„35 წელია ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჯერ არ შესრულებულა“
By

„35 წელია ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჯერ არ შესრულებულა“

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე მალე დაბადებიდან 70 წელს მიითვლის. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1991 წელს დაინიშნა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად; 90-იანი წლების მიწურულს იყო მწერალთა კავშირის კრიტიკის სექციის თავმჯდომარე; მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ „ჯვარი-ვაზისას“ პასუხისმგებელ მდივნად; გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ „გზას“; არის ჟურნალ „საგურამოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „ცისკარი 1852“ დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, მრავალი წიგნის რედაქტორი და გამომცემელი; ილია ჭავჭავაძის აკადემიური ოცტომეულის გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2003 წელს, ილია მართლის სახელობის ტაძრის არქიტექტორებთან (საეკლესიო ნაგებობის მშენებელი) ერთად, დააარსა ყოველწლიური პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი. ჰყავს 6 შვილი. ნაბოლარა სკოლამდელი ასაკისაა. წელს გამართულ ფესტივალს „ზე-კართან“ ანდრო ბედუკაძე ოჯახთან ერთად სტუმრობდა. იგი ჩვენი სტუმარია.

ბატონო ანდრო, აჭარა და მისი მოსახლეობა თქვენთვის უცხო არაა…

– ჩემი სტუდენტობის წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მკვიდრი მრავალი ჭაბუკი და ქალიშვილი სწავლობდა, რამაც ამ კუთხესთან დამაახლოვა. ძალიან მიყვარს ბათუმი და თელავი. ეს ორი ქალაქი ლამის საფიცრად მექცა. ვერ გეტყვი, ამ შეყვარების მიზეზს, ალბათ, ერთ-ერთი ისაა, რომ ამ კუთხეში მყარადაა შენარჩუნებული ეროვნული სული და ქართველობა. ადგილობრივი ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ გარედან მოსული თვალი უკეთ ხედავს. სამშობლოს სიყვარული აქ უფალთანაა გატოლებული.

– თუ გაიხსენებთ პირველ მეგობრებს, რომლებიც ბათუმში შეიძინეთ?

– როგორ არა, ბევრი ახლაც კარგადაა, ბევრიც წუთისოფლიდან წავიდა. უფალმა აცხონოს მათი სულები. უპირველესად, მსურს მოვიგონო ბატონი თეიმურაზ კომახიძე. ის გახლდათ პატრიოტი, მინდობილ საქმეზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება. მრავალი ეროვნული საქმე გააკეთა. ბატონმა თეიმურაზმა სტატიების ციკლიც მიუძღვნა ილიას როლს აჭარასთან მიმართებაში და საბოლოოდ, წიგნადაც გამოსცა. ბატონ შოთა ზოიძესთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. სოფელ გეგელიძეეში ჩამოსვლაც შემთხვევით არ მიხარია. გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ რომ ვმუშაობდი, სამსახურებრივად ხშირად ვხვდებოდი ბატონ ფრიდონს. უაღრესად თბილი, ზნემაღალი, ქართულ სიტყვაზე შეყვარებული პოეტი – ასე დარჩება რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ჩემს მეხსიერებაში.

– იშვიათია პიროვნება, რომელსაც სამუზეუმო სფეროში ასეთი დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს. „მუზეუმების კაცადაც“ მოგნათლეს. აჭარაში რამდენიმე მუზეუმის გახსნის ცერემონიასაც ესწრებოდით…

– ილიას მუზეუმის გახსნა ზოგიერთებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. განსაკუთრებით თბილისიდან წამოვიდა უარყოფითი დამოკიდებულება, რომლის სამიზნე მე ვიყავი. ბრალს მდებდნენ, რომ საგურამოს მუზეუმიდან აჭარას ექსპონატები მივყიდე. ჯერ ერთი, არაფერი გამიყიდია, მაგრამ რამდენიმე ექსპონატის გადაცემა მოვალეობად ჩავთვალე, როცა ქვეყნის ისტორიულ კუთხესა და ჩემს საყვარელ ბათუმში ილიას მუზეუმი იხსნებოდა. ყველაფერი კი ცენტრისა და რეგიონის მაშინდელი დაპირისპირებიდან მოდიოდა. ასლან აბაშიძე ეროვნულ საქმეს აკეთებდა და თვალში არ მოუვიდათ. მაშინ მუზეუმის შენობის რესტავრაცია მიმდინარეობდა და არავინ იცოდა, ფული საიდან იხარჯებოდა. ფული „ქართუ“ ფონდმა მომცა. მე მეკრძალებოდა თანხის დაფინანსების წყაროს გამხელა. ისიც იფიქრეს, რომ ასლან აბაშიძე მაფინანსებდა… მახსოვს, თხილვანაში მუზეუმის გახსნა, რომელსაც გაზეთმა „აჭარამ“ ვრცელი სტატია მიუძღვნა და იგი შეტანილია წიგნში „ხიმშიაშვილები“…რამდენიმე დღით, ოჯახთან ერთად, ბათუმში დავრჩები, დავით თედორაძეს მოვინახულებ. მასთან და ვახტანგ ღლონტთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. ვახტანგთან ურთიერთობა თბილისიდან დაიწყო, როცა „გულანის“ წევრი იყო. ამ ლიტერატურულ გაერთიანებაში მაშინდელი თაობის ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ.

– საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ზე-კართან“ პირველად არ ხართ. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ღონისძიებას?

– მესამედ ვარ აჭარის მთიანეთში, როგორც „ზეკარელი“, – უკვე ასე მოინათლნენ ამ ფესტივალის მონაწილენი. წელს, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩამოვედი. გეტყვით, რატომაა, კარგი ეს ღონისძიება: იგი ცენტრში კი არა, რეგიონში ტარდება. შუახევი, ხულო და ქედაა მასპინძელი მრავალი ქართველი და უცხოელი მწერლის, მხატვრის, ლიტერატურათმცოდნის, ყოფილი და მოქმედი ჟურნალისტის, მთარგმნელის, როგორც ორგანიზატორმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა, წლევანდელ ფესტივალში 100-მდე ადამიანი იყო ჩართული. საერთოდ, რაც თავი მახსოვს და უკვე საკმაო ასაკისაც ვარ, ლიტერატურული ცენტრი ყოველთვის დედაქალაქი იყო. ამის დეცენტრალიზაცია რომ ხდება, მისასალმებელია. „ზე-კართან“ უკვე სტაჟიანი, მიზნობრივი ფესტივალია. აქ ერთმანეთს ეცნობიან, მიზნებზე, გეგმებზე საუბრობენ შემოქმედი ადამიანები. დღეს ურთიერთობები საერთოდ აღარ არსებობს, ტელეფონმა ჩაკლა ყველაფერი. ამ ფესტივალზე, პირადად მე, მრავალი მეგობარი შევიძინე, მათ შორის, ბატონი ვახტანგ ბერიძე. ის უზარმაზარ და ეროვნულ საქმეს აკეთებს და ხელშეწყობა უნდა. მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, რომ ორგანიზატორს გვერდით უდგანან. თუნდაც გახსნის დღე ავიღოთ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, ბოლომდე ჩვენთან დარჩნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები. კარგად ვიცი, ჩვენთან დაფინანსების მოპოვება რა ძალისხმევას ითხოვს. ლიტერატორები არ არიან ისე მდიდრები, რომ საკუთარი თანხებით ჩამოვიდნენ. ყველაფერი ორგანიზებას ითხოვს, რაც კარგად კეთდება. ფესტივალი რეგიონის ცნობადობას ამაღლებს, კულტურათა დიალოგს უწყობს ხელს, იწერება ახალი ლექსები, პროზაული ნაწარმოებები, გამოიცა წიგნები. ქვეყანა უკვე ფეხზე დგას. ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა აღარაა, რომ ამგვარი ფესტივალების დაფინანსებაზე უარი ითქვას. ისტორიას ჩაბარდა სეკვესტრირებული ბიუჯეტი.

– რამდენიმე წინადადებით გვითხარით საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში არსებულ მდგომარებაზე.

– მალე დაიწყება მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია. ესაა გრანდიოზული, მასშტაბური პროექტი, რომელიც ეხება არამარტო არსებულ შენობას – უნდა აიგოს ახალი ადმინისტრაციული შენობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით. მუზეუმის შემოსასვლელში 5-6 პატარა ნაგებობაა გათვალისწინებული (სალარო, დაცვის ოთახი, მოსაცდელი, კაფე, მაღაზია), განახლდება პარკი. წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა, გაკეთდება გარე განათება, დაწყებულია ობელისკის რეაბილიტაცია. კონკურსი გამოცხადებულია და გამარჯვებულის გამოვლენას ველოდებით. იგეგმება ილიას ძეგლის რესტავრაციაც. ყველაფერი ეს 2-3 წელიწადში დასრულდება. გვინდა სამუშაოები გულდასმით, ხარისხიანად შესრულდეს. ეს ილიას მუზეუმია, თანაც ეროვნულის სტატუსი აქვს მინიჭებული და ყველგან და ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს.

– დაფინანსების წყარო?

– დაფინანსების წყარო საქართველოს კულტურის სამინისტროა. 35 წელია ამ მუზეუმის დირექტორი ვარ, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ შესრულებულა. ეს მუზეუმებთან დაკავშირებული პროექტებიდან, ყველაზე მასშტაბურია… ვცდილობთ, არსებული პირობების კვალობაზე, მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშაოთ. წლიდან წლამდე მატულობს დამთვალიერებელთა რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში, ილია მართლის ტაძარში ქრისტიანული რიტუალები სრულდება. უკვე წესად იქცა, ჯვარდაწერილების მუზეუმში შემოსვლა. ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაც დავიწყეთ.

– სტუმრის თვალით დანახული ჩვენი კუთხე…

– წლევანდელ ფესტივალზე ჩემთვის დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი რამ მოხდა – უკვე „ყაბალახოსანი“, „ზე-კარელი“ ვარ. ყაბალახი წინა წლის „ყაბალახოსანმა“ ზურაბ ფირცხალაიშვილმა მომარგო, მომავალ წელს, სხვას გადავცემ. საგურამოდან აჭარის მთიანეთში ახალციხის გამოვლით ჩამოვედი. თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი საავტომობილო გზა, სხვა ინფრასტრუქტურა სტუმარს სიამოვნებას ანიჭებს. კურორტი გოდერძი, ტურისტული სოფელი ზანკები, გამართული საბაგირო გზა, სასტუმროების კომპლექსი – ეს ყველაფერი ბოლო წლებში გაკეთდა. შორეულ საფუტკრეთში, ტარიელ ფუტკარაძის სახლ-მუზეუმში პირველად რომ გახლდით, მოუწესრიგებელი გზა იყო, ახლა ასფალტ-ბეტონის საფარია დაგებული. შუბნის საჯარო სკოლის საბიბლიოთეკო სივრცე დედაქალაქის სკოლასაც დაამშვენებდა. ფესტივალი რომ დაიწყო, მიმდინარეობდა „შუახევის ჰესის“ მშენებლობა, დღეს, იგი ქვეყნის ენერგოსისტემას ეხიდება.

მომავალ ფესტივალამდე.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *