
,,საღმრთო საღმრთოდ გასაგონი“ ანუ „პოლიტიკური გალაკტიონის“ ფონზე…
ჩვენი გაზეთის მკითხველი კარგად იცნობს მწერალსა და პუბლიცისტ ლაზარე ზაქარიაძეს, მისი არაერთი პუბლიცისტური წერილი ხშირად იყო ნომრის წამყვანი თემა. ამჟამად ბატონი ლაზარე თბილისში ცხოვრობს და წარმატებით განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას. მკითხველი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მისმა ესეებმა, პუბლიცისტურმა წერილებმა, ფართო გამოხმაურება მოჰყვა მწერლის ვიდეოსაუბრებს, განსაკუთრებით კი ვიდეოსაუბარს ,,პოლიტიკური გალაკტიონი“. იგი ახლებურ, არასტანდარტულ ხედვას სთავაზობს მკითხველსა და მსმენელს. მაინც, რა იყო ინსპირაცია და მოტივაცია, რამ უბიძგა „პოლიტიკური გალაკტიონის“ შექმნისკენ, რა პარალელს ხედავს პოეტის აპოკალიფსურ ხედვასა და დღევანდელ ქართულ (მსოფლიო) რეალობას შორის? ეს ხილვები მხოლოდ პოეტური მეტაფორაა თუ ის უნდა მივიჩნიოთ სოციალურ გაფრთხილებად? რატომ ჩათვალა საჭიროდ გალაკტიონის ტექსტების პოლიტიკურად წაკითხვა? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე მწერლის არაორდინარულ და მრავალმხრივ პასუხებს ამ ინტერვიუში გთავაზობთ.
– ბატონო ლაზარე, თქვენს ვიდეოსაუბრებს ბევრი ინტერესით ისმენს, ბევრსაც კითხვები უჩნდება და ლამობს იმის უკეთ გაგებას, რაზედაც საუბრობთ. ამჯერად თქვენს ბოლო დროის საუბარს – „პოლიტიკური გალაკტიონი“ ვგულისხმობ. ამ ასპექტში გალაკტიონი არცერთ ლიტმცოდნეს არ განუხილავს, ამდენად, საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, თუ როგორ ხედავთ გალაკტიონს, ამ კოსმიურ პოეტს…
– „პოლიტიკური გალაკტიონი“ ნამდვილად რომ არსებობს, ამაზე მისი პოეზია მეტყველებს, რა თქმა უნდა, და, პირველ რიგში, ის ლექსები, რომლებშიც გალა წინასწარმეტყველებს პირდაპირ მსოფლიოს პოლიტიკურ მომავალს. პოეტისგან წინასწარმეტყველება არც უნდა გვიკვირდეს პოეზიის ბუნების მხედველ ადამიანებს. ნამდვილი პოეზია დროში ხედვაა, დროში განჭვრეტა. ჰოდა, ეს ჩვენი გალა, სამყაროში ერთადერთი გალაკტიონი – „ვარ გენია რიმანელი“ – თავის ლექსში „როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები“ პირდაპირ წერს: „დაეცა კრემლი! და ნაფოტებად იქცა წარსულთა ტანჯვათ მიზეზი…“ ხოლო მეორეში „ევროპავ, გახსოვს?“ რომ დაურქმევია, ასევე, პირდაპირ და უცერემონიოდ არასწორ არჩევანში ადანაშაულებს ჩვენს ბებერ ევროპას: „რომ დაიღუპე, ქვეყანამ იცის და არავისზე გაბედო ძვირი, შენ აირჩიე შავი და ისიც არა მერანი, არამედ ვირი…“ ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას პოეტმა-წინასწარმეტყველმა, მეტი რა მიგვანიშნოს?
– გალაკტიონის პოეზიის ასეთ პოლიტიკურ ასპექტში განხილვა, როგორც თქვენ გააკეთეთ, რას ისახავს მიზნად და რას უწყობს ხელს? გამოყავით არსებითი დანიშნულება.
– „ვწუხვარ, ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია ჩემი გზა“, – ამბობს გალაკტიონი თავის შედევრში. რა თქმა უნდა ერთადერთია გზა და პორტალი თითოეული დიდი პოეტის (ერთეულებია მსოფლიოს ისტორიაში, რომელთა ხვედრი ზენართან კავშირია და ამ კავშირისგან გამომდინარე – სიტყვა პოეტის) და მათი ვალია და დავალება, ზეცა ჩამოიტანონ დედამიწაზე, უზუსტეს სიტყვებში დააკრისტალონ, იუველირული დაზუსტებით. ეს დიდი ტანჯვაა ალბათ, გამოიწვას უნდა ადამიანი, გამოშრეს ცეცხლში, უკიდურესად გათავისუფლდეს თავისი ეგოსგან და სუბიექტისგან, მედიუმად რომ გადაიქცეს – გამტარად როგორც თქვენ ამბობთ. უმძიმესი გზაა და ჯვარი, როგორც ჩანს, და ეს ცხოვრებისგანაც ხომ იკვეთება განმარტოებული გალაკტიონის. თავისთვის ჩვეული ირონიით თავის თანამედროვე პოეტებს ეუბნება ერთგან ლექსში „იყო“, რომელიც ნამდვილად არ განეკუთვნება მის შედევრებს: „ეს მინდა ვუთხრა მიეთ-მოეთებს, მე ქარში ვიყავ, როცა პოეტებს თქვენთვის საყვარელ ბულბულ-მდელოში, ტკბილად გეძინათ საქართველოში…“ გალაკტიონის კოსმიური ქარი სხვაა, მისი სული იმ ქართა თქეშში მოყვა და რაც დაინახა, უკვე სიტყვების ღვარში-კორიანტელში გამოხატა-გამოსახა აპოკალიფსის დიდმა მხედარმა. უფრო მეტს ვიტყვი, დღეს რაც ხდება მთლიან მსოფლიო პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც აქიდან გამომდინარე, ეს გაღვიძებული გალაკტიონი-ლავა-ვულკანია უხილავი, თანაც ხილული-საგრძნობი და ხელშესახები, უკვე სიტყვებით ნათქვამი და გამოხატული, ვის ახსოვს თორემ, ვის დაუნახავს, ანდა უგრძვნია, სულ – ერთეულებს: „მე მძინარე ვარ… ვწევარ და მძინავს, დაე, მძინავდეს. ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს, როდესაც ნანა მესმის ძიძების – ბევრს ეშინოდეს ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების. ვით გათენებას, მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს…“ ამ სიზმრებში ვართ სინამდვილეში, არაჩვენებურში, შეიძლება და ამიტომ ვერ ვხვდებით, აი, ასეთ უსაშიშეს გათენებაში ჩვენ ყველანი – თანამედროვე მსოფლიო, პოლიტიკურ-არაპოლიტიკური.
– საიდან მოვდივართ და სად მივდივართ, ვისი ნაშიერები ვართ და აქამდე მოღწეულები ახლა რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ?
– რისკენ უნდა ისწრაფოდეს ამ წუთისოფელში მოვლენილი ადამიანი, ბატონო ლაშა? – ვისაც არც მოსვლას შეეკითხა არავინ და როგორც ჩანს, არც წასვლას შეეკითხება, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ თვითმხილველები, გვაგრძნობინებენ, ირონიაში კი ნუ ჩამითვლით ამ გამონათქვამს, მართლა ასეა წუთისოფელში. ამ წუთის გაცოცხლებას და შევსებას უნდა ესწრაფვოდეს ადამიანი, აწმყოს-ამწამის, რომელიც მართალია წამი კია, ასე ჰქვია და ასე აღიქმება კიდევაც, მაგრამ ამავე დროს – ამავე რიგში და აი, ასეთი თანმინდევრობით მარადისობაა – უსასრულო რვიანი-8-სპირალი-წრე – ვისაც როგორც უნდა, ისე განჭვრიტოს და დაინახოს თავისი შეხედულების და განათლება-გემოვნების მიხედვით. წამი უნდა შეავსო, მიმდინარე და არა უსასრულო ჰორიზონტს უსწორო განუწყვეტელად ცივი და გაყინული მზერა, ოცნებას-ფანტაზიას გამოეკიდო, რომელსაც ვერასოდეს ვერ მიწვდები ჯერ და მერე უკვე ვერ დაეწევი, შესაბამისად, ვერც შეიგრძნობ ვერასოდეს, ვერცერთ სიცოცხლეში და ცხოვრებაში, ვერც ამ ცხოვრებაში, ბატონო ლაშა. მხოლოდ ამწამის თანმიმდევრული შევსება-წაკითხვა შენთვის განკუთვნილ მთლიან ტექსტსაც წაგაკითხებს ალბათ ბოლოში (რომელიც სინამდვილეში თავია- წამი- წერტილი) წვეთ-წვეთობით და თანდათანობით ცხოვრების აზრის მაძიებელ ადამიანს: უნიკალურ ტექსტს, განუმეორებელს, შენთვისვე ნამდვილს, ნამდვილ შენს თავს, იგივე, ნამდვილ შენს არსებას. იქ ყველაფერი წერია – წარსული, აწმყო და მომავალი, რომელიც სინამდვილეში ერთია, ერთდროულად გადის დიდ ეკრანზე, ეთერში, რომელსაც მხოლოდ უზენაესი გონება უშვებს და ხედავს ერთდროულად, როგორც ამბობენ, და ამასობაში შენც გიჩვენებს შენი მონდომების და შესაძლებლობების ფარგლებში. თუკი ოდნავ რთულად გამომივიდა, ან მოგეჩვენათ ასეთად, ბოდიში მკითხველთან. უბრალოება პირველია, ანუ იგივე უკანასკნელი-ბეჭედი ღვთისგან, უბრალოები იყვნენ დიდები, იგივე პატარები-სულით, გონებით გლახაკები, გონებით ყრმები – უქონელ-უსახლკარო მათხოვრებივით რომ ითხოვდნენ და სამყაროს უსასრულოდ მრავალ საიდუმლო უბეში ეძიებდნენ, ხანდახან კიდევაც პოულობდნენ გადამალულ ჭეშმარიტებას, სამყარ-ცამყარის უფსკერო ჭებში, იგივე ჭეშმარიტების უფსკრულებში, ხატოვნად.
– როგორც მწერალსა და პუბლიცისტს, გიყვართ მკითხველთან ურთიერთობა? აღქმის ესთეტიკის მიხედვით მკითხველი ტექსტის თანაავტორია…
– რა თქმა უნდა, ასეა და არამხოლოდ თანაავტორი, გამგრძელებელიც აუცილებლად მისი ნაქმნარის და ნაფიქრალის, თუკი შემოქმედება ნამდვილია იმ შემთხვევაში. გამგრძელებელი ნიშნავს, მკითხველი უხილავი არხით, გამტარით მიუერთდა მწერლის სიტყვიერ სხეულს, მიეწება-მიესისხლხორცა და მერე თავისებურად გადახარშა მწერლისგან მიღებული, თავის ღადარში გადაატარა, თავის ქურაში, თავის გამოცდილებაში ცხოვრებისაც და მხატვრული სინამდვილისაც, რომელიც იგივე მისი ცხოვრების შიგთავსია, შინაგანი ბუნება, არამხოლოდ მისი ცხოვრების, სავარაუდოდ, ნებისმიერი ადამიანის. რაც უფრო დიდია მწერალი და შემოქმედი, მით უფრო ასეა. ბოლოს და ბოლოს, პირველად იყო სიტყვა, ლიტერატურა კი ხელოვნებაა სიტყვიერების. რაც შეეხება ჩემს მკითხველთან ურთიერთობას, ფართო მკითხველს ჯერ არ უნახავს ჩემი წიგნები, არ წაუკითხავს, არც ვჩქარობ, მრავალტომეული მიდევს გამოსაცემად, დროს ველოდები, უფრო სწორად დრო მოიტანს, მოთხოვნა დროს და გარემოების, თუმცა გამოცემულიც მაქვს ესეების და პუბლიცისტური წერილების კრებულები, აჭარაში მათ შორის. აჭარაში გამოცემულ პოეტური ნაწარმოებების კრებულს ჰქვია „მე თქვენ გიმღერებთ ზღაპრის ბიჭის ნამდვილ სიმღერას.“ შეიძლება ვინმესაც ახსოვს, ძველებს, ახლებსაც, პუბლიცისტური წერილების კრებული „გზა“ – კი უკვე თბილისში გამოვეცი. ჰოდა, იმ „სიმღერას“ როცა გიმღერებთ, „გზაზე რომ შევდგები, უფრო ფართე და თვალდასანახ გზაზე ძიების – ფართო მკითხველთანაც ალბათ მაშინ შევალ უფრო ღრმა და ახლო ურთიერთობაში, ეს ნახევრად ხუმრობით და ნახევრად კიდევ სერიოზულად, როგორც ყოველთვის. ჯერჯერობით კი მხოლოდ ჩემს ფეისბუქის გვერდზე დამეგობრებულ ადამიანებს ვუკავშირდები, ძირითადად, ვირტუალურად, შეხვედრებიც გვქონდა უშუალო და ნამდვილი და ნამდვილი მეგობრებიც მყავს იმათ შორის, რეალური მეგობრები, ასე ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ვინ იცის, ვინაა სულით მეგობარი სინამდვილეში? ღმერთმა იცის და ცხოვრებამ მხოლოდ, რომელიც გიფურცლავს და გიმჟღავნებს წამდაუწუმ ჭეშმარიტებას ამ მხრივაც. გული კი გრძნობს მაინც ყველაფერს, გული განიცდის, გული გულთამხილავია, განწმენდილი გული ოღონდაც: სამყაროს ცენტრი. შემოქმედსა და მკითხველს შორისაც გულია მთავარი, თორემ, აბა, მარტო გონებით ხიდი სად გატარდება? საიდან? ხიდი-არხი და არტერია.
– ლიტერატურა და მხატვრული სიმართლე, როცა ამ საკითხზე ფიქრობთ… თავად თქვენთვის რა არის ინსპირაციის წყარო?
– ინსპირაციის წყარო ჩემთვის ცხოვრებაა, პირველ რიგში, რომელიც, როგორც ადრე ვთქვი, თავის შინაგანობას ატარებს, გვირაბივით შიგთავსს. იქ თუ არა ხარ შეშვებული, მაშინ ვისი მწერალი ხარ ან რისი პოეტი? და ვინ შეგიშვებს იქ? საშვს ვინ გიბოძებს? მხოლოდ ღმერთი, მხოლოდ გონება უზენაესი. შემოქმედი გეჩურჩულება – გკარნახობს სწორედ – შემოდი და შემოიმოქმედე ჩემთან ერთად, ჩემს არსებაში, ჩემივ ნებართვით, ანუ თანამოქმედი გახდი, უზენაესის შემოქმედი, ღმერთი შენი შემოქმედების ამას გავალებს, ამას გთხოვს, დანარჩენი მერე იწყება, ჯვარცმა პოეტის: გატყავება-ტანჯვა-სისხლდენა და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობა უზარმაზარი. აქ შეცდომას ვინ გაპატიებს? მით უმეტეს – დანაშაულს. დანაშაულია, სიმართლეს რომ არ წერ და არ ლაპარაკობ, ან – ვერ, ეს სულერთია. შენ ხომ იმიტომ ამოგირჩიეს და დაგანახეს სინამდვილე, ჭეშმარიტების რაღაც სეგმენტი, რომ გაანათლო ადამიანი, ანუ გაანათო, შინაგანიდან გამოაღვიძო. ცხოვრების შინაგან შრეში აუცილებლად სიზმარსაც ვგულისხმობ, ყოველ შემთხვევაში, წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისით და არა მხოლოდ – სიზმარიც ხომ არხია და პორტალი სხვა სინამდვილეში შესაბიჯებლად, განსხვავებული ინფორმაციის წყარო, ასე ვთქვათ, უფრო ღრმა და არამსოფლიური. ცხოვრებაც სიზმარია სულ განსხვავებულ პრიზმასა და სინამდვილეში, ბინდისფერ-წამიერი წუთის სოფელი. ასეთ შინაგან შრეებში რომ ვერა და ვერ ვიჭვრიტებით (მე, მაგალითად, სიზმარს შევუცვლივარ დიამეტრულად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სიზმრის სიუჟეტს გამოვუცვლივარ პიროვნულად და სიზმრის ველსაც, გარკვეულწილად), ალბათ იმიტომ ასე ადვილად ვკიდებთ ხელს კალამს, ან ფუნჯ-საჭრეთელს, მერე უცებ სახელს ვირქმევთ ზეცისგან ჩვენთვის არშერქმეულს. ვინ გვეკითხება? გამოჩნდება მაინც ხომ ალბათ რომელიმე საუკუნეში შოთა, ვაჟა ან გალაკტიონი, აუცილებლად შეგვახსენებს ჩვენს ნამდვილ სახეს, მოგვიჩენს ადგილს, სახელს დაგვარქმევს, ნამდვილ სახელს, არადროებითს. ზოგჯერ კეთილად დაგვცინებს კიდეც, ზემოთ ხომ მოვიყვანე მაგალითად სტროფი გალასი, თავის თანამედროვეებს რომ ირონიულ-რბილად მიმართა. მაინც ვწერთ, ვქმნით, იმიტომ, რომ გვეწერინებ-გვექმნევინება. რას იზამ, ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს და ჩვენი პატარა საკეთებელი, ან – დიდი, იქ გაგვიმარჯოს. ყველა დიდი ვერ იქნება და იქნება აუცილებლად ბევრი პატარა, ჩვენც იმათ შორის. იშვიათ შემთხვევაში – არა. თუკი ასეა, ეს დიდი ბედნიერებაა და დიდი ტანჯვაც. გაგვეძლოს.
– ციფრულ სამყაროში შევაბიჯეთ, ცვლილებები ლიტერატურაზეც აისახება, ახლა ლაპარაკობენ ავტორის დემოკრატიზაციაზე, ციფრულ მომხმარებელს საშუალება აქვს, შექმნას საკუთარი კონცეპტი…ჩნდება კითხვა: კოლექტიური წერის ძალა რამდენად შეცვლის ადამიანს და მის გარემოს? მწერლებს რა ბედი ელის?
– მტკნარი სიცრუეა ეს ყველაფერი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ და გულწრფელად, ვერავითარი ცივი და მშრალი ციფრი ვერ შეცვლის ერთ კონკრეტულ ადამიანს, აქიდან გამომდინარე განუმეორებელს, უნიკუმს. ვერავითარი ციფრული სამყარო, კოლექტიური წერა და ცნობიერება ნამდვილ მწერლობას და მწერალს, კლასიკოსს ვერ შეცვლის და ვერ ჩაანაცვლებს, არა იმიტომ, რომ ციფრი არაფერს ნიშნავს, ციფრების სამყარო. ასე მარტივად არ გამიგოთ და ზედაპირულად, ასეთი სიცარიელიდან არ მოვდივარ და არც გესაუბრებით ნამდვილად, არც ვცხოვრობ ასე არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მოდით, ჩავუღრმავდეთ: ადამიანს აქვს გული, რომელშიც გონება ჩადის და პირიქით, გონებაში ადის გულში ნაფიქრი და უხილავად ნამოქმედარიც, ჩუმად. ასე ვითარდება ადამიანი, ერთდება-მრთელდება და მთლიანდება, ასე უბრუნდება ის ისევ ღვთის ხატს და იქცევა მის ინსტრუმენტად, უზენაესის, ანუ იგივე საღმრთო პოტენციის და რესურსის ამმოქმედებლად, რეალიზების გზაზე დგება, ანუ ღვთისთვის მუშაობს, ღვთით, თავის განუმეორებელ ჯვარში და ტალანტში ჯდება, სამკვიდრებელში. ადამიანის ტალანტი მისივე ჯვარშია ჩაკერებულ-ჩაგვირისტებული, მხოლოდ, ღმერთისგან ბოძებულ. ჯვარი არის უსასრულო გონიერება და ამავე დროს ინფორმაცია განუსაზღვრელი – ჯვრის საიდუმლო. იქ ხდება გულის-გონიერის ამუშავება, ანუ ადამიანის გაცოცხლება, „სამოსელი პირველის“ გზაზე დაბრუნება, მამის გზაზე, შინისკენ. გულის-გონიერის ამოქმედების გარეშე კი ადამიანს ნამდვილი საქმეების განხორციელება, პრაქტიკულად, არ შეუძლია, საგნად ქცევა ნააზრევის, საქმედ ქცევა – უზენაესის გონებიდან მომდინარე ხორციელების. პრაგმატულ-მერკანტილური საქმეები სხვაა, მხოლოდ სუბიექტს ეკუთვნის, უფრო ზუსტად – მხოლოდ მის „ეგოს“. ზედმიწევნით და დაზუსტებით. მხოლოდ ასეთი „ეგო“ -„საქმეების“ განუწყვეტელი და მიზანდასახული „კეთებით“ ჩვენ ნელ-ნელა, ჩვენთვისაც შეუჩნევლად, მიუწვდომლად უკიდურეს მატერიალისტებად ვიქცევით, ცივ ციფრ-რობოტებად. საშინელებაა ნამდვილად. სწორედ ამ დროს საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოულოდნელად ავანსცენაზე ხილულად გამოდის ღმერთი, ხორცშესხმულად და ხელშესახებად ავატარების სახით („ავატარა ღმერთის გარდამოსვლაა კაცში და არა კაცის აღსვლა ღმერთამდე, ავატარების გამოჩენა კაცობრიობის ისტორიაში დიდი კრიზისების მაუწყებელია“). ვთქვათ, გალაკტიონის სახით „რევოლუცია“ მოვარდება ღვარცოფივით და „რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს“ დაატრიალებს (ეს ტელევიზიით დადგმული „ვარდების რევოლუცია“ არ გეგონოთ, ანდა რუსთაველზე „განხორციელებული“ ვითომდა „მშვიდობიანი რევოლუცია“). ეს არის შიგნიდან წამოსული ვულკანი-ლავა – კრიზისები ამიტომ ხდება, იგივე ცვლილებები ბერძნულად – ბაბილონის გოდოლის რღვევა, ადამიანის გონებითი ამპარტავნების პარადიგმის კედლის მორყევა-მორღვევა, მაშინ იწყება მეტამორფოზა, ნამდვილი ცვლილებები მაშინ იწყება. ეს არაერთგზის ყოფილა და არაერთგზის განმეორდება კაცობრიობის ისტორია-სპირალ უსასრულო რვიანის განმავლობაში. ღმერთი გულთამხილავია, იგი ჩვენს გულებს ხედავს და შესაბამისად გულების გაცივებასაც, მოქმედებს კიდეც შესაბამისად, ზოგჯერ მკაცრად, სასტიკად, თუმცა, ეს სისასტიკე ჩვენთვის წყალობაა, საბოლოო ჯამში, როგორც წყალობა გარდაისახებ-წარმოჩინდება. რამდენი სიტყვა უკავშირდება ქართულ ენაში „გულს“, დავუკვირდეთ. ეს სიტყვები სადღა წავიღოთ თუ წავიყვანოთ გულგაცივებულმა, ციფრებად თუ რობოტებად ქცეულმა ადამიანებმა (ციფრს განსულიერება ასულდგმულებს – ეს დიდმა და ნამდვილმა ქურუმმა, აწ განსვენებულმა რამაზ პატარიძემ მასწავლა ჯერ და მერე ჩვენმა დიდმა ქართული ჰემატრიის მცოდნემ და მასწავლებელმა, ბატონმა ალიკო ცინცაძემ, ღმერთმა დიდხანს აცხოვროს და აჯანმრთელოს, შევხებივარ ერთსაც და მეორესაც ძალიან ახლოს, მადლობა უფალს ამ პატივისთვის): გულმოდგინება, გულმხურვალება, გულადი, გულისხმიერი, გულისყური, გულთამხილავი, გულთბილობა, გულცივობა და ვინ იცის, კიდევ რამდენი „გული“ არის ქართულ სიტყვა-ცნებებში გამოხატულ-გამოსახული. ჰოდა, გულცივობა რომ არ დაგვჩემდეს, გავიმეოროთ ხშირად ერთი შეხედვით უმარტივესი სიმღერის ფრაზა, უცნობილესი: „გული ჩემი თვალებია“… აქ უკვე შეიძლება ცივი ციფრები დავივიწყოთ, ცივები, თორემ, გამთბარი ციფრებისგან შედგება და აგებულია კიდეც ჩვენი სამყარო, განსულიერებულ-გაადამიანურებული ციფრებისგან. მათთან რა უნდა მექანიკურ მეხსიერებას? რა ესაქმება? ან როგორ მოერევა მათ – რა სულით და ძალმოსილებით?
– სამომავლოდ რას შესთავაზებთ მკითხველს, რომელი ჟანრის ნაწარმოებებს? წიგნად როდის ვიხილავთ?
– ნაკლებად ვფიქრობ ამაზე, ან სრულებითაც არა, თუ დამიჯერებთ. ჩემთვის იქნებაა მხოლოდ იქნება, დანარჩენი ოცნებაა მომავალზე, ფანტაზიები. ჩემთვის მარტო არა ალბათ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად მოქმედებს, ყოველწამიერ-ყოველჟამიერ აკეთებს საქმეს. ამწამით ცხოვრება, ამჟამით, ზუსტად აწმყოთი ცხოვრება ნიშნავს, იგივე, ხვალემ იფიქროს ხვალისაო რომ იტყვიან, ქრისტიანულად, ხომ გვასწავლიან მოციქულები? ეს ღრმად ქრისტიანული ალგორითმი თუ ფორმულა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიბრძნეა, პრაქტიკულად, საინტერესო და საგულისხმო სიბრძნე წმინდა წერილიდან მომდინარე და ადამიანურ ენაზე გამოხატული. ვინ იცის, რა მოხდება ხვალ? თუნდაც დღეს რაც ხდება ჩვენ ირგვლივ და შემოგარენში, გუშინ ვიცოდით? წარმოგვედგინა ჩვენს თავს რაც ხდება, ის მოხდებოდა? აბა, დავფიქრდეთ. შორს ნუ წავალთ, საკუთარ თავში ჩავიხედოთ, საკუთარ ცხოვრებაში და იქიდან ამოვიდეთ. არ ღირს, ჩემი აზრით, ენერგიის ფუჭი ხარჯვა ხვალეზე ფიქრით, ძირითადად, ოცნებაა მაინც ფუჭი ფანტაზიები. მთავარია ხვალ გავიღვიძოთ, უფალს მადლობა შევწიროთ და შევუდგეთ საქმეს. მარტივად. წმინდად ლიტერატურული თვალსაზრისით, ჩემი ჟანრი ესეა, პოეტური ესე, ასე ვთქვათ, ლექსს ვერ დავარქმევ. დედათქვენის, ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძის რედაქტორობით ხელვაჩაურის რაიონული გაზეთი გამოდიოდა წარსულში, „ოქტომბრის გზით“ ერქვა, გემახსოვრებათ. იქ დავიწყე წერა, ესეების მათ შორის, თავისთავად გამომივიდა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ახლა „კახაბერი“ ჰქვია იმ გაზეთს, თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიიდან მოყოლებული ასე შეარქვეს, შესანიშნავი სახელია, ზუსტი. ძალიან მოწესრიგებული გაზეთი იყო, მახსოვს, პატარა, დახვეწილი, გემოვნებიანი, ღრმად ინფორმაციულიც, ამასთან, რაიონული გაზეთის კვალობაზე. მიყვარდა ეს გაზეთი, კოლექტივი მიყვარდა, ადამიანები, პროფესიონალები თავისი საქმის. რაც მთავარია, მას უნიჭიერესი პოეტი ჰყავდა მთავარ რედაქტორად და ლიტერატურის ნამდვილი დეგუსტატორი დედათქვენის სახით.
– კოსმოსურ მოგზაურობებზე ალაპარაკდნენ უკვე, საინტერესოა ხომ? თავად ისურვებდით თუნდაც მარსზე გამგზავრებას? და თუ კი – რომელ წიგნს გაიყოლიებდით?
– ჩვენ ისედაც მარსზე ვართ მგონი, ბატონო ლაშა, იმდენად სხვა განზომილებაში მოვხვდით თუნდაც ამ ინტერვიუში, ვაზროვნებთ იქ, ვცხოვრობთ კიდევაც იქ, საკუთარ თავს იქ მოვიაზრებთ, საკუთარ არსებებს. ასე არ არის? თან ეს ყველაფერი თანდათან მოხდა ჩემს ცხოვრებაში, დღიდან-დღემდე, წამიდან-წამამდე, ღამიდან-ღამემდე, როგორც იტყვის ახალგაზრდული ერთი სიმღერა, როგორც იმღერებს. მთავარია მზე ამოვიდეს, სხვა მზე, ის არა, მზეო, ამოდი, ამოდიო, რომ ეტყვის კაცი, რომ შესძახებს და მერე თაობები დაიმახსოვრებს, დრო-უდროობა-უსაათობა. ეს თუ არ მოხდა, შაურია ფასი ამ ცხოვრების და იმ ცხოვრებისაც, რომელსაც გვპირდებიან, ზოგი – ჯოჯოხეთს, ზოგი – სამოთხეს თვალუწვდენელს შაქარზე უტკბესს. აქ თუ არ იწყებ მოგზაურობას, სულ სხვა სივრცეში, რომელიც ისევ შენშია – მხოლოდ, მხოლოდ შენში, ადამიანო, იქ რას აპირებ? გაგარინი ხომ არა ხარ, მართლა და მართლა. მიდი, ჰა და იმოგზაურე: მარსზე ხარ, ვენერაზე, ანდა კიდევ დედამიწაზე და მერე რა? ვენერა გიშველის შენ, თუ თავად არ შეიცვალე? – შინაგანი სამყარო შენი, რომელიც კოსმოსია ამავე დროს, ზეკოსმოსი, მიკროკოსმოსი, ანდა მაკრო, როგორც გინდა ისე დაარქვი და მოიაზრე. მოკლედ, მარსზე ვართ, ჩათვალეთ ახლა, ბატონო ლაშა, კი ნუ ჩათვლით, ასეც ხდება სინამდვილეში, თუკი მივწვდებით შინაგანიდან, ჩავწვდებით, ჩავშლით – არა. ტექნიკის გამოყენებით, ოღონდ, ბილეთშეძენილ მოგზაურობით. არა. რომელ წიგნს გავიყოლიებ? პირველ რიგში, წმინდა წერილს აუცილებლად.
– დრო, დრო აღნიშნე, ამბობდა ერთი მწერალი… ეს მოწოდება ლოკალურად თუ უფრო გლობალურად უნდა აღვიქვათ? თარიღებს უთითებთ თქვენს ტექსტებზე?
– დროზე ადრეც ვილაპარაკეთ ამ ინტერვიუში. დრო ჩემთვის უდროობასაც ნიშნავს, ეს გითხარით, დრო თუ წამია – მარადისობა გამოდის მაშინ – წამშია მარადისობა: იგივე ახლა. წამი კიდევ წამზომის ჩართვით იწყება, ეს წამზომი აქ ჩართულია, ამ ცხოვრებაში, როდესაც დაიბადე მაშინ, როდესაც გაჩნდი. იმ ცხოვრებაში – არა? იქ. სანამ გაჩნდებოდი, მანამ რა იყო? რომ გარდაიცვლები მერე რა იქნება? ასი წლის შემდეგ. აღარ იქნება – დრო-საათი და ციფერბლატი, ისარი, თუგინდ დროს რომ დაითვლის-დააფიქსირებს. ანუ იქ არ ჩართულა ეს წამზომი, მარადიული შენი სიცოცხლის სინამდვილეში. პირობითია ეს ყველაფერი, დათქმა. მოდით, მარტივად შევხედოთ უფრო, პრიმიტიულად: ადგა ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცა, ალბათ ჩვენზე ჭკვიანი და საათი გამოიგონა დროის ათვლისთვის, ციფერბლატი მიაკრა დაფას, მერე ისარი. და ეს არის დრო? ჭეშმარიტებას რა კავშირი აქვს ადამიანის ამ ქმედებასთან? საკითხავი აი, ეს არის. ჩემთვის, პირადად, არავითარი თარიღი არ არსებობს თავისთავად მშრალი თუა, უსულგულო-უშინაარსო, მხოლოდ რიცხვები, არ მაინტერესებს ასეთი, ვერ ვიმახსოვრებ, თუნდაც დიდი ადამიანის დაბადების თარიღი იყოს, ანდა კიდევ გარდაცვალების, სულერთია. რას მეუბნება იგი? რას მასწავლის და რას მამახსოვრებს? ვის? თუკი ავტორის ნაწარმოებებს ვიმახსოვრებ ამით, ვთქვათ, იმის შექმნილს და იმის ნააზრევებს, ეს კიდევ სხვაა, ღირებული, ნამდვილი, არა მშრალი თარიღი და მხოლოდ რიცხვები, არამედ უფრო მოვლენა, შინაგანი ბუნება მისი და ხასიათი. იგივე შეიძლება ითქვას ომებზე და სხვა პოლიტიკურ თარიღებზე ისტორიიდან. ამ დროს დაიწყო და იმ დროს დამთავრდა. და მერე რა? მთავარია რა მოხდა მაშინ, რით შეიცვალა ქვეყანა-ერი-სამყარო და ადამიანი? ეს – ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არავის ვახვევ თავს ამ მოსაზრებას, სულ უბრალოდ გესაუბრებით: რიგითს – რიგითი. რაც შეეხება, ვაწერ თუ არა თარიღებს ჩემს მიერ შექმნილ ნაწარმოებებს, კი, ვაწერ. ჯერ ერთი, ესეებია და იმიტომ, პატარ-პატარა ნაწარმოებები და მერე მეორე, უფრო მთავარი: ჩემთვის თითოეული თარიღი მდგომარეობაა სულის, ჩემთვის განვლილი გამოცდილება შინაგანისთვის, ის კი ნამდვილად მამახსოვრდება, მესმის და უფრო მოქმედებს ჩემზე. რვიანია სუყველაფერი – 8 – ეს კი გითხარით, ანუ იგივე უსასრულო-მარადისობა, სადაც ყველაფერი მეორდება ღრმა სპირალივით, წრესავით, უკანა წინ გხვდება, წინა – უკან. ამიტომ ჰქვია ქართულ ენაში ძველს წინაპარი, წინმავალი ანუ მატარებელი უხსოვარი მეხსიერების. დრო არ არსებობს სინამდვილეში, ჩემი გაგებით, ასე ვფიქრობ, ასე ვგრძნობ და ასე განვიცდი. რა ვიცი, აბა, ბატონო ლაშა, ეს მემართება. ჩათვალეთ, რომ აღსარებაა საჯარო და შეიძლება, ვცდები კიდევაც ამ ყველაფერში, კიდეც მეშლება. მკითხველმა განსაჯოს.
– უკვალოდ არაფერი ქრება, ჩვენ გვაქვს ორგვარი მეხსიერება: გონისმიერი და გულისმიერი…თქვენ უპირატესობას რომელს ანიჭებთ?
– ზუსტად ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გამომივიდა წინა პასუხშიც ნაწილობრივ. მექანიკურ მეხსიერებას ვუწოდებ ჩემს გონებაში იმას, რასაც თქვენ გონებისმიერი უწოდეთ, ალბათ იგივეა. პირადად მე თითქმის არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ასეთ გაცივებულ მეხსიერებას, არაგულჩადგმულს და შესაბამისად? არც გულგამთბარს, რა თავში ვიხლი: აქ ეს მოხდა, იქ – ის. და მერე რა? ძალიან ხშირად, უკიდურესად ინფორმირებულმა ადამიანებმა საკუთარ თავსაც ავნეს და საზოგადოებასაც მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, „ენციკლოპედიური განათლების“ მქონეებმა, ასე ვთქვათ, როგორც უწოდებენ ხშირ შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა, მენტალურიც და ფსიქოლოგიურიც. სინამდვილეში არავითარი განათლება არ არსებობს ხარშვის მიღებული ინფორმაციის: საკუთარ სააზროვნო ორგანიზმში გადახარშვის გარეშე. გული-გონიერი – ჩვენ უკვე ზემოთ ვილაპარაკეთ ამის შესახებ. ასე უკავშირდება კაცი შემოქმედს, ადამიანი, თანამოქმედებაში გადის კავშირზე. თუკი ეს კავშირი არ აღსდგა და ეს ვერტიკალი – თუკი ცოცხალი დენი არ გაგიტარდა უზენაესის – იგივ სიცოცხლე – რაში გვინდა მაშინ ცხოვრება? რაში გვჭირდება, რისთვის მოვედით? ინფორმაცია რომ დავაგროვოთ? კი, ბატონო. ჭამე და ჭამე, არც დაღეჭო, არც მოინელო, ვერც მოინელებ ვერასოდეს სინამდვილეში, რადგან შენი პირადი სააზროვნო ორგანიზმი არ ჩართულა და არ ჩარეულა ამ პროცესში, როგორც გითხარით, შესაბამისად, ვერც უგემია პროცესის გემო, ვერც შედეგები. ამას ჯობია თათქარიძესავით წამოწვე და ჭამო და ჭამო, იქ კი ფიზიკურ საჭმელს ვერ მოინელებ, აქ – სულიერს. სულიერად მოიწამლები, გონებით. ეს სჭირს, დღეს სრულიად სამყაროს, ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას სინამდვილეში ეს სჭირს ზოგადად, ეს ემართება. ის დატყაპუნობს ინფორმაციის ზედაპირზე, სიღრმეს არ ეძებს. ვერ ეძებს, ვერა, ნერვები არ ყოფნის და არც განათლება, სულიერი განათლება მაქვს მხედველობაში, არამხოლოდ ინფორმაცია, რომელსაც გონებითი მეხსიერება იმახსოვრებს სწორედ და არა გულისა. სითბო სიღრმეს ახლავს და ფსკერიდან მოდის-მოედინება. წყალშიც ასეა და ამ ცხოვრებაშიც, ბატონო ლაშა, მგონი არ ვცდები. „უკვალოდ არაფერი ქრება“. ეს აქცენტი გამომეპარა თქვენი კითხვიდან. ნამდვილად. მენტალური გამოცდილება გადამწყვეტია, კვალი წინაპრის, ასევეა ისიც – 8. მუდმივი განმეორებადობა – სპირალი: სამუდამო კავშირი ღმერთთან.
– დამშვიდობებისას რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?
– მომავალი არ არსებობს, ხომ შევთანხმდით, ეს წამია ჩვენთვის წარსულიც და მომავალიც. ეს ინტერვიუც ამწამს განმაცდევინეთ, აწმყოში და მადლობა თქვენ, ბატონო ლაშა, გაზეთ „აჭარის“ მონატრებულ მკითხველს რომ შემახეთ კიდევ ერთხელ, ჩემთვის მშობლიურ მკითხველს, ჩემი კუთხის, ჩემი სულის და ჩემი ცხოვრების. ასე ვგრძნობდი ყოველთვის და ასე ვგრძნობ დღესაც: ძალიან ღრმაა ბათუმი, აჭარა, ღრმაა, თავმდაბალი, მომთმენი, ისტორიული ძნელბედობით დაბრძენებული და დატვირთული. რა უნდა ვუსურვო ასეთ ხალხს და ასეთ მდინარეს იმაზე მეტი, რაც გააჩნია? მდინარეს, ჰო, რადგან აჭარა რომ ჩემთვის მდინარებს, ისე არავინ სხვა. გაზეთი „აჭარა“ მარტო კი არ მყავს მხედველობაში (მყავს, რადგან ზუსტად ვიცი, ძლიერი იყო ეს რედაქცია პროფესიულად და ძლიერი იქნება დღესაც იმ ტრადიციის გამგრძელებელი – იმავე ფესვზე – სხვა გზა არ რჩებათ ადამიანებს, როგორც ყოველთვის) აჭარა – კუთხე საქართველოსი. ძირძველი აჭარაო რომ ვთქვა, ძალიან მოძველებულად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს ეს ცნება და ეს გამოთქმა, ძირახალით რომ შეიცვალოს, ეს ტერმინიც მოძველდება ალბათ ოდესმე. მეტი რა გითხრათ, ჩემო ბატონო ლაშა და ჩემო აჭარლებო, გურულებთან ერთად, ჩვენებთან, ყველასთან, კუთხეების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს. შორია-შორი გურჯისტანამდე, ჩემო ძველებო, ჩემო ახლებო და ახლობლებო, ჩემო კარგო ქვეყანავ, რომელიც, თანამედროვე გლობალიზმის ენაზე, წინწასულებზე ბევრად მეტად მეჩვენება და დიადად და საუკუნეების წიაღში ჩარჩენილებზე კიდევ ბევრად ძლიერად, მტკიცედ და წარუშლელად. ასეცაა სინამდვილეში…
ლაშა ხომერიკი