„ფუტურო ადამიანები“ – საჩხერის თეატრის გასტროლი ბათუმის დრამატულ თეატრში
By

„ფუტურო ადამიანები“ – საჩხერის თეატრის გასტროლი ბათუმის დრამატულ თეატრში

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრმა სპექტაკლი „ფუტურო ადამიანები“ წარმოადგინა, რომელიც თომას ელიოტის ლექსის ,,ფუტურო ხალხის“ მიხედვით დაიდგა. სცენური ვერსიის ავტორი, მხატვარი და რეჟისორი გიორგი მეტონიძე გახლავთ, მუსიკალური გაფორმება ლიკა დარბაიძეს ეკუთვნის. თომას ელიოტი თავის საკმაოდ გრძელსა და ტევად ლექსში, ძირფესვიანად ცვლის ჯოჯოხეთის ტრადიციულ, მხატვრულ და ზოგადკულტურულ ხატს. შავბნელ ჯურღმულებში ცოდვილთა სულების შიშისმომგვრელი ტანჯვა-წამების ნაცვლად, ის წარმოსახავს სრული ზნეობრივი და ფიზიკური დამბლის შემზარავ სურათს. ,,კაცის ფიტულების“ პერსონაჟთა სამყაროში არ არსებობს პროტაგონისტი, აქ არც გმირს ვხვდებით, არც ანტიგმირს. წარმოსახულია, უბრალოდ, სტატისტთა დამბლადაცემული მასა, რომელიც ავტორისეულ ჩანაფიქრშივე უმოძრაოა, უსახოა, უფერულია. ელიოტამდე ალბათ არავის გამოუხატავს ფასეულობათა დეგრადაციის შედეგად შექმნილი ჩიხის ესოდენ შემაძრწუნებელი განცდა. განცდა ქვეყნიერების ზნეობრივი აღსასრულისა, რომელიც ყოველგვარ პომპეზურსა თუ საზეიმო ხასიათს მოკლებულია და უსუსურ სლუკუნში გამოიხატება.

– ჩვენი თეატრი, ძირითადად, მოძრაობის თეატრის ჟანრში მუშაობს. გვაქვს ვერბალური სპექტაკლებიც, მაგრამ უმეტესად, არავერბალურ ჟანრს ვირჩევთ, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი და ძალიან კარგი ვერბალური თეატრია, სადაც არაჩვეულებრივად თამაშობენ. ამიტომ ჩვენი ნიშა რომ გვქონოდა, გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი თეატრალური სამეტყველო ენა მოგვეძებნა. ეს რამდენად გამოგვდის, უკვე მაყურებლის შესაფასებელია. ჩვენი მცდელობა ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ მაყურებელს სიახლე შევთავაზოთ და ამით დავიმკვიდროთ ნიშა ამ დიდ თეატრალურ სივრცეში. ჩვენი სპექტაკლის პირველწყაროს სახელწოდება ოდნავ შევცვალეთ – „ფუტურო ადამიანები“ დავარქვით. ელიოტს ლექსში ასახული აქვს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, ანუ როგორ გადააქციეს ადამიანებმა თავისი უზნეობით ჯოჯოხეთად დედამიწა. წარმოდგენილია სტატისტთა ნაცრისფერი მასა, სადაც არც პროტაგონისტი, არც გმირი, არც ანტიგმირია. ეს ნაცრისფერი მასა მოქმედებს ერთი მიმართულებით, „მე“-თი ცხოვრობს და არ იყურება გვერდზე. სპექტაკლი გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ ვკარგავთ ადამიანები ცივილიზაციას. ცივილიზაცია არა ტექნოლოგიური პროგრესი, არამედ ადამიანების ერთმანეთზე ზრუნვაა. ვეცადეთ, მაყურებლისთვის საკუთარი თავი დაგვენახებინა. პირველ რიგში, ჯერ საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ სათქმელი, შევანჯღრიოთ, რომ გამოვფხიზლდეთ და ადამიანურ საწყისებს დავუბრუნდეთ. ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანზე რომ იზრუნა, ეს იყო ცივილიზაციის პირველი ნიშანი. თუ ერთმანეთზე ზრუნვის სურვილი დავკარგეთ, ძუძუმწოვარა ცხოველებად გადავიქცევით, რომლებიც ინსტიქტებით ცხოვრობენ. ვფიქრობ, რომ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, როცა საკმაოდ მძაფრად დგას ეს საკითხი – ადამიანებს შორის ერთმანეთის მიმართ გაუცხოებას ვგულისხმობ და დროა გამოვფხიზლდეთ, თუ გვინდა, ადამიანებად დავრჩეთ. ეს ნაცრისფერი სამყარო უნდა დავამარცხოთ იმ ნათელი წერტილით, რომელიც ჩვენშია. სპექტაკლში თვალახვეული ვთამაშობთ, ესეც სიმბოლურია – ადამიანები ერთმანეთის თვალებს ვეძებთ. თვალებში ხომ ადამიანურობა იკითხება? ჰოდა, იქნებ ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში, – გვითხრა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და მსახიობმა გიორგი მეტონიძემ.

– ამ სპექტაკლით ისეთი სიამოვნება მივიღე, როგორიც შეიძლება ვერ მიიღო სხვა თეატრებში, იმიტომ, რომ განსხვავებული ჟანრია, განსხვავებული შემადგენლობაა. გამოყენებულია პლასტიკა, ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი შესაძლებლობა. ბრწყინვალე დადგმა იყო, რასაც სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რადგან უსიტყვო თეატრი ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ეს, არც კი ვიცი, როგორ ავხსნა – ტკბილეულში რომ ერთი შემადგენელი ნაწილი გამოირჩევა, ისეთი იყო. უყურებ და არ გინდა, დამთავრდეს, ფიქრობ, ახლა რა მოხდება, ამის შემდეგ რა იქნება… ეს დიდი წარმატებაა. მიმაჩნია, რომ ამ სეპექტაკლმა უნდა მოიაროს ევროპა და საქართველოს სხვა თეატრებიც. ეს დიდი გამარჯვებაა. ძალიან მიხარია, რომ ამ თეატრს დიდი წარმატებები აქვს და ვიმედოვნებ, მომავალშიც ექნება, – გვითხრა საქართველოს სახალხო არტისტმა და ღირსების ორდენის კავალერმა, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის, ზაქარია ფალიაშვილისა და ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატმა, ოპერის მომღერალმა თეიმურაზ გუგუშვილმა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბუბა სავანელი, საბა მაჭარაშვილი, მარიამ ტაბატაძე, ცოტნე ჭუმბურიძე, ცოტნე მეტონიძე, გიორგი მეტონიძე, ბადრი ბერიძე, ელგა გუგუნავა, დარეჯან ჯოხაძე, ნატალია გოშაძე, ლუკა ტოროშელიძე და გიორგი ჩხეიძე.

 

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *