა რუსეთმა? აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები ეხვეწებოდნენ, შეგვიერთეთო და არ შეიერთა. თავის დროზე სომხეთიც ეხვეწებოდა – არც ის შეიერთა. ბელარუსიც სთხოვდა, ერთიანი სახელმწიფო შევქმნათო – არ შექმნა. . .

– რატომ?

– ელემენტარულად, არ უნდა ფული დახარჯოს. ყველას ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, მაგრამ ამ კავშირს ხომ რჩენა დასჭირდება? მსგავსი სტრუქტურების რჩენის არც ფული და არც სურვილი რუსეთს აღარ აქვს.

– აბა, რატომ იბრძვის, რა უნდა?

– უნდა, იგივე საქართველომ თუ უკრაინამ, გაატაროს ის პოლიტიკური კურსი, რაც კრემლს აძლევს ხელს. როგორც კი უკრაინელებმა აიღეს კურსი ნატოსკენ, მაშინვე დაარტყა. საქართველოს ასეთი მკაფიო განაცხადი არ აქვს, მაგრამ როგორც კი გაუჩნდება ანალოგიური სურვილი, დაარტყამს, თბილისიდან ერთი საათის სავალზე ჰყავს ტანკები დაყენებული, რაში სჭირდება პოლიტიკური ელიტის გარუსება? დაარტყამს და დაამთავრებს ამით. გაცილებით იოლად გაუმკლავდება საქართველოს, ვიდრე უკრაინას. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რუსეთის ინტერესს, ჩაერიოს თბილისის პოლიტიკურ ინსინუაციებში და ხარჯოს ფული თუ ძალისხმევა. ოპონენტები ერთხმად იძახიან, რომ აი, ივანიშვილი განაგებს ქვეყანას. . . ჰოდა, თუ ასეა, რატომ უნდა გადასცეს ივანიშვილმა ეს ქვეყანა რუსეთს? ან რატომ უნდა იმოქმედოს კრემლის კარნახით, რა ვალი აქვს? რა გაუჭირდა ასეთი, რომ ახლა სხვისი ბრძანებები ასრულოს. . . იმაშიც ეჭვი მეპარება, საერთოდ თუ არსებობს ასეთი ბრძანებები, რადგან არაფერში ვჭირდებით რუსეთს. ეს არის კარგად შემუშავებული სტრატეგია, რომ დააბრალონ საქართველოს რუსეთზე ორიენტაცია.

– საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი?

– დაიწყო იქიდან, როდესაც საქართველომ რუსეთთან ომზე თქვა უარი, რის შემდეგაც უკრაინამ და ევროპამ მოგვაწებეს რუსეთუმეს იარლიყი. ამის შემდეგ დაიწყეს, რუსეთზე აქვს საქართველოს მთავრობას გათვლაო. არადა, არც საჭიროება ჩანს ამისი და არც ფაქტები. ამდენი ხნის განმავლობაში, რაღაც კონკრეტული ბრალი ხომ უნდა წაუყენონ? დღემდე ვერაფერ კონკრეტულს ვერ ამბობენ. ჩინეთთან ურთიერთობის ფაქტები არსებობს – ხელმოწერილია ხელშეკრულებები, მაგრამ რუსეთთან რა კავშირი აქვს „ოცნებას“, ვერც ისინი ადასტურებენ, ხმამაღლა რომ იძახიან, რუსეთზე არიან მიწებებულებიო. რა ხდება იცით? ეს გამოცდილი პოლიტიკური ხერხია, თავის დროზე საბჭოეთშიც რომ იყენებდნენ. გაიხსენეთ, გერმანიის ჯაშუშებად რომ მონათლეს საკუთარი მოქალაქეები, ზოგი დახვრიტეს და ზოგიც გადაასახლეს. ასეთი მითოლოგიით ბრძოლა ანტიკური ხანებიდან აქვს შემუშავებული კაცობრიობას, რაც დღემდე გრძელდება. ჩვენ შეჩვეული ვართ, რასაც იძახიან, ვენდობით. სწორედ ასეთ გულუბრყვილო ხალხზეა გათვლილი ეს მეთოდიკა და კარგადაც მუშაობს, როდესაც სერიოზული მიზეზი და ფაქტები არ არსებობს.

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *