
„ხატვა ჩემთვის საკუთარი თავის აღმოჩენისა და სიღრმისეულად გადმოცემის გზაა“
ლიკა შაინიძე ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვარია, რომლის ნამუშევრები ოსტატობით, თავისთავადობით იპყრობს ყურადღებას. ნიჭთან ერთად, პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მისი შთაგონების წყარო ადამიანია. ლიკა ციხისძირიდანაა (ქობულეთი), ამჟამად კი ხაშურში, თოჯინების თეატრის მხატვარ-დეკორატორია. დღეს ეს საინტერესო მხატვარი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– საკუთარ პერსონას როგორ წარმოგვიდგენთ?
– როგორ ვხედავ ჩემს პერსონას? – როგორც გაწონასწორებულ და წინდახედულ ადამიანს, რომელსაც მშვიდი გარემო უყვარს, მეოცნებეობა შემოქმედებით იმპულსს და ემოციურ სიღრმეებს უძლიერებს. ვისწავლე ყურადღების გამახვილება დეტალებზე, საკუთარი თავი უკეთ გავიცანი. ხატვამ უფრო გულწრფელ, მიზანდასახულ პიროვნებად მაქცია.
– როდის და როგორ აღმოაჩინეთ ხატვისადმი ინტერესი?
– ხატვისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა, როგორც უმეტეს ბავშვს, თუმცა ეს გატაცება უფრო თინეიჯერობის ასაკში გამოიკვეთა, მაშინ, როცა არც ბევრი რესურსი იყო და არც ინტერნეტი. ხატვის სიყვარული „სელებრითების“ გადმოხატვით დავიწყე და თანდათან აღმოვაჩინე, რომ შემეძლო მსგავსების შექმნა. განსაკუთრებით თვალების ხატვაში ვპოულობდი სიამოვნებას, ისინი ჩემთვის იქცნენ ემოციების გადმოსაცემ მთავარ საშუალებად. თვალებით თითქოს ვაცოცხლობდი პერსონაჟს, ვაძლევდი მას ჩემს შინაგან განცდებს. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ხატვა ჩემთვის უბრალო გართობა კი არა, საკუთარი თავის აღმოჩენისა და სიღრმისეულად გადმოცემის გზაა.
– პირველი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– პირველი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, იმ დროს შეიქმნა, როცა პორტრეტების ხატვისგან ცოტა შევისვენე და გადავწყვიტე, ბედი ფერად პეიზაჟებში მეცადა. ინსპირაცია ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილი – ციხისძირის ულამაზესი ზღვის პეიზაჟი გახდა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ზღვის ფერების გადმოტანამ იმდენად დიდი სიამოვნება მომიტანა, რომ მას შემდეგ პეიზაჟების ხატვა (პორტრეტების შემდეგ) ჩემი მეორე საყვარელი მიმართულება გახდა.
– რას მიიჩნევთ ინსპირაციის ყველაზე დიდ წყაროდ?
– ეს არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ნანახი დეტალები. მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები, მუზეუმებში ნანახი ნამუშევრები და ქუჩაში შემთხვევით შემჩნეული ადამიანების ემოციები ჩემთვის უდიდესი მუზაა. დაღლილ, შრომისმოყვარე ადამიანებს როცა ვხედავ, მათ სახეებში, მზერასა და მოძრაობებში ვპოულობ ნამდვილ ისტორიებს, რომელსაც შემდეგ ფერებით და ფორმებით ვაცოცხლებ.
– რა გეხმარებათ, რომ ყოველდღიურად განავითაროთ ტექნიკა და სტილი, როცა თვითნასწავლი ხართ?
– რადგან თვითნასწავლი ვარ, ყოველდღიური განვითარებისთვის ყველაზე დიდ დახმარებას პრაქტიკა და უწყვეტი ხატვა მაძლევს. შეკვეთებზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებით ვხვეწ ხელს, რადგან სხვადასხვა ადამიანისა და ახალი სახის გადმოტანა მაძლევს საშუალებას, უკეთ შევისწავლო ნაკვთების სირთულე და მათი გადმოცემის გზა. ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია და გამორჩეული, ამიტომ, ყოველი ახალი ნამუშევარი პატარა გამოწვევაა, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, ტექნიკა კიდევ უფრო გავაუმჯობესო. გარდა ამისა, ვაკვირდები სახეებს, მოძრაობას, ბუნებას და ამ ყველაფერს ვაქცევ შემოქმედებითი განვითარების რესურსად. სწორედ ეს ყოველდღიური გამოცდილება და პრაქტიკა მეხმარება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესო როგორც ტექნიკა, ისე საკუთარი სტილი.
– რა სირთულეებს წააწყდით როგორც თვითნასწავლი მხატვარი და როგორ გადალახეთ იგი?
– ერთ-ერთი მთავარი სირთულე ჩემთვის იყო დაუფასებლობა და ის გარემო, სადაც ხელოვნებას, ხშირად, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. ასევე, რთულია რესურსების და ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობა, რადგან სწავლებისა და განვითარებისათვის მეტი საშუალებაა საჭირო. შემოქმედებით პროცესში რომ ვარ, თითქოს რეალობის სირთულეები ქრება და მხოლოდ ფერები და ემოციები მრჩება. გარდა ამისა, თავდაპირველად, გამოწვევა იყო ცოდნის წყაროების მოძიებაც – როგორ ჩომომეყალიბებინა ტექნიკა დამოუკიდებლად, როცა მენტორი არ მყავდა. ამას ინტერნეტში ძიებით, დაკვირვებით და ბევრი პრაქტიკით მივაღწიე. საბოლოოდ, მივხვდი, რომ თვითნასწავლობას თავისი პლუსიც აქვს: ქმნი საკუთარ გზას, ინდივიდუალურ სტილს და სწავლობ საკუთარი ძალების ნდობას.
– რომელი მასალა ან ტექნიკა გიყვართ ყველაზე მეტად პორტრეტების შესაქმნელად?
– ყველაზე მეტად შავ-თეთრი ტექნიკა და განსაკუთრებით, ნახშირი მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ნახშირი საკმაოდ რთული მასალაა, ის ჩემთვის საოცრად დამთმობია და შემიძლია დეტალები განსაკუთრებული სიღრმით გადმოვცე. შავ-თეთრი პორტრეტი საშუალებას მაძლევს ერთი ფერის ტონალობით დავინახო და სხვასაც დავანახო მრავალფეროვნება. თითქოს ფერების გარეშე უფრო მკაფიოდ იკვეთება ემოცია, ხასიათი და სულიერი მდგომარეობა.
– ბუნება ყველაზე დიდი მხატვარია, რას სწავლობთ მისგან?
– ბუნებისგან ვსწავლობ ჰარმონიას, სისუფთავესა და სიღრმეს, როგორ შეიძლება უბრალო ფერთა გადმოსვლამ შექმნას საოცარი სურათი, რომელიც ადამიანს ემოციებით ავსებს. თითოეული ხე, ტალღა თუ ცისფერი ცა იმის მაგალითია, რომ სრულყოფილება ხშირად დეტალებშია. ამავდროულად, დიდ შთაგონებას ვპოულობ ადამიანის მიერ შექმნილშიც. არქიტექტურა, ხელოვნების ნიმუშები, წიგნები ან ყოველდღიური ნივთებიც კი ჩემთვის იმის დასტურია, თუ რაოდენ დიდი ძალისა და ფანტაზიის მატარებელია ადამიანი. ბუნება მაძლევს ჭეშმარიტების შეგრძნებას, ადამიანი კი წარმოსახვის უსაზღვრო შესაძლებლობებს. ორივესგან ერთად შეიძლება ისწავლო ხედვა, მოთმინება და სილამაზის აღმოჩენა იმაშიც, რაც, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჩანს.
– როგორ ხედავთ ხელოვნური ინტელექტის როლს ხელოვნებაში, მეგობარია თუ კონკურენტი?
– მე მეგობრის როლში უფრო ვხედავ, ვიდრე კონკურენტის. ის დამხმარეა, რომელიც შეიძლება გახდეს დამატებითი ინსტრუმენტი შთაგონებისთვის, ტექნიკური დეტალების გასამარტივებლად ან ახალი იდეების მოსაძიებლად, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება არ გადაიზარდოს სრულ დამოკიდებულებაში. ხელოვნების მთავარი ძალა მაინც ადამიანის შინაგან სამყაროში, ემოციებში, გამოცდილებასა და სუბიექტურ ხედვაშია. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს თანამგზავრი, მაგრამ საბოლოო ნამუშევარი ადამიანის სულიერების გამოძახილია. ამიტომ იგი ვერასოდეს ჩაანაცვლებს მას და ვერც კონკურენტი იქნება. ადამიანის ხელით შექმნილს სხვა ღირებულება აქვს.
– რა ემოცია გინდათ რომ მაყურებელმა იგრძნოს თქვენი ნამუშევრების დანახვისას?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს სხვისი ნამუშევრების ნახვა და მათი ემოციების გაზიარება, ეს ჩემთვის დიდი შთაგონების წყაროა, თუმცა, როცა ჩემი ნამუშევარი მაყურებელში ემოციებს იწვევს, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ. მრცხვენია, თითქოს ვერიდები ამ უშუალო კავშირის გამომჟღავნებას. ხშირად, მირჩევნია, რომ მაყურებლის განცდები საიდუმლოდ დარჩეს.
– გეგმავთ თუ არა გამოფენებს?
– ამისთვის შეიძლება მზად ვიყო ნამუშევრებით, მაგრამ ემოციური მზადყოფნა არ მაქვს. მინდა ეს სიამოვნება სხვამაც მიიღოს, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე, ემოციებს გავურბივარ, იმ ემოციებს, რომელიც ჩემი შემოქმედებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ინსპირაციაა. ამიტომ ვამჯობინებ, ეს ენერგია ჯერ საკუთარ თავზე გამოვცადო, სანამ ფართო საზოგადოებას წარვუდგენ.
– ყველა ხელოვანი უცხოპლანეტელია, ცხადია, სიმბოლური გააზრებით. თქვენ თავს როგორ გრძნობთ დედამიწაზე?
– ყოველთვის ვგრძნობდი შინაგან განსხვავებულობას, თითქოს რაღაც ისე არ იყო, როგორც სხვებს ჰქონდათ. ეს განცდა მართლაც მაძლევდა უცხო შეგრძნებას, თითქოს სხვებისთვის უცხოპლანეტელი ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ის ,,არაადამიანური“ სიღრმე და ემოცია ჩემშიც ცხოვრობს, ისეთი გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და მხოლოდ ხელოვნებაში პოულობ გამოსახვას. სწორედ ამიტომ, ხანდახან თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობ, მაგრამ ეს განცდა ჩემთვის ნეგატიური არ არის, პირიქით, ის მაძლევს უნიკალურობას, მაკავშირებს ხელოვნებასთან და მაძლევს შესაძლებლობას, სხვებს რაღაც განსხვავებული ვაჩვენო.
– დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შემოქმედებითი გზა რამდენიმე წლის შემდეგ?
– რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთი ბუმბერაზი მხატვრების ნამუშევრებს ვიხილავდი, როგორებიცაა: რუბენსი, ტიციანი, პიკასო, ვან გოგი, კლიმტი, ვერმეერი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, მუნკი, მატისი და სხვა უამრავი. ჯერ კიდევ მაქვს მიზანი, მათი და კიდევ სხვა ბევრი მხატვრების ნამუშევრები ვიხილო. ასევე, ვერ წარმომედგინა, რომ პორტრეტების ხატვას შევძლებდი. ეს ყველაფერი შევძელი. ახლა ვერ წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს საკუთარი სტუდია მექნება. ეს მიზანი მაქვს და იმედია, რომ ესეც ამისრულდება, როგორც სხვა დანარჩენი. ეს უბრალოდ დროის საკითხია. ყველაფერი მალე არ გვისრულდება, თუმცა, იმედი მაქვს, რაც გულით გვინდა, ერთ დღესაც ახდება.
ლაშა ხომერიკი