საერთაშორისო ფესტივალი – „ბათუმური რაფსოდია“ დასრულდა
By

 საერთაშორისო ფესტივალი – „ბათუმური რაფსოდია“ დასრულდა

ბათუმმა მეოთხედ უმასპინძლა შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალს „ბათუმური რაფსოდია“ , რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მსოფლიოში აღიარებული მომღერალი, ვერდისა და მოცარტის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ვენის შტაატსოპერის საპატიო ჯილდოს – „ებერჰარდ ვეხტერის“ მედლის მფლობელი, სოპრანო თამარ ივერია.

ფესტივალი მეოთხე წელია სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის, საქართველოდან) ნიჭიერ ახალგაზრდა ტალანტებსა და მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში მაღალი კლასის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომელთა შორის გახლდათ მსოფლიოში ცნობილი მომღერალი (ტენორი), მრავალი ჯილდოს მფლობელი, არგენტინელი პედაგოგი მარჩელო ალვარესი, ოპერის მომღერალი (ბანი), ხმის ექსპერტი, პროდიუსერი, პედაგოგი ვალენტინ პეჩინოვი (აშშ/ბულგარეთი), პედაგოგი, ოპერის მომღერალი (ბას-ბარიტონი), „Opera Vokal CoaCh“-ის დამფუძნებელი და დირექტორი მეთიუ აბელი (საფრანგეთი). ცნობილმა მენტორებმა ახალგაზრდა, დამწყები მომღერლებისთვის მაღალი კლასის მასტერკლასები გამართეს.

ფესტივალის ფარგლებში, 26 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ რეჟისორმა ზაზა აღლაძემ ინოვაციური დადგმით შესთავაზა მსმენელს. უმოკლეს ვადაში დადგმულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი ოვაცია და მოწონება დაიმსახურა – მომღერლების, სოლისტთა შემადგენლობა იყო გასაოცარი – ელმინა ჰასანი (სანტუცა), ანდრეს სანჩეს იოგლარი (ტურიდუ), ანასტასია მინაშვილი (ლოლა), აკაკი გუგუშვილი (ალფიო), ეთერ ხალვაში (დედა ლუჩია) მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. სპექტაკლში საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი (დირიჟორი დავით მუქერია) და სახელმწიფო კაპელა (ქორმაისტერი – რუსუდან ბერიძე) მონაწილეობდა. ეს იყო არაჩვეულებრივი დადგმა და მის წარმატებას ბევრი ტრიუმფატორი ჰყავდა.

– რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ასეთ სპექტაკლში მონაწილეობ – საოცარი მუსიკა, არაჩვეულებრივი სოლისტების საერთაშორისო შემადგენლობა, საუკეთესო გუნდი. ზაზა აღლაძის დადგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ასეთი ფესტივალის ჩატარება საჭიროა. რამდენი სასრგებლო გაკეთდა და თანაც სრულიად უანგაროდ. ახალგაზრდებისთვის ასეთი პროფესიონალების ჩატარებული მასტერკლასები, ძალიან დიდი საქმეა, – გვითხრა ეთერ ხალვაშმა.

28 სექტემბერს გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც როგორც უკვე შემდგარი (ფესტივალზე სპეციალურად მოწვეული) ბრწყინვალე მომღერლები, ასევე, დამწყები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათგან ზოგი ორკესტრთან ერთად პირველად მღეროდა. გალა კონცერტი საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გაიმართა და მას დავით მუქერია და მამუკა ალაფიშვილი დირიჟორობდნენ.

საღამოზე ბევრ ულამაზეს ხმას მოვუსმინეთ. შესაძლოა, სწორედ ეს ფესტივალი გახდეს მათთვის დიდ სცენებზე გასასვლელად ტრამპლინი. ასეთი უკვე იყო – ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ცნობილ საოპერო სცენებზე ახალგაზრდა მომღერლები.

ვინც გალა კონცერტზე დასამახსოვრებლად იმღერა, ერთ-ერთი თბილისელი ზურაბ ნაყეური გახლდათ.

– საუკეთესო შთაბეჭდილებებით მივემგზავრები. წინა კონკურსშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ ეს შარშანდელზე კიდევ უფრო კარგი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფესტივალი ვითარდება. წელს დიდებული ტენორი იყო ჩამოსული – მარჩელო ალვარესი, მარტო მისი მასტერკლასები რად ღირს. ამ პედაგოგმა, ყველა პრობლემა სხვაგვარად დაგვანახა, გაგვისწორა. მე სულ სხვა ტექნიკით ვმღეროდი, მაგრამ სცენაზე მეტი თავისუფლებაც, რა თქმა უნდა, „წამადგება“, – გვითხრა ზურაბმა.

გალაკონცერტში ცნობილი მომღერალი, სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი მონაწილეობდა, მასთან ერთად, არაჩვეულებრივები იყვნენ მოწვეული მომღერლები ელმინა ჰასანი და ანდრეს სანჩეს იოგლარი.

საღამოზე ქალბატონმა თამარმა ფესტივალისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელით საოპერო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი ემერიტუს პროფესორი გოჩა ბეჟუაშვილი, პიანისტი მარინა მეტრეველი და პედაგოგი, მომღერალი თემურ გუგუშვილი დააჯილდოვა. მანვე ვოკალის აკადემიის კვირეულში მონაწილე ყველა მომღერალს სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადასცა.

გალა კონცერტი ანდრეს სანჩეს იოგლარის და ელმირა ჰასანის შესანიშნავი გამოსვლით დასრულდა. ეს ისეთი ნამღერი იყო, მსოფლიოს ნებისმიერი დონის სცენას რომ დაამშვენებდა. გალა კონცერტი ბერდია კუტუბიძეს მიჰყავდა. ორგანიზატორების სახელით მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა და ფესტივალის წარმატებას ხელი შეუწყო.

ფესტივალი მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა.

 

მანანა ძიძიშვილი.

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *